როდესაც ვარლას ნამუშევრებს თანმიმდევრობით ათვალიერებ, ისეთი შთაბეჭდილება გექმნება, თითქოს ერთი გაბმული, სევდიანი მელოდია ჩაგესმის… იცვლება თემები: ნადირობა, მოსავლის აღება, გასეირნება, თევზაობა… მაგრამ განწყობა ერთი რჩება… ადამიანები ნახირს ერეკებიან, ფიჩხს აგროვებენ, მუსიკალურ ინსტრუმენტებზე უკრავენ, გოდრებს ეზიდებიან, ცეკვავენ… ცხენები მიქრიან, ისვენებენ, ბალახს ძოვენ, ერთმანეთს ეთამაშებიან…- ფიგურები მოქმედებენ. ისინი ხშირად ერთმანეთისკენ არიან მიმართულნი: ერთი მებადური ნადავლს აწვდის მეორეს, დედა და მამა ცხენზე სვამენ ბავშვს, გონდოლაზე ჩაჩოქილი ერთი მუსიკოსი მეორეს შესცქერის და მასთან ერთად აჟღერებს მანდოლინას… მაგრამ მათ შორის აქტიური კონტაქტი არასოდეს მყარდება. ერთი თუ მეორეს უყურებს, ის - მეორე, უმეტსად სხვაგან იცქირება, სივრცეში. სახეები კონკრეტულ მდგომარეობას არ გამოხატავენ. ფიგურები თითქოს განსაზღვრულ პოზებში შეჩერებულან და ყოველი მათგანი მარტოა, საკუთარ თავთან არის დარჩენილი. ეს განცალკევება ქმნის გარინდებას. ხოლო ერთი ფიგურიდან მეორეზე გარდამავალი მოძრაობა (ჟესტით, თავის მიბრუნებით) წარმოშობს ერთიან რიტმს.
ვარლა პოეტურ სამყაროს ქმნის, რომელიც ფიგურატიულია, მაგრამ წარმოსახვითი.
_Fisherman_s_Port._Canvas__oil__Signed_in_left_lower_corner._Framed._37_5_x_45_5_cm.jpg)
ფელიქს (ვარლა) ვარლამიშვილი (1903-1986). “მეთევზეთა პორტი”. 37,5x45,5. ტილო, ზეთი. ATINATI-ს კერძო კოლექცია
_The_fishermen_s_meal_OrigInal_oil_on_canvas_38_5_x_46_5_cm_.jpg)
ფელიქს (ვარლა) ვარლამიშვილი (1903-1986). “მეთევზეთა კვება”. 38,5x46,5. ტილო, ზეთი. ATINATI-ს კერძო კოლექცია
1928 წელს, ფელიქსმა და მისმა თანაკურსელმა - ლუკა ხითარიშვილმა, თურქეთის საზღვარი ფეხით, მალვით გადაკვეთეს და სტამბოლში ჩავიდნენ. იქ სამუშაო იშოვეს, სამგზავრო თანხა შეაგროვეს და თავიანთი ოცნება განახორციელეს - პარიზში ჩავიდნენ.
პარიზში ცხოვრების დაწყება ადვილი არ აღმოჩნდა. დასაწყისში, ვარლამიშვილის ნაწარმოებებს ქართველი ემიგრანტები ყიდულობდნენ. მათთვის ძვირფასი იყო მოგონებები საქართველოზე, ტფილისზე, რომელთაც ვარლა ასახავდა ნამუშევრებში.
__CollectIng_Firewood__Size__28_x_36_cm_Media__Mixed_media_on_canvas_mounted_on_cardboard_Year__Around_1940_s_.jpg)
._The_woodcutters_(May_1974)._Oil_on_canvas_lower_right_signed__Varla_._Titled_and_dated_on_the_stretcher._Framed__good_condition._H._27_x_W._35_cm_.jpg)
ფელიქს (ვარლა) ვარლამიშვილი (1903-1986). “ხის მჭრელები”. 27x35. ტილო, ზეთი. მაისი 1974. ATINATI-ს კერძო კოლექცია

ფელიქს (ვარლა) ვარლამიშვილი (1903-1986). “ხედი სეგოვიაზე”. 46x55. ტილო, ზეთი. ATINATI-ს კერძო კოლექცია
საქართველოში ვარლამიშვილის პირველი პერსონალური გამოფენა მხოლოდ მისი გარდაცვალების შემდეგ, 1987 წელს მოეწყო. მხატვარმა 10 ნამუშევარი საქართველოს უანდერძა. ვარლას ერთგულმა მეუღლემ ყველა დაბრკოლება გადალახა, რათა საბჭოთა ბიუროკრატიის პირობებში ამ ნამუშევრებს საბოლოოდ შ.ამირანაშვილის ხელოვნების მუზეუმში დაედოთ ბინა. სწორედ ამ ფაქტთან დაკავშირებით შეკრიბა მუზეუმმა მის ფონდებსა და საქართველოში, კერძო კოლექციებში არსებული ყველა ნამუშევარი, რომლებიც აღნიშნულ ათ ნამუშევართან ერთად გამოიფინა ჯერ თბილისში და შემდეგ ქუთაისში.
ვარლას შემოქმედებაში ერთმანეთს შეერწყა საქართველოში მიღებული პროფესიული ცოდნა, სამშობლოდან „წაღებული“ მოგონებები, და საზღვაგარეთ მიღებული ახალი გამოცდილება და შთაბეჭდილებები. მხატვარი მთელი სიცოცხლის მანძილზე ხატავდა სცენებს, რომლებიც მოგონებას უფრო ჰგავს, ფიქრივით უფრო არის და ნატურის აღწერას არასოდეს წარმოადგენს, თუმცა თავად გამოსახულებები რეალურად აღქმადია. სურათებში ადამიანები თითქოს მიწას წყდებიან. ოდნავ წელში მოხრილნი, ვერტიკალურად განზიდულნი, გრძელი კიდურების დამახასიათებელი პლასტიკით, მსგავსი სახეებით, უბრალო სამოსით, რომლის ნაკეცები ხაზს უსვამს სხეულის აღნაგობას, განყენებული მზერით - ისინი ვარლას მხატვრული სამყაროს მოქმედი პირები არიან. დამახასიათებელია პირობითი ფერები: ოქროსფერი წყალი, ოქროსფერი ცა, წითელი ნაპირი, ლურჯი თმები…- თითქოს სიზმარში ნანახი სცენები ღრმა ლირიზმის, სევდის მატარებელია.

ფელიქს (ვარლა) ვარლამიშვილი (1903-1986). “საფო”. 41x33. ტილო, ზეთი. 1960-იანი წლები. ATINATI-ს კერძო კოლექცია