menu

ოლეგ ტიმჩენკოს ფერწერული პოეზია

“Stand Against” - ქართული მხატვრობის უახლესი ისტორიის ერთ-ერთი იკონური პერფორმანსი 1991 წლის თბილისის ერთ დეპრესიულ დღეს კომეურნეობის მოედნის მიწისქვეშა გადასასვლელის ვიტრინასთან ნახა შემთხვევითმა გამვლელმა. ცოცხალი სკულპტურები - ოლეგ ტიმჩენკო და ნიკო ცეცხლაძე ოქროსფრად შეღებილი სახეებით გაუნძრევლად იდგნენ ვიტრინის მიღმა მანეკენებივით, ბოლოს მინა გამოამსხვრიეს, გარეთ გამოვიდნენ და გზა გააგრძელეს. არტ პერფორმანსების შესახებ მაშინ საქართველოში ძალიან ცოტამ იცოდა, ასევე ძალიან ცოტა იყვნენ ისინიც, ვინც ამაზე ისაუბრებდა, ანალიზს გააკეთებდა; არ იყო ველი, სადაც საზოგადოება ამ ინფორმაციას ნახავდა და მერე იფიქრებდა, თავის აზრს გამოთქვამდა. თვითონ ხელოვანების მხრიდანაც შეიძლება ითქვას, ნაწილობრივ გაუცნობიერებელი ქმედება იყო, მათი მოტივაცია თანამედროვე ხელოვნების ენით მეტყველება იყო, რაც ადგილობრივ სივრცეში სრულიად უცხო ენად აღიქმებოდა. ნებისმიერ შემთხვევაში, ამ ნამუშევარმა ხელოვანების მაღალი მგრძნობელობა და ინტუიცია დაადასტურა და ვიზუალურ-სხეულებრივი ჟესტით გამოიხატა მთავარი გზავნილი: სტაგნაციაში, საკუთარ პრობლემებში ჩაკეტილ საზოგადოებას სჭირდებოდა თუნდაც აგრესიული ნაბიჯის გადადგმა, ბარიერის გადასალახად შუშის დამსხვრევაც. მოგვიანებით, როცა 1990-იანების ქართული ხელოვნების შესწავლაც დაიწყო, მკვლევრებიც გამოჩნდნენ, “Stand Against” უფრო მეტად დაფასდა და იმ პერიოდის კულტურის მნიშვნელოვან მოვლენადაც აღიარეს.




ოლეგ ტიმჩენკოს და ნიკო ცეცხლაძის პერფორმანსი "შეეწინააღმდეგე" 1991


ოლეგ ტიმჩენკო პერესტროიკის პერიოდში ჩამოყალიბებული ჯგუფის - „მეათე სართულის“ ერთ-ერთი ძლიერი სახეა, მისი შემოქმედება ძალიან მრავალფეროვანი და მგრძნობიარეა, პოეტურობა კი ერთ-ერთი მთავარი მახასიათებელი და მუდმივად აჩვენებს ტრანსფორმაციის საოცარ უნარს, როცა მძაფრსა და შემტევ ჟესტებს შეიძლება მოჰყვეს ძალიან რომანტიკული და მგრძნობიარე განწყობები. სერია ნოსტალგია (2004) ოლეგ ტიმჩენკოს მხატვრობის დამფასებლებისთვის ერთ-ერთი საყვარელი თემაა. ეს არის მცირე ზომის ტილოების კოლექცია ქალაქის ძველი უბნების ფრაგმენტებით,  გადმოცემული ისეთი ღრმა ემოციური განცდით, როგორიც შეიძლება ჰქონდეს ადამიანს, რომელიც დიდი ხნის მერე ხედავს მისი ბავშვობის მოგონებებთან დაკავშირებულ სახლს, ქუჩას, ეზოებს, რომლებსაც თითქმის მივიწყებული ისტორიები შეუძლიათ გააცოცხლონ. ეს ფერწერა ძალიან ზუსტად გადმოსცემს ატმოსფერულ მდგომარეობას, ცივ ამინდს, ქუჩის განწყობას შებინდებისას, ძველი ნაგებობების რთულ, შერეული ტექნიკით აგებულ დეტალებს, მცენარეებს.



ოლეგ ტიმჩენკო. სერიიდან "ნოსტალგია". ტილო, ზეთი. 50x70. 2004


ოლეგ ტიმჩენკო. სერიიდან "ნოსტალგია". ტილო, ზეთი. 50x60. 2004


ოლეგ ტიმჩენკო. სერიიდან "ნოსტალგია". ტილო, ზეთი. 50x60. 2004


ბუნების გადმოცემა ოლეგ ტიმჩენკოს ნამუშევრებში სიმბოლისტური მხატვრობის ტრადიციის ალუზიებით ხდება, - იდუმალი, ზღაპრისეული სამყარო თავისი სპირიტუალური განწყობებით, ბუნდოვანი პერსონაჟები, რომლებიც რაღაც საიდუმლოს ატარებენ, ირგვლივ კი უცნაური დაძაბულობაა თავისი შიშით, გაურკვეველი მოლოდინებით, ეროტიზმით და ჯადოსნური ხილვებით. ამ კომპოზიციებში ამოსაცნობია ბაროკოს მოტივები თავისი რაკურსებით, მდიდრული დეტალებით, რეალურისა და მითოლოგიურის ნარევით, კონტრასტებით შექმნილი სანახაობრივი ეფექტებით.


ოლეგ ტიმჩენკო. "ჯუჯა". ტილო, ზეთი. 70x55. 1990-ები. ATINATI-ს კერძო კოლექცია



ოლეგ ტიმჩენკო. "თავადი ვეფხვი". ტილო, ზეთი. 130x140. 1990


ოლეგ ტიმჩენკო. "ხის საიდუმლო". ტილო, ზეთი. 150x200. 1990



ოლეგ ტიმჩენკო. "თავადი". ტილო, ზეთი. 200x170. 1990.  ATINATI-ს კერძო კოლექცია


ოლეგ ტიმჩენკო. "ჰარემი (დღე)". ტილო, ზეთი. 50x60. 2006.  ATINATI-ს კერძო კოლექცია


ოლეგ ტიმჩენკოს პოეტურ მხატვრობაში ისტორიის მძიმე ეპიზოდები, სადაც პერიოდულად ჩნდება ომის, მებრძოლების, ძალაუფლების დემონსტრირების სხვადასხვა გამოსახულებები, ლაკონიური და მკვეთრი გზავნილებით გადმოიცემა, ერთგვარად „შემსუბუქებულია“ პოპ-არტისთვის სახასიათო გროტესკული მანერით, თუმცა, ამით დრამატიზმის ხარისხი არასდროს იკლებს.


ოლეგ ტიმჩენკო. "მეფე". მუყაო, შერეული ტექნიკა. 80x100. 1987. ATINATI-ს კერძო კოლექცია


ოლეგ ტიმჩენკო. "ვიქტორია". ტილო, აკრილი. 220x250. 2013.  ATINATI-ს კერძო კოლექცია


ოლეგ ტიმჩენკო. "ჯამბაზი". ტილო, ზეთი. 145x197. ATINATI-ს კერძო კოლექცია


ოლეგ ტიმჩენკო. სერიიდან "ღია ბარათები". ტილო, აკრილი. 170x120. 2019. ATINATI-ს კერძო კოლექცია


ძალაუფლების თემას ოლეგ ტიმჩენკო კიდევ ერთხელ დაუბრუნდა პერფორმანსის ფორმატით, რომელიც თბილისის ისტორიის მუზეუმში (ქარვასლა) გამოფენა არტისტერიუმი 3–ის გახსნისას (2013) ანონსის გარეშე შედგა მოულოდნელობის ძლიერი ეფექტით. რეალური დაცვის თანამშრომლების თანხლებით მოსული და დეტალებამდე რესპექტაბელურად გამოწყობილი (როლექსისა და ლიმუზინის ჩათვლით...) ტიმჩენკოს პროვოკაციამ ყველა მოხიბლა, ის პირობითი ოფიციალური პირის როლში „ათვალიერებდა“ გამოფენას აუცილებელი დისტანციის დაცვით, მას ვერავინ უახლოვდებოდა. პერფორმანსის კონცეპტუალურ ნაწილში შედიოდა რეალური კონტრაქტი რეალურ კომპანიასთან, რომელსაც გადაცდომის გარეშე უნდა შეესრულებინა თავისი ფუნქცია. პერფორმანსმა ნამდვილად მძაფრი აქცენტები გააკეთა ისეთ თემებზე, როგორიც არის ძალაუფლების სიმბოლოები სახელოვნებო სივრცეში, ინსტიტუციები და ხელოვნება, დაფინანსება, შემოქმედებითი აქტი და სპონსორები და ა.შ...


ოლეგ ტიმჩენკო. "სევდიანი ანგელოზი". ტილო, აკრილი. 250x220. 2013


ოლეგ ტიმჩენკო. "შეყვარებულები". მუყაო, აკრილი. 100x150. 2020. ATINATI-ს კერძო კოლექცია


ოლეგ ტიმჩენკო. "არყის ხეები". ტილო, ზეთი. 200x220. 2012


პოეტურ-მისტიკური კომპოზიციები მუდმივი ხაზია ოლეგ ტომჩენკოს მხატვრობაში და პერიოდულად ახალ-ახალი თემებით ჩნდება კოლორისტული ამოცანების, გამომსახველობისა და მიდგომების მრავალფეროვნებაში, მის ყოველთვის მაღალ პროდუქტიულობაში. მისტიკური იკონოგრაფიის ინტერპრეტაციები განყენებულ გარემოში მოსეირნე ზღაპრულ არსებებში, ანგელოსებში, ამოუცნობ მითოლოგიურ არსებებში და ბუნების მედიტაციურ სურათებში ყოველთვის ეგზისტენციალურ საზრისებზეა მიმართული, ადამიანის განცდებისა და გამოცდილებების ველშია და ღიად ჰუმანისტურია.


ოლეგ ტიმჩენკო. "უსათაურო". ტილო, ზეთი. 210x170. 2023. ATINATI-ს კერძო კოლექცია



ოლეგ ტიმჩენკო. "უსათაურო". ტილო, აკრილი 170x140. 2023