menu

რობერტ სტურუა

რობერტ სტურუას (უფროსი, 1918–1982), შემოქმედებითი მემკვიდრეობა ერთნაირად საინტერესოა როგორც მონუმენტური მხატვრობის, ისე დაზგური ფერწერის თვალსაზრისით.

მომავალი მხატვარი, თბილისის სამხატვრო აკადემიაში სწავლისას ფერწერას –  ვალერიან სიდამონ–ერისთავთან, ნახატის ოსტატობას კი იოსებ შარლემანთან ეუფლება. სტურუას შემოქმედებითი მემკვიდრეობის დახასიათებისას უმთავრეს მხატვრულ–გამომსახველობით ნიშანთა შორის ფერისადმი განსაკუთრებული დამოკიდებულება და უჩვეულო რაკურსების სიმრავლე უნდა დასახელდეს. მსგავსად ინტერპრეტირებული ფერითი ეფექტები სახასიათოა, როგორც თავად მხატვრის ენობრივი სპეციფიკისთვის, ასევე აქტუალურია ეპოქის, გნებავთ თაობის მხატვრული ესთეტიკის კონტექსტში (გურამ გელოვანი, კორნელი სანაძე, ჟანი მეძმარიაშვილი და ა.შ.).

მეოთხე კურსიდან რობერტ სტურუა მოსკოვის სურიკოვის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო ინსტიტუტში იგორ გრაბარისა და ნიკოლაი ჩერნიშოვის სახელოსნოში განაგრძობს სწავლას. ჩერნიშოვი, 1920-იანი წლებიდან აქტიურად მუშაობდა მონუმენტური მხატვრობის მიმართულებით, განსაკუთრებით კი  მოზაიკური პანოები იტაცებდა. ლოგიკურია, რომ სტურუასთვის, რომლის შემოქმედებითი მემკვიდრეობის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ნაწილს მონუმენტური მხატვრობა შეადგენს, მსგავსი ცოდნა-გამოცდილება უმნიშვნელო ვერ იქნებოდა. მოსკოვში სწავლის დროსვე იკვეთება სტურუას ინტერესი იტალიური აღორძინებისადმი. ის განსაკუთრებით დიდ დროს უთმობს პაოლო ვერონეზეს, ჯოვანი ბატისტა ტიეპოლოსა და ტიციანის შემოქმედებითი მახასიათებლების შესწავლას, რაც იჩენს კიდეც თავს, მოგვიანებით, მის მიერ სხვადასხვა შენობის პლაფონისთვის შესრულებულ კომპოზიციებში.

1945 წელს რობერტ სტურუა მუშაობას იწყებს  აკაკი წერეთლის სახელობის,  ჭიათურის ახლადაშენებული თეატრის (არქ. კონსტანტინე ჩხეიძე, სკულპტურული შემკულობა – ვალენტინ თოფურიძე) მაყურებელთა დარბაზის ჭერის გაფორმებაზე. შენობის მხატვრული ინტერპრეტაცია ერთიან მკაფიო კონცეფციას მიჰყვება და ფერწერული პანო, ისევე როგორც ქანდაკება, ფაშიზმის დამარცხების უკვე შემდგარ ფაქტს განადიდებს. სიუჟეტური თხრობის ხერხი, რობერტ სტურუას მხატვრული გამომსახველობითობის ერთ-ერთი საფუძვლისმიერი ელემენტია, როგორც აქ ასევე ამ ტიპის ყველა სხვა ნამუშევარშიც. ცენტრალურ კომპოზიციას მხატვარი დახატული კარნიზის მოჩარჩოებას უკეთებს, რომელიც თავის მხრივ, ბორდიურის რეალურ ნაძერწობას ერწყმის და არქიტექტურასთან ნახატის ორგანულ, ილუზორულ თავსებადობას უზრუნველყოფს. საინტერესოა მხატვრული კომუნიკაციის სივრცე, რომელიც მაყურებელთა დარბაზსა და ჭერის მხატვრობაზე გამოსახულ ტიპაჟებს შორის იკვრება. მხატვრის მთავარი ამოცანა ჭერის ილუზორული გაქრობა და მაყურებელთა დარბაზში რეალისტურად გამოწერილი მხატვრული პერსონაჟებით დატვირთული დამატებითი რეგისტრის გაჩენა იყო. ჭერზე დატანილი ადამიანები დიდი ინტერესით „უცქერდნენ“ და „უღიმოდნენ“ დარბაზში მყოფთ და ალბათ ეს უკანასკნელნიც  დაუფარავი გაოცებით ათვალიერებდნენ მსგავსად შემკულ გადახურვას.


რობერტ სტურუა. გამარჯვების ზეიმი. ჭიათურის აკ.წერეთლის სახელობის თეატრის ჭერის მოხატულობა. დეტალი. 1945-1950


მცირედი სხვაობით, თუმცა ანალოგიური პრინციპით აფორმებს მხატვარი კულტურის სახლს ოზურგეთის სოფელ შრომაში (1953, თემა – გურიაში მეორე მსოფლიო ომის საშინელებას გამორიდებული უკრაინელების სამშობლოში სადღესასწაულო  გაცილება), კულტურის სახლის მაყურებელთა დარბაზის პლაფონს ქალაქ გალში (აფხაზეთი, თემა – თინათინის კორონაცია, 1950–იანი წლების მიწურული) და ტყიბულის კულტურის სახლის მაყურებელთა დარბაზის პლაფონს (არქიტ. კონსტანტინე ჩხეიძე, თემა –  ხალხური ზღაპრები, 1960). 1964წ.-ს რობერტ სტურუა შექმნის თბილისის იმელის ფილიალში ლენინიანას დარბაზის ფრიზის მხატვრობასაც (1964).


ბოროტსა სძლია კეთილმან. ტყიბულის კულტურის სახლის ჭერის მოხატულობა. დეტალი. 1960


დღევანდელი გადასახედიდან, თამამად შეიძლება ითქვას, რომ საქართველოს სხვადასხვა რეგიონის კულტურის სახლებისა და თეატრების მხატვრული გადაწყვეტა, ზოგადკულტურულ კონტექსტში, საბჭოთა კიტჩის საინტერესო ნიმუშებს ათვალსაჩინოებს. იგულისხმება არა ცალკეული ავტორის კონკრეტული ნამუშევარი, არამედ მოვლენის ჯამური, ერთიანი ინტერპრეტაცია – არაფრით გამორჩეული 40–50– იანი წლების რეგიონული არქიტექტურა, რომლის იერსაც ერთი მხრივ, ომით განპირობებული უსახსრობა, მეორე მხრივ კი დედაქალაქისგან სიშორე უდევს საფუძვლად; იტალიური პალაცოების დარად, უჩვეულო პომპეზურობით შემკული ინტერიერები, მხატვრობით შექმნილი ვიზუალური ეფექტები (ის რომ მოვლენა დედაქალაქში არ ხდება, შესაძლოა კვლავაც მეტი ექსპერიმენტულობის მიზეზად დასახელდეს) და ჩანაცვლებული პერსონაჟები. აქ შრომის გმირები და საბჭოეთის ხალხთა მეგობრობა მითოლოგიური სიუჟეტების ადგილს იკავებს; ყვავილებისა და ხილის გირლიანდებს კი საბჭოთა სიმბოლიკა ცვლის და თან ისე, რომ კომპოზიციის ზოგადი სქემა  პროტოტიპებთან ასოციაციურ ბმას ინარჩუნებს კვლავაც.  

მრავალფეროვნებით გამოირჩევა რობერტ სტურუას დაზგური ფერწერის ნიმუშები.



რობერტ სტურუა. პეიზაჟი. ტემპერა ფანერაზე. 48x41 სმ. ათინათის კერძო კოლექცია


1950 წელს, ქართული თეატრის 100 წლის აღსანიშნავად დაგეგმილი ღონისძიებების ფარგლებში ხელოვანი, მუშაობას იწყებს ქართული თეატრის ისტორიის გამორჩეული წარმომადენლების პორტრეტებზე; მათ შორისაა ნინო ჭავჭავაძის, ალექსანდრე გრიბოედოვის, ილია ჭავჭავაძის, აკაკი წერეთლის და ნიკოლოზ ბარათაშვილის გამოსახულებები. ნინო ჭავჭავაძის და ალექსანდრე გრიბოედოვის თემას ის შემდგომაც არაერთხელ უბრუნდება („ნინო ჭავჭავაძის და გრიბოედოვის ქორწილი“, 1940–იანი წლების ბოლო/1961 წ; ამავე თემის ვარიაციაა „გრიბოედოვი და ნინო ჭავჭავაძე თბილისში“,1957–1958; და მომცრო კომპოზიცია „პუშკინი სტუმრად გრიბოედოვის ქვრივთან“ და ა.შ.). შემოქმედების ამავე პერიოდს განეკუთვნება სტურუას პორტრეტები: დავით გურამიშვილი, სულხან–საბა ორბელიანი, „თამარ მეფის ფრესკა ბეთანიაში“, „ნიკოლოზ ბარათაშვილი მანანა ორბელიანის სალონში“, „ნიკოლოზ ბარათაშვილი კითხულობს ლექსებს ალექსანდრე ჭავჭავაძის სალონში“, „დავით აღმაშენებელი და იოანე პეტრიწი გელათის აკადემიაში“ (1957), „თბილისის აღება, დავით აღმაშენებელი“ (1960).


რობერტ სტურუა. გრიბოედოვი და ნინო ჭავჭავაძე. ტილო.ზეთი. 200X160


მნიშვნელოვანია მხატვრის მოგზაურობა სვანეთში და ამ მოგზაურობის შედეგად შექმნილი აკვარელის სერია (1955–1956). აქ უმთავრესი კვლავაც რაკურსების მრავალფეროვნება, ახლო და შორი კადრების ურთიერთმონაცვლეობის ხარჯზე შექმნილი ვიზუალური ეფექტები და არქიტექტურის მუქი, მრუმე ტონალობითა და ცის სიკამკამით მიღწეული კონტრასტია. უკვე 1960–იან წლებში, მხატვარი სერიებად ქმნის ქართული შუასაუკუნეების ხუროთმოძღვრული ძეგლების ამსახველ ტილოებს (გელათი, ნინოწმინდა, სვეტიცხოველი, სამთავისი და ა.შ.). მას ხიბლავს არქიტექტურის და ლანდშაფტის მიმართებების ჩვენება („ნარიყალას ციხე.კალოუბანი“). იგულისხმება როგორც ფორმისმიერი თვალსაზრისით, ასევე შინაარსობრივად.


რობერტ სტურუა. ნარიყალას ციხე - კალოუბანი. ზეთი ტილოზე. 53x67 სმ. ათინათის კერძო კოლექცია


რობერტ სტურუა. ტაძრის ფრაგმენტი. პასტელი ფანერაზე. 48 x 41 სმ. ATINATI-ს კერძო კოლექცია


რობერტ სტურუა. პეიზაჟი. ქაღალდი, გუაში. 55X40 სმ. 1960-იანი წლები. ათინათის კერძო კოლექცია


მხატვარი ბევრს მუშაობს პორტრეტის ჟანრში. მის ქალთა პორტრეტებში, კომპოზიცია სრულად პლასტიკურ მოტივს მორჩილებს. ეს მოტივი ტიპაჟის პოეტიზაციის საშუალებადაც გვევლინება და ამასთან დეკორატიულობის განცდის შემომტანიცაა. მხატვარი აქაც ერთგული რჩება უჩვეულო რაკურსების, ამიტომ გამოსახულება ხშირად მოახლოებული და ამოდიდებულია. სტურუას ხიბლავს ცალკეული დეკორატიული მოტივების გამოყენება, მათ შორის ხშირია ეროვნული მოტივების სტილიზებული ელემენტები, უჩვეულოდ დაწახნაგებული თავსაბურავები და მკვეთრი ფერადოვნება. 1959 წლით თარიღდება მხატვრის ქალიშვილის, ლენიკოს პორტრეტების ციკლი.


რობერტ სტურუა. მოლოდინითა იწვოდეს. ქაღალდი, შერეული ტექნიკა. 42x32 სმ. ათინათის კერძო კოლექცია


ქართული საჭადრაკო სკოლის წარმატებების აღსანიშნავად, ჟურნალისთვის „დროშა“, სტურუა ქმნის საჭადრაკო ცხენზე ამხედრებული ნონა გაფრინდაშვილის პორტრეტს. სასურათე ზედაპირზე მხოლოდ რამდენიმე ფერი ფიგურირებს, გამოსახულება პლაკატისეული სპეციფიკით ხასიათდება. გამოყენებულია ფიგურის დეკორატიული სტილიზაციის ხერხი და თუ გავითვალისწინებთ 1960-იანი წლების საჟურნალო პოლიგრაფიას (აშკარაა ამას თავად მხატვარიც ითვალისწიენებს), უნდა ითქვას, რომ მხატვარი ნონა გაფრინდაშვილის გამორჩეულად დასამახსოვრებელ პორტრეტს ქმნის.


რობერტ სტურუა. ჭადრაკის დედოფალი. ტემპერა და ფანქარი ქაღალდზე, მუყაო. 59x39,6 სმ. 1963. ათინათის კერძო კოლექცია


1970-იან წლებში ხელოვანი უმთავრესად დაზგურ ფერწერულ ნამუშევრებს ქმნის. ამ დროის კომპოზიციებში ის თითქოს თავს უყრის ყველა იმ მხატვრულ მახასიათებელს, რაც მის შემოქმედებას სხვადასხვა ეტაპზე გამოარჩევს. ასეთია ფერწერული ტილო „დადიანის ქალი და მათხოვარი“ (1969), სადაც ჩანს, როგორც კოლორისტული, ასევე ფორმისა და კომპოზიციური სქემის სტრუქტურირების მისეული სპეციფიკა; ქვევით დაწეული რაკურსით მიღწეული მონუმენტურობის განცდა, დეკორატიული მოტივის ნაირგვარობა და თხრობითი ნარატივის პრიორიტეტულობა.


რობერტ სტურუა. საოცნებო კოცნა. ტემპერა მუყაოზე, 19,5x29,5 სმ. 1970-იანი წლები. ათინათის კერძო კოლექცია


რობერტ სტურუა ერთ-ერთია საბჭოთა პერიოდში მოღვაწე იმ მხატვრებს შორის, ვინც რეჟიმის მკაფიო მოთხოვნების პარალელურად, ახერხებს შექმნას საკუთარი მკაფიო ინდივიდუალური ხელწერა.