menu

მარია პერინის სტუდია ვერის უბანში

1973 წელს რეჟისორმა გიორგი შენგელაიამ „ვერის უბნის მელოდიები“, პირველი ქართული მიუზიკლი გადაიღო. ფილმი პატარა დების - თამროს და მაროს ამბავზე მოგვითხრობს, რომელთაც ცეკვის შესწავლა სურთ, საამისო შესაძლებლობა კი არ აქვთ. მაგრამ, თბილისის ძველ და ისტორიულ უბანში აღმოჩნდება კეთილი ადამიანი, მრეცხავი ვარდო, რომელიც დედით ობოლ დებს სურვილის ასრულებაში დაეხმარება. შობის დღესასწაულის წინ ვარდო უბანში ისეთ ამბებს დატრიალებს, საქმე საყოველთაო ბუნტამდეც კი მივა. ამ ამბების ცენტრში არიან „ვერის უბნის ტანცკლასის“ იტალიელი პედაგოგი ცოლ-ქმარი.



კადრი ფილმიდან „ვერის უბნის მელოდიები“ მსახიობები სოფიკო ჭიაურელი, კახი კავსაძე და ალისა ფრეინდლიხი. რეჟისორი გიორგი შენგელაია. საქართველოს ეროვნული არქივის  კოლექციიდან


რეჟისორმა სცენარი ჰაუპტმანის პიესის „მელანიას ოინების“ მიხედვით შექმნა, თუმცა მასში    ქართული ნაციონალური ბალეტის „სუხიშვილების“ დამაარსებლის ნინო რამიშვილის ბავშვობის ისტორიის ერთი ფრაგმენტიც გამოიყენა. პატარა ნინო და მისი და თამარი მამამ მარია პერინის ქორეოგრაფიულ სტუდიაში მიაბარა, მაგრამ ოჯახს მალე ისე გაუჭირდა, გადასახადის გადახდა ვეღარ შეძლო. სტუდიის ხელმძღვანელი მარია რამიშვილებს სახლში ესტუმრა და ახარა, რომ ნიჭიერი გოგონები გადასახადისგან გათავისუფლებულები იყვნენ. აღსაზრდელებიდან პერინის სტუდიაში ბევრი სწავლობდა უფასოდ.


„მარია პერინის სტუდია“ სწორედ ვერის უბანში, კომენდანტის N24-ში (დღეს გრიბოედოვის), კომერსანტ არშაკუნის სასახლის ერთ-ერთ სივრცეში იყო განთავსებული. სტუდიის დამაარსებელი, ქორეოგრაფი და პედაგოგი მარია პერინი მეუღლესთან - პოლონური წარმოშობის ქართველ მხატვართან ჰენრიხ ჰრინევსკისთან ერთად ამ სასახლეში ცხოვრობდა და სარეპეტიციო დარბაზიც საცხოვრებელი ოთახის გვერდით ჰქონდა. მხატვარი ჰრინევსკი თბილისის სამხატვრო აკადემიის ერთ-ერთი დამფუძნებელი იყო. აკადემია დღეს ამ სასახლეშია განთავსებული.




კომერსანტ არშაკუნის სასახლის დარბაზი. ციფრული ბიბლიოთეკა „ივერიელის“ კოლექციიდან


მარია პენრიხ ჰრინევსკიმ მაშინ გაიცნო, როცა მას უკვე სახელგანთქმული ბალერინას სახელი ჰქონდა და მის გამოსვლებს თბილისის ოპერის თეატრში ხანგრძლივ ოვაციას უმართავდა მაყურებელი. იტალიელი ბალერინა თბილისში რომ ჩამოვიდა, ოპერის თეატრის პირველი შენობა დღევანდელი თავისუფლების მოედანზე, ძლიერი ხანძრისგან განადგურებული იყო. წარმოდგენები დროებით მუშთაიდის ბაღში, „სახაზინო თეატრში“ იმართებოდა. 1891 წლის 5 თებერვალს 18 წლის იტალიელმა ბალერინამ და ენრიკო ჩეკეტის მოსწავლემ მარია პერინიმ თბილისელი მაყურებლის წინაშე პირველად სწორედ ამ თეატრში იცეკვა. გაზეთ „კავკაზის“ ცნობით „პერინის ცეკვა განსაკუთრებული გრაციოზულობით იყო გამორჩეული“.



მარია პერინი


მარია პერინი ათი წელი თბილისის საოპერო თეატრის პრიმა-ბალერინა იყო. სცენას რომ დაემშვიდობა, თბილისში კლასიკური ცეკვების პირველი ქორეოგრაფიული სტუდია გახსნა, სადაც ყოველ წელს 150-მდე აღსაზრდელი სწავლობდა ბალეტს. ბევრმა საკუთარი ცხოვრება მთლიანად დაუკავშირა ცეკვას. მათ შორის იყო ვახტანგ ჭაბუკიანი, რომელიც შემთხვევის წყალობით აღმოჩნდა არშაკუნის  ლამაზ სასახლეში.



მარინა პერინი სტუდიის აღსაზრდელებთან 


1910-იანი წლებია. თბილისში, ვერაზე, ხელმოკლე ოჯახების შვილებისთვის მარია შევალიეს სამხატვრო-საოსტატო სასწავლებელი აქვს გახსნილი. პატარები წნელის კალათებს წნავენ, მუყაოსგან სათამაშო ფიგურებს აკეთებენ. მრავალშვილიანი, ხელმოკლე ოჯახიდანაა ვერცხლისწყალივით მოძრავი 12 წლის ბიჭი. შევალიე კარგად ხვდება, რომ მას განსაკუთრებული ინტერესი აქვს მუსიკისა და ცეკვისადმი და საახალწლო საჩუქრებით სავსე კალათს მარია პერინის სტუდიაში სწორედ მას გაატანს. ასე აღმოჩნდება ვახტანგ ჭაბუკიანი ზღაპრულ სამყაროში. ვინ იცის, რომ არა ეს მოულოდნელი ვიზიტი, როგორ წარიმართებოდა  გენიალური მოცეკვავის ბედი. „ბედის თუ განგების წყალობით, მე, 12 წლის ბიჭი, შევეყარე პერინის... ბალეტს ალბათ ახლოსაც არ გავეკარებოდი, პერინი რომ არ გამოჩენილიყო ჩემ სავალ გზაზე“- იგონებდა წლების შემდეგ ჭაბუკიანი.


 

მარია პერინის სტუდიის გამოსაშვები საღამოს აფიშა


მარიამ თავიდანვე შეამჩნია ვახტანგ ჭაბუკიანის ნიჭი და მას არა მხოლოდ ასწავლიდა ცეკვას, ქორეოგრაფიული ნომრების დადგმასაც კი ანდობდა. 1920 წელს, დამოუკიდებელ საქართველოში, სტუდიას ,,სახელმწიფო თეატრის საბალეტო სკოლა” დაერქვა. რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის შემდეგ კი სტუდია ოპერის თეატრთან არსებული გახდა.




თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის ქორეოგრაფიული სტუდია. მოსწავლეთა შორის მაარცხნიდან სხედან პედაგოგები დავით ჯავრიშვილი, მარია პერინი, გარი ბარხუდაროვი. 1930 წ. ხელოვნების სასახლის კოლექციიდან.


1927 წელს საბჭოთა საქართველოს განათლების სახალხო კომისარიატმა მარია პერინს სამსახიობო და საბალეტო-პედაგოგიური მოღვაწეობის 30 წლისთავის აღსანიშნავი საღამო გაუმართა. მისი ღვაწლის შესახებ ბოლშევიკების მთავარი ბეჭდური ორგანო „კომუნისტი“ წერდა: „საბჭოთა ხელისუფლება აფასებს მარია პერინის ღვაწლს. მისი სტუდია დღეს სახელმწიფო საბალეტო სტუდიადაა გადაკეთებული.“



გაზეთი „კომუნისტი“ მარია პერინის არტისტული და პედაგოგიური მოღვაწეობის 30 წლის იუბილის შესახებ. 1927 წ. N69


მაგრამ ეს არ აღმოჩნდა საკმარისი, რომ ადამიანი, რომელსაც უდიდესი ღვაწლი მიუძღოდა ქართული საბალეტო სკოლის ჩამოყალიბებაში, დაფასებული ყოფილიყო. ამბობენ, რომ პერინი წარდგენილ იქნა საქართველოს სსრ დამსახურებული არტისტის წოდებაზე. ბოლო წუთს კომუნისტურმა ხელისუფლებამ გადაწყვეტილება შეცვალეს. მიზეზი მისი უცხო ქვეყნის მოქალაქეობა იყო. 1930-იანი წლების პოლიტიკურ რეპრესიებს ვერც პერინის მეუღლე ჰენრიხ ჰრინევსკი გადაურჩა. გამორჩეული ადამიანი, შემოქმედი და პედაგოგი სამოცდარვა წლის ასაკში დახვრიტეს. მისი მდიდარი არქივი თითქმის მთლიანად განადგურდა. ჩეკისტების მიერ სახლის გაჩხრეკის დროს გადმოყრილი დოკუმენტები, პროექტები, ფოტოები არშაკუნის სასახლის ეზოში ყოფილა მიმოფანტული.საბედნიეროდ, შემოგვრჩა ილია ჭავჭავაძის პირველი აკადემიური, გედევანიშვილისეული გამოცემა ჰრინევსკის ილუსტრაციებით. ასევე, ჰრინევსკიმ სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკის (ახლა ეროვნული ბიბლიოთეკის პირველი კორპუსის) შენობის პროექტი ანატოლი კალგინთან ერთად მოამზადა.



ეროვნული ბიბლიოთეკის პირველი კორპუსი (ყოფილი თავადაზნაურთა ბანკის შენობა). ანატოლი კალგინის და ჰენრიხ ჰრინევსკის პროექტი. 1913-16 წწ. ეკა კიკნაძის კოლექციიდან


1937 წელს სტალინური რეჟიმის მსხვერპლი გახდა პერინის შვილი პირველი ქორწინებიდან - ფერდინანდ ინოჩენცი (იტალიელი აბდონ ინოჩენცის შვილი, რომელმაც 27 წელი იმუშავა თბილისის ოპერის მთავარ ბალეტმაისტერად). 


იტალიაში დაბრუნებამდე, 1936 წლის დეკემბერში მარია პერინი დაესწრო მისი აღზრდილის ვახტანგ ჭაბუკიანის მიერ დადგმული პირველი ქართული ბალეტის ,,მზეჭაბუკის" (კომპოზიტორი ანდრია ბალანჩივაძე) პრემიერას და დარწმუნდა, რომ მის შრომას უკვალოდ არ ჩაევლო. ბალეტში მონაწილე მსახიობთა უმრავლესობა მარია პერინის სტუდიის აღზრდილები იყვნენ. ქართულ ბალეტს საიმედო მომავალი ესახებოდა. მარია პერინის მოწაფეების უმრავლესობა სახელგანთქმული მოცეკვავე ან ქორეოგრაფი გახდა - ნინო რამიშვილმა და ილიკო სუხიშვილმა ქართული ცეკვის სახელმწიფო ანსამბლი დააარსეს, სოლიკო ვირსალაძე მსოფლიო თეატრალურ ხელოვნებაში გამორჩეული სცენოგრაფია გახდა, წარმატებით ცეკვავდნენ თბილისის ოპერის სცენაზე მარია ბაუერი, ლილი გვარამაძე, ირინა ალექსიძე და სხვები. მაგრამ მასწავლებელი მათი წარმატების მომსწრე ვერ გახდა.



ჯარჯი. ვახტანგ ჭაბუკიანი. ბალეტიდან „მზეჭაბუკი“ („მთების გული“)


საქართველოში 47 წლიანი მოღვაწეობის შემდეგ მარია პერინი იძულებული გახდა გაეყიდა ყველაფერი, საბჭოთა კავშირიდან გასახლების გამო სამგზავრო ფული რომ შეეგროვებინა. დაუდასტურებელი ცნობებით საქართველოდან ჯერ ტურინში გაემგზავრა, ხოლო შემდეგ ნიცაში გადავიდა, სადაც მის დას პანსიონი ჰქონდა და რამდენიმე წელში გარდაიცვალა.


თბილისიდან წასვლის შემდეგ მოსწავლეები პედაგოგის თბილ და სევდიან წერილებს იღებდნენ. „ვივი, იანა, რუზანა...“ მიმართავდა სტუდიის ბოლო გამოშვების საუკეთესო ბალერინებს და მონატრებულ სალამს უგზავნიდა. უფროსებმა ბავშვებს წერილების გადამალვა მოსთხოვეს. მარია პერინის თბილისიდან პასუხები არ მიუღია.