შუა საუკუნეების ქართული ჭედური ხელოვნების ქმნილებებს შორის მნიშვნელოვანი ადგილი უკავია საღვთისმსახურო ნივთებს - ბარძიმებს, სამწერობლებს, საცეცხლურებს, რომლებიც საღვთო ლიტურგიის აუცილებელი „მონაწილეები“ არიან. დღეისათვის შემორჩენილი შუა საუკუნეების ქართული საეკლესიო ნივთების ნიმუშები მხოლოდ უმნიშვნელო ნაწილია იმ სიმდიდრისა, რომელიც საუკუნეების განმავლობაში ინახებოდა საქართველოს ეკლესია - მონასტრებში.
ბარძიმი, ზიარებისათვის განკუთვნილი წმინდა სასმისი, ლიტურგიაში ადრექრისტიანული ეპოქიდან გამოიყენებოდა. თავისი არსით იგი საიდუმლო სერობის დროს იესო ქრისტეს მიერ მოციქულთათვის მირთმეულ თასს განასახიერებს.
საქართველოში შუა საუკუნეების ბარძიმების რამდენიმე ნიმუში შემოგვრჩა. მათ შორისაა მე-10 საუკუნის ბედიის ოქროს ბარძიმი, ილორის ვერცხლის ბარძიმი, ობუჯის ეკლესიაში შემონახული ვერცხლის ბარძიმის ფრაგმენტები.
ბედიის ოქროს ბარძიმი, საოქრომჭედლო ხელოვნების ჭეშმარიტი შედევრია. ბარძიმი მეფე ბაგრატ მესამემ (961/975-1014) და მისმა დედამ დედოფალმა გურანდუხტმა შესწირეს ბაგრატის მიერ აგებულ ბედიის ტაძარს, რასაც ადასტურებს ბარძიმზე მოთავსებული ასომთავრული წარწერა.

ბედიის ბარძიმი. ოქრო. 999
ბედიის ბარძიმი ჭეშმარიტად სამეფო ნივთია, რომლის რელიეფური დეკორის იკონოგრაფიული პროგრამა ბიზანტიის იმპერატორ რომანოზის (959-963) სარდონიქსის ბარძიმების მინანქრის დეკორის ანალოგიურია - ქრისტე და ღმრთისმშობელი წმინდანების, მოციქულებისა და მახარებლების გარემოცვაში.
ბედიის ბარძიმის რელიეფურ დეკორს იმეორებს ილორის ტაძრის ვერცხლის ბარძიმი.

ილორის ბარძიმი, მე-10ს
ქრისტიანულ საღვთისმსახურო ნივთებს შორის განსაკუთრებული ადგილი
უკავია სამწერობლებს (ბერძნ.Ριπιδιον,ლათ.Flabellum) - საეკლესიო “მარაოებს”, რომლებიც საეკლესიო რიტუალებში უძველესი დროიდან გამოიყენებოდა.
ქართული სამწერობლების ყველაზე ადრეული ნიმუშები მე-10 საუკუნის შუა წლებს განეკუთვნება. ქართული სამწერობლები, რომლებიც ადრექრისტიანული ტრადიციის საფუძველზე იქმნებოდა, სპეციფიკური ფორმით გამოირჩევა. ისინი წარმოადგენენ კვადრიფოლიუმებს: ცენტრალური მრგვალი დისკოს გარშემო ჯვრულად არის განლაგებული ოთხი მედალიონი (საქართველოს გარეთ არსებული სამწერობლები უპირატესად მრგვალი ფორმისაა). სამწერობლების რელიეფური დეკორის კანონიკური პროგრამაა: ექვსფრთედები, ტეტრამორფები და ანგელოზები.

სამწერობელი. ვერცხლი. ქუთაისი. მე-11 ს
ქართული რიპიდებიდან ყველაზე ადრეულია ობუჯის რიპიდა, რომელზეც “აფხაზთა მეფის გიორგის” ასომთავრული წარწერაა მოთავსებული. მისი დეკორი შედგება ექვსფრთედების, ტეტრამორფებისა და ანგელოზების გამოსახულებებისაგან. ყველა გამოსახულებას დაქარაგმებული ასომთავრული წარწერები ახლავს, ქვედა დისკოზე ღმრთისმშობელი - “მცირე ორანტის” გამოსახულებაა.

სამწერობელი. ვერცხლი. ობუჯი. მე-10ს
მე-10-11 საუკუნეების ქართული სამწერობლები თავისი ორიგინალური ფორმით, რელიეფური და გრავირებული დეკორით, ღრმად გააზრებული თეოლოგიური პროგრამებით გამოირჩევა. ამასთანავე, სამწერობლებზე მოთავსებული ასომთავრული წარწერები განსაკუთრებული მნიშვნელობის ისტორიული საბუთებია, რომლებიც შუქს ჰფენს მათი შექმნისა და გამოყენების პრაქტიკას. სამწერობლების მაღალმხატვრული ნიმუშები დაცულია საქართველოს ეროვნული მუზეუმის კოლექციებში (ხელოვნების მუზეუმი, ზუგდიდის, ქუთაისისა და მესტიის მუზეუმები).
მე-11 საუკუნეს განეკუთვნება ვერცხლის სამწერობლების ჯგუფი, რომელთაგან სამი ზარზმის მონასტერში იყო შექმნილი და მოგვიანებით (მე-16ს) უსაფრთხოების მიზნით საზღვრისპირა მესხეთიდან გურიაში, შემოქმედის მონასტერში გადაიტანეს, სადაც ისინი მეოცე საუკუნის 20-იან წლებში განადგურებამდე ინახებოდნენ. მათგან ერთადერთი გადარჩენილი ეგზემპლარი საქართველოს ეროვნულ მუზეუმში არის დაცული. დანარჩენ სამწერობელთა მხოლოდ ფოტოებია დარჩენილი.
.png)
სამწერობელი. ვერცხლი. ზარზმა. მე-11 ს
ზარზმის ერთ-ერთ სამწერობელზე დონატორის, ქართველი დიდებულის ფარსმან ლაკლაკიძის შესაწირავი წარწერა არის მოთავსებული, რომელშიც დასახელებულია არა მხოლოდ ზარზმის ტაძარი, არამედ მითითებულია სამწერობლის ადგილი ეკლესიაში - ფერისცვალების ხატის წინ.
.png)
სამწერობელი. ვერცხლი. ზარზმა. მე-11 ს
ზარზმის სხვა სამწერობლების წარწერებში ნახსენები არიან ოქრომჭედელი (თუთაი), ერისთავი გიორგობიანი და სამღვდელო პირი („მამა ზოსიმე“). ასევე "მწყემსთ-მთავარნი” (ეპისკოპოსნი). უნიკალური ჭვირული (ჩუქურთმებიანი) სამწერობელი არის დაცული სვანეთის მუზეუმში.

ჭვირული სამწერობელი. მესტია. მე-11 ს.
შუა საუკუნეების ლიტურგიკული ნივთებიდან შემონახულია საცეცხლურები. სახარების რელიეფური სცენებით შემკული ადრექრისტიანული ბრინჯაოს საცეცხლურების ნაწილი სირია-პალესტინიდან არის ჩამოტანილი. მათი გავლენით ქართველი ოსტატები საუკუნეთა განმავლობაში ქმნიდნენ საცეცხლურებს. ერთ-ერთი ასეთი ნიმუშია მე-10-11სს-ში ქართულ საოქრომჭედლო სახელოსნოში შექმნილი ვერცხლის საცეცხლური, რომელიც გვიჩვენებს, თუ როგორ გრძელდებოდა საქართველოში ადრეული ქრისტიანობიდან მომდინარე ადგილობრივი ტრადიციები.

საცეცხლური. ვერცხლი. მე-10-11 ს.

საცეცხლური. ვერცხლი. მე-10-11 ს.
შუა საუკუნეების ქართულ ლიტურგიკულ ნივთებს, საეკლესიო ცხოვრებაში მათი პირდაპირი დანიშნულების გარდა დიდი მხატვრულ-ისტორიული მნიშვნელობა აქვს, როგორც განსაკუთრებული ღირებულების მქონე ჭედურ ნაწარმოებებს, რომლებშიც ხალხის შემოქმედებითი ნიჭი არის გამოვლენილი.