სერგო ჩახოიანცი მიეკუთვნება 1950-იანელთა თაობას, თუმცა მისი სახელი ცნობადი ხდება 2000-იან წლებში. მხატვარი ოცნებობდა პერსონალურ გამოფენაზე და სიცოცხლეში მას ვერ ეღირსა - ასე ყვება შვილი, ალექსანდრე ჩახოიანცი. იგი სულ ხატავდა, დიდ დროს ატარებდა სტუდიაში, ვიდრე სახლში. გარდა საკუთარი თავისა, მისი ნიჭის სჯეროდა მის მეუღლეს, რომელიც განათლებით, ხელოვნებათმცოდნე იყო და შვილებს ხშირად ეუბნებოდა, რომ ხელი არ შეეშალათ მამისთვის. იგი არასდროს აღიქვამდა საკუთარ სუბიექტივიზმს თუ მხატვრულ ხელწერას გამორჩეულად, პირიქით, ერთგვარად თავს იმართლებდა ახლობლებში, თითქოს სხვაგვარად არ შეეძლო მას ხატვა...

სერგო ჩახოიანცი. პეიზაჟი. ტილო, ზეთი. 100x90. 1961-1963. ATINATI-ს კოლექცია
დღეს თანამედროვე ქართულ სახელოვნებო სივრცეში სერგო ჩახოიანცს იცნობენ - „ჩახოდ“, თუმცა პირველად ასე მოიხსენია ელგუჯა ამაშუკელმა იგი ხელოვნებათმცოდნე, დავით ანდრიაძესთან და ასევე კარგი კოლეგიალური დახასიათების მიღმა, ისიც დასძინა, რომ საუკეთესოდ თამაშობდა ფეხბურთს. მხოლოდ პროფესიულ წრეში ცნობილი ხელოვანი, არაერთი ხელოვნებათმცოდნისთვის და გალერისტისთვის ხდება აქტუალურიც და ამოუცნობიც- ჩახოს გაუჩინარება ან კიდევ მისი გამიზნული იგნორი. ამ უკანასკნელს განაპირობებდა მხატვრის უკიდეგანო ჩაკეტვა, ჩაღრმავება და ტკბობა საკუთარ თავთან, რომელიც არ ეფუძნებოდა: კონფორმიზმს, ნონკონფორმიზმს, ეგოცენტრიზმს თუ არტისტულ სიკეკლუცეს. ჩახოს სერიული, უწყვეტი, უშრეტი და ყოველთვის უნიკალურად განმეორებადი სურათები მისი ყოფიერების ერთგვარი არქეოლოგიური გათხრა იყო. როდესაც პიკო ნიჟარაძემ იხილა მისი პირველი გამოფენა, მან ასე შეაფასა: „ჩახო კეთილი ადამიანი იყო, კეთილგანწყობილი არა მხოლოდ ადამიანების, ბუნების მიმართაც“. სწორედ პიროვნული სიკეთე და კეთილგანწყობა სამყაროსადმი გამოსჭვივის მხატვრის დრამატული შავი სილუეტების სახვითი სამყაროდან.

სერგო ჩახოიანცი. ჩაკეტილი წრე. ტილო, ზეთი. 115x110. 1990-ები. ATINATI-ს კოლექცია

სერგო ჩახოიანცი. კომპოზიცია. ტილო, ზეთი. 90x85. 1990. ATINATI-ს კოლექცია
სერგო ჩახოიანცი დაიბადა ზესტაფონში 1924 წელს. მუშაობდა ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანაში. თბილისის სამხატვრო აკადემიაში სწავლობდა (1949-1954). მისი პედაგოგები იყვნენ: სერგო ქობულაძე, აპოლონ ქუთათელაძე და ფარნა ლაპიაშვილი. სადიპლომო ნამუშევარს, „მეფოლადეები“, ქმნის აპოლონ ქუთათელაძის ხელმძღვანელობით. 1955 წლიდან იყო საქართველოს მხატვართა კავშირის წევრი. მხატვარი აღმერთებდა დავით კაკაბაძეს და აკადემიაში ჩაბარებისას, დავითმა ასე შეაფასა- „ბიჭიკო, შენ ფანქარი ხელიდან არასდროს გაუშვა“. ეს ფაქტი მრავლისმეტყველია და ასევე გასაგებიც, თუ რატომ დაისაჯა იგი იგნორით...

სერგო ჩახოიანცი. კომპოზიცია. ტილო, ზეთი. 120x110. 1990-ები. ATINATI-ს კოლექცია

სერგო ჩახოიანცი. პლანეტის ხილული წრე. ტილო, ზეთი. 120x125. 1997. ATINATI-ს კოლექცია
სერგო ჩახოიანცი 1950-იანელთა თუ 1960-იანელთა მხატვართა თაობის სამეტყველო ენაში ვერ ეწერება. საბჭოთა სკოლის ზეგავლენით შექმნილი სადიპლომო ნამუშევარი და 1950-60-იან წლებში დახატული იმპრესიონისტული ტილოები წარმოაჩენს კლასიკური განვითარებისა თუ თვითგამორკვევის ხაზს, ჩახოს ადრეული შემოქმედების; მსგავსი შემოქმედებითი ძიება იდენტურია 1950-იანელთათვისაც, მაგ: პიკო ნიჟარაძე, ედმონდ კალანდაძე, ჯიბსონ ხუნდაძე და შურა ბანძელაძე. ჩამოთვლილ მხატვრებსა და ჩახოს შორის მიჯნას წარმოადგენს ეროვნული კუტურული იდენტობა, საკუთრივ სომხური წარმომავლობა. ჩახოიანცის ნახატები არც ქართულია და არც დასავლური, იგი სულ სხვა ხატოვან სამყაროს გამოსახავს- არა იდეალიზებულს, არამედ დრამატულს, ემოციურს და ექსპრესიულს; მსგავსი ფსიქოლოგიური ტონალობები უფრო წამლეკავი და დომინანტური გახდება 1970-იანი წლებიდან გარდაცვალებამდე შექმნილ ნამუშევრებში. არსებობს თბილისური ფერწერული სკოლის ფენომენი, რომელიც აერთიანებს ქართველ და სომეხ მხატვრებს, ესენი არიან: ავთო ვარაზი, თემო ჯაფარიძე, ლევ ბაიახჩევი, ალბერტ დილბარიანი და სხვები. მიუხედავად საერთო სტილისტურ-თემატური ხაზისა, სომხური ფერწერა მეტ ვნებას და დრამატიზმს ავლენს, ხოლო ქართული უფრო ზომიერია, შესაბამისად სომხური ფერწერის იდენტობა თუ სიმპტომატიკა, განასხვავებს ჩახოს ჟანრულ-აბსტრაქტულ თუ ფიგურატიულ ნამუშევრებს, მაგალითად ბანძელაძისგან, რომელიც უფრო ლაღი, ზომიერი და დასავლურია.

სერგო ჩახოიანცი. კომპოზიცია. ტილო, ზეთი. 97x98. 2006. ATINATI-ს კოლექცია
სერგო ჩახოიანცი საკუთარ ხელწერას 1960-იანი წლების ბოლოს პოულობს და სიკვდილის ბოლომდე ვარირებს მასში. მისი სახვითი სამყარო, სულიერი და უსულო ფიზიკა, ხატოვანება გაბზარულიდან გამთლიანებულია; იხედება იქ, რასაც მზის შუქი თუ სხივები ვერ მისწვდა. 1960-იანი წლების ბოლოდან ყოველ მომდევნო ათწლეულში მწიფდება, ვლინდება და სასრულისკენ ილტვის. ფერწერულ ნამუშევრებში გამოკვეთილი ნიუები, პორტრეტები, ნატურმორტები და პეიზაჟები განზოგადებულად და პირობითად ფიგურატიულია; მარტივად მისახვედრია, რომ აბსტრაქციონისტი მხატვარი ცდილობს ხილული სამყაროს რეორგანიზებას თავისი აღქმით და აბსტრაქტული მხატვრობის ლოგიკით. ჩახოს საგნობრივი კომპოზიციები განსხვავებულ ჟანრებში, ბინდიდან გამოდის, ფერწერა ტექნოკრატიულად ოპერირებს და ამ გზით იქმნება დამაჯერებლობა. ზომიერი ფერადოვანი გამის ფონიდან კონტრასტული ფერების ლაქები ლოკალიზებულად არის გადაწყვეტილი; განათება ყოველთვის დაბალი სიხშირის, ინტიმური და მელანქოლიურია.რაც შეეხება აბსტრქტულ კომპოზიციებს, აქ მხატვარი ქმნის თავის საავტორო „პატერნებს“, რომლებიც გაგვახსენებს პრეისტორიულ, არქეტიპულ თუ შამანურ-რიტუალურ ნიშნებსა და კოდებს.

სერგო ჩახოიანცი. აბსტრაქცია. ტილო, ზეთი. 120x125. 2002. ATINATI-ს კოლექცია

სერგო ჩახოიანცი. კომპოზიცია. ტილო, ზეთი. 109x8,5. 1990. ATINATI-ს კოლექცია
აბსტრაქტული პატერნები(ნიმუშები) შედგება შემდეგი ნიუანსებისგან: ჰიპნოტური წრიული მოძრაობა, ვერტიგოები, სტიქიური ღვარცოფი, სპირალურ-წრიული ტრაექტორიები. დინამიურ აბსტრაქტულ მოტივებსა და სტილიზაციებს აბალანსირებს დენადობა და მდგრადობა, ასევე ამ აბსტრაქტულ კომპოზიციებში ემოციური იმპულსები გადმოცემულია პოლიქრომატულ-მონოქრომატული ფერადოვნებით. ჩახოს გალაქტიკაში გრაფიკული ნამუშევრები ვარსკვლავებივით ასამკაულებს მისი ფერწერების პლანეტრაულ სისტემას. უმთავრესად გრაფიკული ნამუშევრები შესრულებულია აკვარელის, გუაშის, სანგინის და შერეული მედიის ტექნიკაში. ჩახოს ნიუებში, პორტრეტებში, ნატურმორტებსა და აბსტრაქციებში არასდროსაა უარყოფილი სიცოცხლის მშვენიერება, პირიქით მხატვარი მშვენიერების იდეასა და ფენომენს მეტ ძალას მატებს, მასთან ეგ უკანასკნელი შემდეგი პერიფრაზით აქცენტირებს- „ ღმერთი დეტალებშია“(ლუდვიგ მის ვან დერ როე). სწორედ ამიტომ ჩახო ხილულ სამყაროს, მშვენიერებას და ადმიანს, როგორც ცენტრს ამ ყველაფრისა, შლის უმცირეს ნაწილაკებად და ამ გაფანტულობაში პოულბს, კრავს.

სერგო ჩახოიანცი. კომპოზიცია. ტილო, ზეთი. 150x106,5. 1990. ATINATI-ს კოლექცია

სერგო ჩახოიანცი. ფიროსმანი. ტილო, ზეთი. 60,5x40,5. 1990-ები. ATINATI-ს კოლექცია
სერგო ჩახოიანცის გრაფიკული და ფერწერული ნამუშევრები, მსოფლიო სახვითი ხელოვნების კონტექსტში მხოლოდ თვისობრივად გაგვახსენებს-პოლ სეზანს, ჟორჟ რუოს, ედვარდ მუნკს, ფრანც კლაინს, ჰაიმ სუტინს და სხვებს. ჩახოს ამ თანავარსკვლავედში მოხმობა პირობითია და ეს მიმართებები თვისობრივია, ანუ რაღაც საერთო დამოკიდებულება აერთიანებთ მათ-აღქმის, შესრულების და ინდივიდუალური სიმძაფრის ასპექტით.
ჩახოიანცის არტისტული ფსიქოტიპი ყველაზე მეტად გაგვახსენებს „უსახელო“ , უცნობ და ყველაზე დიდ გენიოსებს, საკუთრივ პალეოლითის პერიოდის მხატვრებს, რომელთა ნამუშევრები გამოქვაბულების კედლებზე შემოგვრჩა. მათვის ხელოვნება იყო ცხოვრების შიშის შემეცნება, ამ შიშების გადმომცემი საკომუნიკაციო ენა და თვითგადარჩენის ინსტინქტი. ჩახოც მსგავსი დაუცველობით და უშუალობით გვიზიარებს ცხოვრებას, ასეთივე უნივერსალური გამოსახულებებით ცდილობს ამოგვაცნობინოს და ამოგვაკითხოს, რათა გაიგოს, რომ მისი დანახული და შემდგომ გამოსახული სამყარო ზოგადსაკაცობრიოა, ჰუმანურია; იგი არაა მარტო. ზემოხსენებული ევროპელი ფერმწერების მსგავსად ჩახო ეძებს სამყაროს მის ყველა შემადგენელ ნაწილაკში, ღმერთის იდეას და მას არა პირდაპირი ხატოვანებით, არამედ თვისობრივად გვაწვდის. „დეკლასირებული“ ქალის სხეული, ხილი, ბუნება, გეომეტრიული ფორმები, ფერები, ტონები ბადებს ახალ შინაარსა და ჭეშმარიტებას, რამეთუ მისი თვისობრივი მხარე უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ზედაპირული.

სერგო ჩახოიანცი. კომპოზიცია. ტილო, ზეთი. 79x59. 1990. ATINATI-ს კოლექცია
P.S.
სერგო ჩახოიანცის დანახული მხატვრული სამყარო მისი ყოფიერების არქეოლოგიაა. იგი ძალიან ღრმად იჭრება ნიადაგის შრეებში, რათა უნიკალური არტეფაქტი გათხაროს... ნიადაგში ჩამალული კეთილშობილი ლითონებისა და ქვების ციალს გავს ჩახოს სიშავესა და ბინდში ჩაკარგული გამოსახულებები- საგანთა წესრიგი, ადამინები, სილამაზე, მათ უკან მდგარი იდეათა სამყარო...
ჩახო გარდაიცვალა აღდგომის ღამეს, 2009 წელს.