უშგული ზემო სვანეთის განაპირა თემია. იგი ზღვის დონიდან 2 200 მ-ის სიმაღლეზეა გაშენებული და ერთ-ერთი ყველაზე მაღალმთიანი დასახლებაა ევროპაში. უშგულის თემი ოთხ სოფელს აერთიანებს, ესენია: მურყმელი, ჩაჟაში, ჩვიბიანი და ჟიბიანი, რომელნიც შხარას ძირში, ენგურის სათავეებიდან დაწყებული, ენგურის ხეობას მიუყვება, ერთ ვერტიკალურ ღერძზე თითქოს მძივად ასხმული. აღმოსავლეთიდან უშგულის თემს კავკასიონის დიდ ქედი საზღვრავს, რომლის განშტოებით ხეობა ჩრდილოეთიდანაა მოზღუდული, ხოლო სამხრეთიდან, უშგულს სვანეთის ქედი ასრულებს. ამდენად, სამი მხრიდან მთებით შემოზღუდული თემის სოფლები ხეობის ჩამკეტი, მარადიული თოვლით დაფარული, დიდებული შხარას ფონზე იკითხება.
უშგულის სოფლებიდან, მურყმელი გარკვეული მანძილითაა დაშორებული დანაჩენ სოფლებს, რომელნიც ერთმანეთს მიუყვება და უშგულის თემის განაშენიანების კომპაქტურ, შეკრულ კომპოზიციას ქმნის. მთელი თემის გეგმარებითი სტრუქტურის გარდა, მასში შემავალ სოფლებში საცხოვრებელი კომპლექსების ერთმანეთის მიჯრით აგებაც, უშგულს მჭიდრო, ერთ გუნდად შეკრულ დასახლებად, შეუვალ სიმაგრედ აქცევს. უშგულის განაშენიანების გამორჩეულობას არქიტექტურისა და ლანდშაფტის არაჩვეულებრივი შერწყმა, სოფლებში შემორჩენილი შუასაუკუნოვანი გეგმარებითი სტრუქტურა თუ საცხოვრებელი კომპექსები განაპირობებს, რაც, უნიკლაურ გარემოსა და შესანიშნავ ადგილმდებარეობასთან ერთად, წარუშლელ შთაბეჭდილებას ახდენს მნახველზე.
უშგულში თავმოყრილია ტრადიციული სვანური ხალხური ხუროთმოძღვრებისთვის დამახასიათებელი საცხოვრებლის ყველა სახეობა და, ამასთანავე, სრულიად განსხვავებული, მხოლოდ უშგულისთვის ნიშნეული არქიტექტურული ტიპები. უშგულში არსებულ ტრადიციულ სვანურ საცხოვრებელს მიეკუთვნება:
-კოშკი (მურყვამ) - აშკარად გამოხატული საბრძოლო-თავდაცვითი ფუნქციის მქონე, რამდენიმე სართულიანი, მონუმენტური, გეგმით კვადრატული ნაგებობა, ორქანობა სახურავით და ზედა სართულის მთელს
პერიმეტრზე თაღოვანი ქუდით, რომელშიც საბრძოლო თაღი-ღიობებია მოწყობილი. ერთმანეთის თავზე განლაგებული ოთახების ზომა, ზემოთკენ კოშკის შევიწროვებასთან ერთად, მცირდება. სართულებს შორის კავშირი ჭერში გაჭრილი ღიობისა და მარტივი მისადგმელი კიბის (ხის მორი ჩაკვეთილი საფეხურებით) საშუალებით ხორციელდება.
-საცხოვრებელი სახლი (ქორ) თავდაცვითი კოშკით - საცხოვრებლის საკმაოდ რთული ტიპი, რომელიც ორსართულიანი ქვის სახლისა და კოშკისგან შედგება. სახლის პირველი სართული (მაჩუბი) ზამთრის მანძილზე ადამიანებისა და საქონლის გასაჩერებელ საერთო სივრცეს წარმოადგენს, ხოლო მეორე სართული (მაჟიბი) საზაფხულო საცხოვრებელი დარბაზია და, ამასთანავე სამეურნეო დანიშნულების სივრცეც (თივისა და პროდუქტების შესანახი). მაჩუბში საქონლის სადგომი გამიჯნულია ხის თაღებიანი (საქონლის თავების გამოსაყოფად), მდიდრულად ორნამენტირებული ტიხრით (ლეჭუნდრი), რომელიც დარბაზის კედლებს მიუყვება, ცენტრში, ასევე ორნამენტირებული დედაბოძი და კერაა. აქვეა ორნამენტით უხვად შემკული სხვადასხვა ზომის სკივრები და ხის ავეჯი. უშგულში კოშკისა და სახლის ურთიერთკავშირის სხვადასხვაგვარი კომბინაცია გვხვდება - კოშკი შეიძლება უშუალოდ ებჯინებოდეს სახლს, ან მის გვერდით იყოს აღმართული; უფრო იშვიათად, კოშკი სახლის მოცულობაშივეა ჩაწერილი. საინტერესოა შეტყუპებულ კოშკებიანი საცხოვრებელი კომპლექსები, რომელთა ნიმუშები ჩაჟაშში, ჩვიბიანსა და ჟიბიანშია შემორჩენილი. მკვლევართა აზრით, ამგვარი კომპლექსები დიდი ოჯახის გაყრისა და ნაწილობრივი ერთიანობის შენარჩუნების მაგალითია, რადგან ოჯახის გაყრის შედეგად ჩნდება ორი, ერთმანეთზე მიტყუპებული დამოუკიდებელი ნაგებობა, რომლის კოშკების ბოლო, საბრძოლო სართული გაერთიანებულია და გაყოფილი ოჯახი მას ერთობლივად იყენებდა. ასეთია ჩვიბიანისა და ჟიბიანის კომპლექსები, ხოლო ჩაჟაშის შემთხვევაში, კოშკების საბრძოლო სართული გაერთიანებული არაა და კოშკებიც სხვადასხვა სიმაღლისაა.
-ციხე-სახლი (სვანირ) - კავკასიის მთელ მთიან რეგიონებში (მთის რაჭა, თუშეთი, ხევსურეთი, ხევი, ჩეჩნეთი, ინგუშეთი და ა.შ.) გავრცელებული საცხოვრებლის ტიპი, რომელიც სვანეთში, მხოლოდ უშგულში გვხვდება. ესაა, ერთი შეხედვით, ტიპური კოშკი, მაგრამ შეცვლილი პროპორციების მქონე: უფრო დაბალი და განიერი, სამსართულიანი ნაგებობა, რომლის პირველი და მეორე სართულები საცხოვრებელი ქორია (პირველ სართულზე ზამთრის სადგომით და მეორე სართულზე სამეურნეო დანიშნულებისა და საცხოვრებელი დარბაზით), ხოლო მესამე სართულს თავდაცვითი ფუნქცია აქვს. პირველ და მეორე სართულებს შორის კავშირი შენობის კედელში ჩაკვეთილი კიბის საშუალებით ხორციელდება, ხოლო მეორე და მესამე სართულების დაკავშირება მარტივი მისადგმელი კიბით ხდება. ამდენად, ციხე-სახლი საერთო მტრისგან თავდასაცავი მეტად კომპაქტური, ქმედითი ორგანიზმია, ბევრად უფრო მოსახერხებელი და ტევადი, ვიდრე ცალკე მდგომი თავდაცვითი კოშკი, რომელიც ერთ ოჯახს ძნელად იტევდა. ციხე-სახლის ერთ-ერთი ადრეული, მაღალმხატვრული ნიმუში ჩაჟაშშია შემორჩენილი.
სვანეთის სხვა თემების მსგავსად, უშგულიც ეკლესიათა სიმრავლით ხასიათდება და თითოეულ მის სოფელში რამდენიმე ეკლესიაა აგებული - მურყმელში, მაცხოვრისა და წმ. ბარბარეს ეკლესიები (ორივე, XI-XII სს.); ჩაჟაშში, მაცხოვრის ეკლესია, მთელი თემის უმთავრესი სალოცავი (X ს.), ციტადელის ეკლესია, ე.წ. „სამჭედლო“ (X ს., გვიანი შუასაუკუნეების გადაკეთებებით) და XIX საუკუნის ცნობით, ჩაჟაშის ციხე-სიმაგრის (ე.წ. „თამარის ზედა ციხე“) ეკლესია, რომელსაც ჩვენს დრომდე არ მოუღწევია; ჩვიბიანში, მაცხოვრის ეკლესია (ე.წ. ფუზდი, XV ს.); ჟიბიანში, მაცხოვრის ეკლესია (ე.წ. მამა უფალი, X ს.), წმ. გიორგის ეკლესია (XV ს.) და ღმრთისმშობლის (სვან. ლამარია, X ს.) ეკლესია, სოფლის ზემოთ, ბორცვზე, შხარას ძირში, მთელი ხეობის თავში აღმართული.

ჟიბიანი ლამარია, აღმოსავლეთის ფასადი

ჟიბიანი ლამარია, დასავლეთის ფასადი
სვანეთის საეკლესიო ხუროთმოძღვრებისთვის სახასიათოდ, ეს მომცრო ზომის დარბაზული ეკლესიებია თანადროული (ჟიბიანის ლამარია, ჩაჟაშის მაცხოვარი) თუ გვიანი (მურყმელის წმ. ბარბარე) მინაშენებით, შვერილი, წახნაგოვანი (ჟიბიანის ლამარია, ჟიბიანის „მამა უფალი“, ჟიბიანის წმ. გიორგი) თუ ეკლესიის საერთო კორპუსში ჩაწერილი (მურყმელის, ჩაჟაშის, ჩვიბიანის ეკლესიები), აფსიდით; ზოგ შემთხვევაში, ეკლესიათა ფასადები სრულიად სადაა (მურყმელის, ჩვიბიანის ეკლესიები), ან, უფრო ხშირად, აღმოსავლეთი ფასადი (ჟიბიანის ლამარია, ჟიბიანის წმ. გიორგი) თუ აღმოსავლეთი და დასავლეთი ფასადები (ჟიბიანის „მამა უფალი“) საფასადო კედლის წყობის შეღრმავებით მიღებული თაღნარითაა გამშვენებული, გვხვდება, აგრეთვე, ფასადის ნიშებით დანაწევრების მაგალითიც (ჩაჟაშის მაცხოვარი). ეკლესიების ინტერიერის გადაწყვეტაშიც გარკვეული მრავალფეროვნება შეინიშნება, როდესაც ინტერიერი სრულიად სადაა, კედლის თაღებითა და პილასტრებით დაუნაწევრებელი (მურყმელის წმ. ბარბარე, ჩაჟაშის „სამჭედლო“), ან კამარას ორ ნაწილად საბჯენი თაღი ჰყოფს, რომელიც შეკიდულ კონსოლებს ეყრდნობა და გრძივი კედლები დაუნაწევრებელია (ჟიბიანის ლამარია, მურყმელის მაცხოვარი, ჟიბიანის „ფუზდი“), ან კამარის გამყოფი საბჯენი თაღი პილასტრებს ეყრდნობა და გრძივ კედლებზე კედლის თაღები არაა გადაყვანილი (ჩაჟაშის მაცხოვარი, ჟიბიანის „მამა უფალი“, ჟიბიანის წმ. გიორგი). თითქმის ყველა ეკლესიაში შემორჩენილია ეკლესიათა აგების თანადროული კანკელები (გამონაკლისია მურყმელის ეკლესიები) და აფსიდის კედელზე მიდგმული ტრაპეზები (გამონაკლისია მურყმელის მაცხოვარი).

ჟიბიანი ლამარია, საკურთხეველი

ჟიბიანი ლამარია, ვედრება, მე-13 ს.
უშგულის ეკლესიებიდან მხოლოდ სამშია შემორჩენილი კედლის მხატვრობა. მათგან თავისი მნიშვნელობითა და მხატვრული ღირსებებით გამოირჩევა ჟიბიანის ლამარიას მხატვრობა, რომელშიც მოხატულობის ორი ფენა გაირჩევა - ადრეული, X საუკუნისა (ფრაგმენტები საკურთხეველში, კამარა-კედლებსა და კანკელზე) და XIII საუკუნისა (საკუთხეველში, ფრაგმენტები კამარა-კედლებზე, კანკელზე და მინაშენში);

ჟიბიანი ლამარია, ჯვარცმა, მე-10 ს.
თავისი დროის საგულისხმო ნიმუშია მურყმელის მაცხოვრის XII საუკუნის ძლიერ ფრაგმენტირებული მოხატულობა (მხატვრობა მხოლოდ დასავლეთ კედელზეა დარჩენილი); მნიშვნელოვანი და თავისებურია ჩაჟაშის მაცხოვრის XVII საუკუნის მხატვრობა, რომელიც არა მარტო ეკლესიის ინტერიერს, კანკელსა და ტრაპეზს, არამედ მის ჩრდილოეთ ფასადსაც („ამირანდარეჯანიანის“ საგმირო ეპოსის ეპიზოდები) ამკობს.

ჟიბიანი ლამარია, ღვთისმშობელი ჯვარცმიდან
ჟიბიანი ლამარია, მაცხოვარი ვედრება

ჟიბიანი ლამარია, მამები. მე-13 ს.
ჟიბიანი ლამარია, წმიინდა ათანასე. მე-13 ს.
უშგული გამორჩეულია მასში შემონახული შუასაუკუნოვანი სახვითი ხელოვნების ნაწარმოებთა სიუხვითაც, რომელნიც ფართო ქრონოლოგიურ ჩარჩოში ექცევა X საუკუნიდან, ვიდრე გვიანი შუასაუკუნეების ჩათვლით და ერთდროს უშგულის ყველა სოფლის ეკლესიას ამშვენებდა, ხოლო შემდეგ, სვანეთისთვის ტრადიციულად, თემის მთავარ, ჩაჟაშის მაცხოვრის ეკლესიაში იქნა თავმოყრილი, სადაც დაუნჯებული იყო მაღალი მხატვრული ღირებულების ჭედური და ფერწერული ხატები, საწინამძღვრო და საკურთხევლის წინამდებარე ჯვრები და მრავალი სხვა. ამჟამად, უშგულის თემის მთელი საგანძურის ძირითადი ნაწილი 1989 წელს, ჩაჟაშის უძველეს ციხე-სახლში მოწყობილ უშგულის მუზეუმშია გადატანილი, რომელშიც შუასაუკუნოვანი სახვითი ხელოვნების ნიმუშების გარდა, მდიდარი არქეოლოგიური, ნუმიზმატიკური და ეთნოგრაფიული კოლექციებიცაა დაცული.