აკაკი წერეთელი, თამამად შეიძლება ითქვას, რომ საქართველოში ყველაზე სახალხო პოეტია, ქვეყანაში მას ყველა შემოქმედზე უკეთ იცნობენ და ყველაზე მეტად უყვართ. ამის მთავარი მიზეზი მის ხასიათსა და ბუნებაშიც არის და, რაც მთავარია, მისი შემოქმედების თავისებურებაში. მაღალი მიმღებლობის, გახსნილი, ბუნებრივი, სადა, ადამიანური, ხშირად საკუთარი თავის მოქილიკე პოეტი, რომელიც არასოდეს უსვამდა ხაზს საკუთარ სიღრმეს და სიმაღლეს, ხალხისთვის მისაღები, მარტივად აღსაქმელი პოეტური ფორმებით, ხალხის სათქმელის შემოქმედებითი გადააზრებით, სათქმელთან ზედმიწევნით მისადაგებული მეტაფორებითა და იდიომებით, იუმორით თუ სევდით, დაუნდობლად ამხელდა ადამიანურ სისუსტეებსა თუ პოლიტიკურ და სოციალურ მანკიერებებს, უცნაურად ღრმა ემპათიას გამოხატავდა ხალხის სატკივრის მიმართ, რითაც თანაბარ ინტერესს იწვევდა თავის თანამედროვე საზოგადოებაშიც და შემდგომშიც.

აკაკი წერეთელი, „მომაკვდავის ფიქრები“. კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, აკაკი წერეთლის პირადი არქივი
აკაკი წერეთელი მე-19 საუკუნის, იმ ეპოქის შემოქმედი იყო, რომლის დროსაც ხალხის თანდათანობითი კონსოლიდაციისთვის, ერთიანი ენის, ერთიანი სააზროვნო სისტემის შექმნისთვის, საქართველოს მეტ-ნაკლები ინტეგრაციისთვის განვითარებული ქვეყნების სისტემაში ტიტანური შრომა და უჩვეულოდ დიდი ძალისხმევა იყო საჭირო. აკაკი წერეთელი, სხვა დიდ მოაზროვნეებთან ერთად, ამ ეპოქის კორიფე იყო. სწორედ ამ პრიზმიდან შექმნილი მისი შემოქმედება – პოეზია, პროზა, დრამატურგია, პუბლიცისტიკა, სხარტულები და ხატოვანი თქმები – დიდ ინტერესს, შესაბამისად, საგულისხმო ეფექტს იწვევდა მის გარშემომყოფთა შორის.

აკაკი წერეთლის პორტრეტი. კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, დუტუ მეგრელის პირადი არქივი
პოეტის პირად არქივში ვხვდებით ერთ საარქივო საქაღალდეს, რომელიც არც მას ეკუთვნის და არც მასთანაა გაგზავნილი, მაგრამ სწორედ ის ასახავს ყველაზე ზუსტად, სინამდვილეში ვინ იყო აკაკი წერეთელი – ეს 50 გაყვითლებული ფურცელი პოეტის ჯანმრთელობის მდგომარეობით დაინტერესებულ მოქალაქეთა დეპეშებია, რომლებიც, მისგან დამოუკიდებლად, მის პირად ექიმს, სამსონ თოფურიას ეგზავნებოდა.

აკაკი წერეთლის წამლების რეცეპტები კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, აკაკი წერეთლის პირადი არქივი
ვინ იყო აკაკი წერეთელი? იმერელი თავადის ოჯახში დაბადებული, დედის მხრიდან იმერეთის მეფის მემკვიდრე, რომელიც, ძველი ქართული ტრადიციის თანახმად, იზრდებოდა ძიძასთან. ძიძაობის ამ კეთილშობილური ინსტიტუტის წყალობით, თავადების ოჯახებში დაბადებული, მაღალი წრის ბავშვები ავთენტურ, ბუნებრივ პირობებში ცხოვრობდნენ გლეხების ყოფით, იზიარებდნენ მათ სიხარულსა და განსაცდელს, მათ აზროვნების სისტემებს, ხედვას, გემოვნებას, ფასეულობებს. ასეთ პირობებში სულ სხვაგვარი ემპათიით იმუხტებოდნენ გარემომცველი საზოგადოების მიმართ. ქუთაისის კლასიკური გიმნაზიის შემდეგ, სამხედრო კარიერისა და განათლების მოსურნე აკაკი წერეთელი პეტერბურგის უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტზე იწყებს სწავლას. სამშობლოში სწავლის დასრულებამდე დაბრუნებული კი სალიტერატურო და საზოგადოებრივ მოღვაწეობას ჰკიდებს ხელს.

აკაკი წერეთელი სტუდენტობის დროს. პეტერბურგი, 1859 წელი.
ნებისმიერი მოღვაწე, მით უფრო, მაღალი საზოგადოებრივი რეპუტაციის, მეტ-ნაკლებად ფიქრობს და აწესრიგებს თავის ინტელექტუალურ დანატოვარს. სხვაგვარად მოხდა აკაკი წერეთლის შემთხვევაში, მისი გარდაცვალების შემდგომ არსად აღმოჩნდა ერთიანად თავმოყრილი მისი არქივი, ესეც მისი პორტრეტის შტრიხია, მას სახელისთვის, სამომავლო დიდებისთვის არ უცხოვრია. აკაკი წერეთელმა გარდაცვალებამდე ორი წლით ადრე დაწერა ანდერძი, რომლის თანახმადაც, თავის ინტელექტუალურ საკუთრებაზე საავტორო უფლება (მცირე გამონაკლისის გარდა) გადასცა ექვთიმე თაყაიშვილის მიერ დაარსებულ საქართველოს საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოებას. პოეტის დაკრძალვის შემდგომ საქართველოს საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოება აკაკისთან დაახლოებულ საზოგადო მოღვაწეებს უგზავნის პერსონალურ მიმართვას, რომ მათი ორგანიზაცია „აგროვებს ყოველგვარს ნივთს, რომელიც აკაკის საკუთრებას შეადგენდა. აკაკის წერილებს ნაცნობ-ნათესავთადმი და მეგობრებისადმი და ამათს წერილებს აკაკისადმი, მგოსნის თხზულებათა ავტოგრაფებს და ყოველგვარს ცნობას, რომელიც მგოსნის ბიოგრაფიისთვის გამოდგება, გთხოვთ, მოგვაწოდოთ თქვენი მოგონებანი განსვენებულის შესახებ, აგრეთვე, თუ რამ მისი ნაწერი ან კერძო წერილი ან ნაქონი ნივთი მოგეპოებათ.“ მიმართვას ხელს აწერს ექვთიმე თაყაიშვილი. ასე დაიწყო აკაკის ინტელექტუალური მემკვიდრეობის გადარჩენა.
დღეს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში დაცულ აკაკი წერეთლის რამდენიმე ასეული ერთეულისგან შემდგარ არქივში ძალიან ბევრ ერთეულს ეტყობა ამ გზით შემოწირულობის კვალი. ასე გადაურჩა დაკარგავს და დავიწყებას აკაკი წერეთლის არაერთი ნივთი.
სხვათა შორის, მას მიეწერება საქართველოში შავი ქვისა და მარგანეცის საბადოების საკითხით პირველი დაინტერესება, ევროპელ მეწარმეთა ჩართვა ამ საქმეში და პირველი პრაქტიკული ნაბიჯების გადადგმაც. სწორედ შავი ქვის წარმოებასთან დაკავშირებულ მიმოწერაში არისტო ქუთათელაძისთვის ასეთი რამ ურჩევია: „სიფრთხილე, სიჩუმე, ენერგია და თავის გამოუჩენლობა, მარჯვნივ მუშაობა და მარცხნივ თავის ჩვენებაო“. ამ რჩევის მიმცემ კაცზე, ვერ ვიტყვით, ცხოვრება არ ესმოდაო.
„ველი შენი ცელქი კალმის ნაწარმოებებსო - ასე თამამად და პირდაპირ სწერდა სერგეი მესხი აკაკი წერეთელს. „ცელქი კალამი“ - შემოქმედებითი აქტის ამგვარი მეტაფორა, ერთი შეხედვით, სიმჩატისა და არასერიოზულობის ასოციაციას ქმნის, სინამდვილეში კი ორ მთავარ რამეს უსვამს ხაზს: პირველი – ადვილად მისასვლელობა პოეტთან, როგორც კომუნიკაციური, ისე აღქმითი, შემეცნებითი თვალსაზრისით და – მეორე (მთავარი) – აკაკის შემოქმედებითი პროცესის ძალდაუტანებელი, ბუნებრივი, თავისთავადი ნაყოფიერება. სერგეი მესხის წერილი წერილზე მისდის პოეტს, „დროებას“ დიდი საჭიროებები აქვს. აკაკი წერეთლისთვის გაგზავნილი თხოვნების ეს ზენორმირებული ნიხრი ლამის სტანდარტად იქცეს. ასეთივე სათხოვრები აქვთ სხვებსაც (ხშირად დაკვეთის მსგავსად, თემატიკის მითითებით), მაგალითად, ნიკო ნიკოლაძე სწერს, დაწეროს წერილი, რომელშიც ისაუბრებს თანამდებობაზე დანიშნული პირების ერთ მანკიერებაზე, სხვის დასანახად როგორ სურთ მათ, დაჩაგრონ თავისიანები. ბუნებრივია, სათხოვარი აქვს ილია ჭავჭავაძესაც, მასაც სურს, აკაკიმ გაზეთ „ივერიაში“ ითანამშრომლოს, მაგრამ შიშობს, ეს თხოვნა ზნეობით ძალდატანებად არ მიიჩნიოს პოეტმა და „ჰოს“ თქმაც გაუძნელოს და „არასიც“.
.jpg)
ილია ჭავჭავაძის სადარბაზო ბარათი აკაკი წერეთლისთვის. კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, აკაკი წერეთლის პირადი არქივი
რა საინტერესოა, როგორ განწყობაზე დადგებოდა 35 წლის აკაკი, როცა 1875 წელს, შემოქმედებითი პიკისკენ მიმავალ, უკიდურესად პროდუქტიულ მოღვაწეს ფოსტით ნიკო ნიკოლაძის ეს წერილი მიუვიდოდა: „მე ათასი და ათი ათასი დამამტკიცებლები დავინახე შენი წერის საკვირველ გავლენისა და უფრო მეტათ დავაფასე შენი ნიჭი და გრძნობა, მაგრამ ... რისგან არის, რომ შენ, მაგალითად, ჩემზე მეტს ვერ ახერხებ და ჩვენზე მეტი გავლენა არა გაქვს ქვეყანაზე? მარტო იმისგან, რომ თავიდან გიორპირა და წაგახდინა იმ საშინელმა განსხვავებამ, რომელიც შენსა და შენი ამხანაგების შუა იყო. შენ ყოველთვის უნიჭო და რეტი ამხანაგები გყავდა და მათთან შედარებით შენ უშრომლათ, უსწავლელადაც შეგეძლო მათზე მეტი გაგეკეთებინა. ამან გაგაზარმაცა შენ და დამჯდარ შრომას გადაგაჩვია“. როგორი გულისტკივილი იგრძნობა ნიკო ნიკოლაძის ამ სიტყვებში და როგორ ღრმად ესმის მას პოეტის პოტენცია, ამ „ზენიტის“ მიუხედავად, მაინც არარეალიზებული. საგულისხმოა, რომ პუბლიცისტმა აქცენტი დასვა „ძალაზე“, როგორც რაღაც მთავარზე, ძირეულზე, „ტკბილხმოვანებას“ აღმატებულზე.
აკაკი წერეთელს ერთი საინტერესო პოეტური მანერა ჰქონდა – საკუთარ თავს „გარემოების საყვირად“, ერთგვარ გამტარად, მედიატორად აღიქვამდა გარემოსა და მკითხველს შორის, სინამდვილეში სწორედ მასში გამოტარებული სათქმელი ისეთი ენერგეტიკით იყო დამუხტული, ისეთ იმპულსებს გამოსცემდა, რომ დიდ ინერციულ წრეებს ქმნიდა საზოგადოებაში და ძალიან ბევრ რამეს უკეთესობისკენ ცვლიდა.
.jpg)
აკაკი წერეთელი, „პოეტი“. კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, აკაკი წერეთლის პირადი არქივი
მეოცე საუკუნის 40-იან წლებში გალაკტიონ ტაბიძეს, დიდ ქართველ პოეტს, უბის წიგნაკში ჩაუწერია თავისებური ტექსტი, რომელიც შესაძლოა, გადაჭარბებულიც ჩანდეს, მაგრამ თუ კარგად დავაკვირდებით, ალბათ სწორედ ეს შტრიხები, ეს კონტურები, ეს იმპულსები სცემს პასუხს კითხვაზე, სინამდვილეში ვინ იყო ჩვენთვის აკაკი წერეთელი: „აკაკი წერეთელი: გარეგნულად ლომი (ასეთი გარეგნობის პირები ეხლა საქართველოში არავინ არის. სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით). გამოხედვაში არის დაცინვა, რომელიც ტანჯავდა ბევრს მთელი საუკუნის განმავლობაში. შუბლზე გამოხატულია წინაპართა დაღი, დიდი გვარის, წერეთლების გვარეული სიმტკიცე. აკაკი უნდა ყოფილიყო არა პოეტების მეფე, როგორც ის იყო ნამდვილად თავის საუკუნეში, არამედ დინასტიური მეფე, მფლობელი საქართველოსი. რუბენსისთვის იგი იყო საუკეთესო ტიპი – როგორც სხეული, ნიცშესთვის იგი გამოდგებოდა ზე-კაცის იდეალად, სულიერად, გარეგნულად იგი უნდა ყოფილიყო ყველაზე უფრო მოხუც სენატორთა თავმჯდომარე, საუკეთესო პრეზიდენტი რომელიმე რესპუბლიკის, პრემიერ-მინისტრი ყველაზე უფრო უძლიერესი სახელმწიფოსი. იგი უნდა ყოფილიყო მსოფლიო რევოლიუციის დროს აღელვებულ ქვეყნის დასამშვიდებლად.“