menu

ქეთევან მაღალაშვილის ექსპოზიცია


ქეთევან მაღალაშვილის ექსპოზიცია

ATINATI-ს კულტურის ცენტრი ერთ-ერთი გამორჩეული ქართველი ფერმწერისა და პორტრეტისტის ქეთევან მაღალაშვილის (1894-1973) გამოფენას მასპინძლობს. ექსპოზიციაზე წარმოდგენილია ქეთევან მაღალაშვილის 19 ნამუშევარი, რომელიც ATINATI-ს კერძო კოლექციაშია დაცული. მხატვარი საკუთარ თავს პორტრეტისტად მოიხსენიებდა, თუმცა ქეთევან მაღალაშვილის შემოქმედებაში გვხვდება ნატიურმორტიც და პეიზაჟიც. ჟანრული მრავალფეროვნებაა წარმოდგენილი გამოფენაზე, გარდა ამისა, ATINATI-ს კოლექციაში დაცული თითოეული ნამუშევარი მხატვრის შემოქმედების მნიშვნელოვან მიგნებებს გადმოსცემს. იმისათვის რომ პორტრეტებში მხატვარს ერთფეროვნება გადაელახა, ის დიდ ყურადღებას აქცევდა მოდელის სხეულის დაყენებას, მისი მზერის ტრაექტორიას, ხელების მდგომარეობას და ფონს. ქეთევან მაღალაშვილი 

ფერ-სინათლის რეჟისურის დიდოსტატია. ის სასურათე სიბრტყეზე ქმნიდა პორტრეტირებულის ფსიქოტიპის მიხედვით ანტურაჟს. გამოფენაზე ასევე წარმოდგენილია მრავალფეროვანი გრაფიკული ნამუშევრები, რომლებიც უმნიშნელოვანეს „ნიუ“ს სტილის ნიმუშებია.  


ქეთევან მაღალაშვილი დაიბადა ქუთაისში. მალევე ოჯახი გადმოვიდა თბილისში, სადაც მხატვრის მიერ გამოვლენილმა ძლიერმა ლტოლვამ განსაზღვრა მისი სწავლის გაგრძელება „ტფილისის ნატიფ ხელოვნებათა ხელისშემწობი საზოგადოების ფერწერის და ქანდაკების სკოლა“ში. იქ მისი პედაგოგები იყვნენ: ოსკარ შმერლინგი, იაკობ ნიკოლაძე, ლუდვიგ ლონგოსი, მოსე თოიძე და ჰენრიკ ჰრინევსკი. ამის შემდეგ იწყება ქეთევან მაღალაშვილის განათლების სრულყოფა მოსკოვის, გერმანიისა და პარიზის სამხატვრო სკოლებში.


გამოფენის ხანგრძლივობა
7 თებერვალი 2025 - 31 მარტი 2025