თეა გვეტაძე (1971) რიგაში (ლატვია) დაიბადა; ამჟამად მოღვაწეობს თბილისში. თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის დასრულების შემდეგ, 1993 წელს იგი ამსტერდამში გადავიდა სწავლის გასაგრძელებლად რიტველდის აკადემიაში (Rietveld Academy), რის შემდეგაც დიუსელდორფის სამხატვრო აკადემიაში სწავლობდა.
მისი პერსონალური გამოფენები იმართებოდა შემდეგ სივრცეებში: LC Queisser (თბილისი), M HKA (ანტვერპენი), გალერეა ნექტარი (თბილისი), ოსტვალის მუზეუმი (დორტმუნდი) და ვენეციის მე-50 ბიენალეს საქართველოს პავილიონი (2003). გვეტაძეს ასევე მონაწილეობა აქვს მიღებული გამოფენებსა და პროექტებში შემდეგ პლატფორმებზე: Art in General (ნიუ-იორკი), კობრას მუზეუმი (ამსტელვეენი, ნიდერლანდები) და ქარვასლა — თბილისის ისტორიის მუზეუმი.
თეა გვეტაძე თავისუფალი უნივერსიტეტის ვიზუალური ხელოვნების, არქიტექტურისა და დიზაინის სკოლის (VA[A]DS) პროფესორია.