menu

მამუკა ცეცხლაძის პერსონალური გამოფენა „არქივარიუსი“


მამუკა ცეცხლაძის პერსონალური გამოფენა „არქივარიუსი“
მამუკა ცეცხლაძის პერსონალური გამოფენა „არქივარიუსი“ ATINATI-ის სახელოვნებო ცენტრში


ATINATI-ის სახელოვნებო ცენტრი წარადგენს ქართველი მხატვრის, მამუკა ცეცხლაძის პერსონალურ გამოფენას „არქივარიუსი“, რომელიც აერთიანებს ავტორის მიერ 1980-იანი და 1990-იანი წლების განმავლობაში შექმნილ ნამუშევრებს.


მამუკა ცეცხლაძე (დ.1960) თანამედროვე ქართული ხელოვნების ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ფიგურაა.
გამოფენაზე წარმოდგენილი პერიოდი ასახავს მხატვრის შემოქმედების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ეტაპს. ეს ნამუშევრები სწორედ იმ პერიოდშია შესრულებული, როდესაც მხატვრი მჭიდროდ იყო დაკავშირებული ქართული თანამედროვე ხელოვნების ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან არაფორმალურ გაერთიანებებთან „არქივარიუსი“ და ე.წ. „მეათე სართული“. 1984 წელს მამუკა ცეცხლაძემ, კარლო კაჭარავასთან, გია ლორიასთან და გოგა მაღლაკელიძესთან ერთად, დააარსა ავანგარდული სახელოვნებო ჯგუფი „არქივარიუსი“, რომელმაც მნიშვნელოვანი კვალი დატოვა თანამედროვე ქართულ ვიზუალურ ხელოვნებაში. 1985–1986 წლებში „არქივარიუსის“ ირგვლივ ჩამოყალიბდა უფრო ფართო არაფორმალური გაერთიანება მეათე სართული. ეს უკვე არა მხოლოდ ოთხი მხატვრის, არამედ ახალგაზრდა ავანგარდისტების უფრო დიდი წრის ცენტრი გახდა.
გამოფენას განსაკუთრებული ემოციური დატვირთვა აქვს. მამუკა ცეცხლაძე ამ გამოფენას უძღვნის ლიკა კაჭარავასა და კარლო კაჭარავას მარადიულ ხსოვნას. კარლო კაჭარავა 1994 წელს გარდაიცვალა, მისი გარდაცვალების შემდეგ, ლიკა კაჭარავამ მთელი ცხოვრება მიუძღვნა კარლოს შემოქმედების პოპულარიზაციას. ლიკა კაჭარავამ სამწუხაროდ სულ ცოტა ხნის წინ დაგვტოვა. მამუკა ცეცხლაძეს მათთან განსაკუთრებული მეგობრობა აკავშირდებდა. გამოფენაზე ასევე წარმოდგენილი იქნება კარლო კაჭარავას რამდენიმე ნამუშევარი და საარქივო ფოტო მასალა.


გამოფენაზე წარმოდგენილი ნამუშევრების ნაწილი დაცულია ATINATI-ის კერძო კოლექციაში, ხოლო ნაწილი სხვა კერძო კოლექციასა და მხატვრის პირად საკუთრებას წარმოადგენს.