menu

Christmas is Coby


“Christmas is Coby” - როგორ შექმნა ქართველმა ჯორჯ კობიმ ამერიკული საახალწლო სათამაშოები


მბზინავი მინა, რბილი ფერები, ვერცხლისფერი ზედაპირი და განსაკუთრებული შეფუთვა. საქართველოს პირველი რესპუბლიკის სახელმწიფო დროშის შინდისფერი ფერის ყუთებში ჩალაგებულ 12 ცალ სათამაშოზე ამოტვიფრული იყო წარწერა — “Christmas is Coby”. ბრენდის ამ ემოციური გზავნილით საახალწლო სათამაშოების შემქმნელი ამერიკის მოსახლეობას   პერსონალურად ულოცავდა შობას.   


 

“Christmas is Coby”  - ამერიკაში გრიგოლ კობახიძის მიერ შექმნილი ნაძვის ხის სათამაშოები


სლოგანი “Christmas is Coby“ ამერიკული საშობაო მარკეტინგის ერთ-ერთ ყველაზე დასამახსოვრებელ ფრაზად იქცა. Coby-ის ბურთულები თაობიდან თაობას გადაეცემოდა როგორც საშობაო რელიკვია. ჯორჯ კობიმ საკუთარი საშობაო ვიზუალური იდენტობა შექმნა. ეს მეორე მსოფლიო ომის შემდგომ ამერიკაში მოხდა. ხალხს სურდა სახლებში დაებრუნებინა სითბო, ბრჭყვიალა ფერები და სადღესასწაულო განწყობა. საახალწლო დეკორაციებზე მოთხოვნა იზრდებოდა. ამ პერიოდს ემთხვევა კომპანია Coby Glass გარდაქმნა — ტექნიკური მინის პარალელურად კომპანიამ ჯერ ნაძვის ხის ქიმიური სითხით სავსე ელექტროსანათები ე.წ. "Babel Lamps" შექმნა, რომლებმაც ნამდვილი სანთლები შეცვალა, შემდეგ კი მინის ხელნაკეთი საახალწლო ბურთების წარმოებაც დაიწყო.



გრიგოლ კობახიძე


კომპანია Coby Glass კი 1919 წელს ჯორჯ კობიმ, იგივე გრიგოლ კობახიძემ მასაჩუსეტსის შტატის ქალაქ ეთლბოროში (Attleboro) დააფუძნა. თავდაპირველად კომპანია სამშენებლო შუშაზე, სამედიცინო მინის ნაწარმსა და სამრეწველო დეტალებზე იყო ორიენტირებული. 1920-იანი წლების ამერიკა ემიგრანტებისთვის ახალი ცხოვრების დასაწყისის სიმბოლოდ იქცა. მათ შორის იყო ქართველი გრიგოლ კობახიძე, რომელიც ამერიკაში George Coby სახელით გახდა ცნობილი.


კომპანიის ლოგო


რაჭაში, სოფელ თხმორში დაბადებული გრიგოლ კობახიძე 10 წლის ასაკში თავგადასავლების საძებნად სახლიდან გაიპარა. კითხვა–კითხვით ჩავიდა ჯერ ოკრიბასა და ქუთაისში, შემდეგ – ბორჯომში, სადაც ახალგახსნილ მინის ქარხანაში მისი უფროსი ძმა ლევანი, უფროს მემანქანედ მუშაობდა. ბორჯომში ოთხი წელი დაყო. შემდეგ ევროპაში აღმოჩნდა, მე-20 საუკუნის დასაწყისში კი ამერიკაში ჩავიდა. ძმასთან მინის ქარხანაში მუშაობამ მას საშუალება მისცა  მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ამერიკელებისთვის საშობაო დღესასწაული გაეფერადებინა.



სხედან გრიგოლ კობახიძის რძალი და ძმა - ეკატერინე და ლევან კობახიძეები. 

დგანან: გრიგოლ კობახიძის მეუღლე დაშა ნოდვიკოვა,  დისშვილი ზინა სულაძე, გრიგოლ კობახიძე


საქართველოში გრიგოლ კობახიძე 1920-იან წლებში ორჯერ დაბრუნებულა - დედისთვის საჩუქრები ჩაუტანია, სოფლისთვის სკოლა, აფთიაქი გაუხსნია, მდინარე შარაულაზე - ხიდი აუგია, შეუკეთებია ეკლესია. გადმოცემით ცნობილია, რომ ძმისშვილს უცნობებია დაჭერას გიპირებენო და მაშინ მეორედ დატოვა საქართველო, ამჯერად სამუდამოდ.



სოფელ თხმორში 2023 წელს გრიგოლ კობახიძის ფოტო მუზეუმი გაიხსნა, მის მიერ მაღაზიისთვის შეძენილი შენობა კი დღემდე დგას სოფელში


აშშ-ში გრიგოლ კობახიძემ  სწრაფად დაიმკვიდრა თავი როგორც გამომგონებელმა და მეწარმემ. „ქართველი მეფე“ - ასე იხსენიებდნენ წარმატების მწვერვალზე კობის მის მიერ გამოგონილი სამშენებლო ტექნოლოგიების გამო. ტექნოლოგიები კი მოიცავდა ცათამბჯენების მშენებლობისთვის წყალგამძლე ბეტონს, მყარ მინის ბლოკებს. ამ და სხვა გამოგონებებმა კობი ამერიკაში პირველ ქართველ მილიონერად აქცია. ეს ინფორმაცია კომპანია Coby Class-ის ვებ გვერდზე იძებნება.

20-იანი წლების ამერიკაში დიდი სამუშაოები დაიწყო, რომელსაც „ცისკენ რბოლას“ (“Race to the Sky”) ეძახიან. ნიუ-იორკში ყველაზე მაღალი ცათამბჯენის მშენებლობაზე კომპანიებს შორის დიდი კონკურენცია გაიმართა. ჯორჯ კობი და მისი კომპანია, „Empire State Building“-ის, 1970 წლამდე მსოფლიოში ყველაზე მაღალი ნაგებობის მშენებლობაში მონაწილეობის მისაღებად მიიწვიეს. კომპანიას მინის პანელების დამზადება და მონტაჟი დაევალა, რომელიც ჩვეულებრივ ფანჯრებს არ წარმოადგენდა. ამოცანა იყო, კომპანიას ისეთი მინა დაემზადებინა, რომელიც გაუძლებდა „ქარის წნევას მიწიდან 1250 ფუტზე მეტ სიმაღლეზე“. „Empire State Building“ წელიწადსა და 45 დღეში აიგო და 1931 წლის 1 მაისს გაიხსნა.



ანჯრების მონტაჟის დროს 


კომპანიის ვებგვერდზე ვკითხულობთ: „კობი გლასმა“ შეკრიბა გამოცდილი მინის მუშების ჯგუფი, რომელთაგან ბევრი ახალი ემიგრანტი იყო, რომლებიც აყვავებულ ქალაქში შესაძლებლობებს ეძებდნენ. ჯორჯმა პირადად ასწავლა მათ მის მიერ დაპატენტებული მონტაჟის მეთოდი, ხაზს უსვამდა უსაფრთხოებას, ეფექტურობას და ხელოსნობის სიამაყეს. გუნდს ქართან, ყინვასთან და თავბრუდამხვევი სიმაღლეებთან შეჯახება უწევდა.  მაგრამ ჯორჯის ხელმძღვანელობით ისინი საათის მექანიზმის სიზუსტით მუშაობდნენ. მათ მონტაჟში არც ერთი მნიშვნელოვანი შეცდომა არ დაფიქსირებულა“. გრიგოლ კობახიძე მთელი ცხოვრების განმავლობაში ეწეოდა ქველმოქმედებას, განსაკუთრებით ეხმარებოდა ქართველ ემიგრანტებს არამარტო ამერიკაში, არამედ ევროპაშიც. ცნობილი ქართველი ემიგრანტისა და პარფიუმერის, გიორგი მაჩაბლის სუნამოსთვის – Prince Matchabeli სამეფო გვირგვინის ფორმის სუნამოს ფლაკონები თავდაპირველად გერმანიაში, შემდგომ კი კობის კომპანიამ დაამზადა.   

გრიგოლ კობახიძის თავის დროზე სურვილი ჰქონია ძმისშვილები ან ახლო ნათესავები წაეყვანა ამერიკაში, მაგრამ ვერ შეძლო და საბჭოთა კავშირში დაწყებული რეპრესიების გამო, იძულებული იყო საერთოდ შეეწყვიტა ოჯახთან ურთიერთობა. საბოლოოდ გრიგოლმა ბიზნეს პარტნიორებად იტალიური წარმოშობის ძმები ჯიმ და ჯული პაგლისები აიყვანა, რომლებმაც მისი საქმე გააგრძელეს, კომპანიას კი დღემდე სახელი არ შეცვლია. გრიგოლ კობახიძე 84 წლის ასაკში 1967 წელს გარდაიცვალა. 1940-იანი წლებიდან Coby-ის საახალწლო სათამაშოები სუპერმარკეტებსა და სპეციალიზებულ სადღესასწაულო ბუტიკებში იყიდებოდა. კომპანიის ყუთებზე აღნიშნული იყო: “Made in USA by Coby Glass Products Co.” საშობაო მინის ბურთებმა საშობაოდ ათასობით ამერიკელის სახლი გაანათეს.




იშვიათი ნიმუში მანუჩარ პირველის კერძო კოლექციიდან


დღეს Coby-ის ორიგინალური საახალწლო ბურთები აღარ იწარმოება. ვისაც ნაძვის ხის ვინტაჟური აქსესუარები იზიდავს, მათთვის კობის საშობაო სათამაშოების ყიდვა ონლაინ პლატფორმებზეა შესაძლებელი. ამერიკულ ოჯახებში, როგორც ჩანს, ის დღესაც იწვევს ნოსტალგიურ ემოციებს. ვისაც ნაძვის ხის მორთვა  განსაკუთრებულ სიხარულს ანიჭებს და ვინტაჟური სათამაშოებიც ხიბლავს, შეიძლება ჯორჯ კობის ნაძვის ხის ფერადი ბურთები სახლშიც კი გქონდეთ. დააკვირდით მათ შეფუთვას, იქნებ თქვენ ქართველი გრიგოლ კობახიძის - ჯორჯ კობის საშობაო სათამაშოების მფლობელები ხართ.