XIX საუკუნის პირველ ნახევარში თბილისში შექმნილი ქართული თავადაზნაურობის პორტრეტი, ე. წ. ტფილისური პორტრეტული სკოლა, განსაკუთრებული მოვლენაა საქართველოს ხელოვნების ისტორიისთვის. ამ მხატვრული სკოლის საუკეთესო ნიმუშები გამოირჩევა თვითმყოფადობითა და მაღალი მხატვრული ღირსებებით. ასევე, მათში განსაკუთრებული სიმძაფრით გამოვლინდა ეროვნული ხასიათი. აღსანიშნავია, რომ ტფილისური პორტრეტული სკოლის ჩამოყალიბება ემთხვევა ახალი ქართული ხელოვნებისა და საქართველოში დაზგური მხატვრობის განვითარებას.

უცნობი მხატვარი, ერეკლე II; ტილო, ზეთი; 89X71; XVIII ს-ის II ნახ.; სემ – ხელოვნების მუზეუმი.
უცნობი მხატვარი, დარეჯან დედოფალი; ტილო, ზეთი; 68X60; XVIII ს-ის II ნახ.; სემ – ხელოვნების მუზეუმი.
ახალი ქართული ხელოვნების დასავლეთევროპული კულტურისგან განსხვავებული გზით განვითარება მრავალმა ფაქტორმა განაპირობა: გვიან შუასაუკუნეებში არსებულმა ურთულესმა პოლიტიკურმა ვითარებამ და გაუთავებელმა ომიანობამ, ასევე დიდი ხნის განმავლობაში შემორჩენილმა ფეოდალურმა წეს-წყობილებამ და მართმადიდებლური-ქრისტიანული ხელოვნების ძლიერი ტრადიციის სიცოცხლისუნარიანობამ. XIX საუკუნის დასაწყისშიც, ტფილისური პორტრეტული სკოლის ჩამოყალიბების პერიოდში, საქართველოში ურთულესი, შეიძლება ითქვას გარდამტეხი და ტრაგიკული მოვლენები ვითარდებოდა. საქართველოს ანექსიის შემდეგ რუსულმა მმართველობამ გააუქმა არა მხოლოდ მეფობა და ეკლესიის ავტოკეფალია, არამედ მოშალა ქვეყნის მთელი სოციალური წესრიგი და საზოგადოებრივი სტრუქტურა.
უცნობი მხატვარი, გიორგი XII; ტილო, ზეთი; 49X60; XVIII ს-ის II ნახ.; სემ – ხელოვნების მუზეუმი.
ბუნებრივია, ტფილისურ პორტრეტულ სკოლას თავისი წანამძღვრები ჰყავდა. ამ მხრივ, უპირველეს ყოვლისა უნდა აღინიშნოს შუასაუკუნეების ქართული კედლის მხატვრობა - ქტიტორული პორტრეტი, რაც ამ სკოლის ფორმირებისას წარმმართველი კომპონენტი იყო. ასევე, საყურადღებოა, იმდროინდელ საქართველოში კარგად ცნობილი ირანული მხატვრული ტრადიცია, ისევე, როგორც ევროპული პარადული პორტრეტის ზეგავლენით შექმნილი XVIII საუკუნის მეორე ნახევრის ქართული პარადული პორტრეტი, რომელიც რამდენიმე ათწლეულით წინ უსწრებს ტფილისური პორტრეტული სკოლის ჩამოყალიბებას.
ქართული დაზგური მხატვრობის, XVIII საუკუნის მეორე ნახევრის ქართული პარადული პორტრეტის დაბადება უშუალოდ სამეფო კარს უკავშირდება. ამ პორტრეტებზე გამოსახულები არიან ქართველი მეფეები - ერეკლე მეორე, სოლომონ პირველი, გიორგი მეთორმეტე და მათი შთამომავლები. არსებობს ვარაუდი, რომ ქართული, პარადული პორტრეტის ნიმუშების დიდი ნაწილი შეიქმნა რუსეთში ქართველ ბატონიშვილთა და მთელი სამეფო კარის გადასახლების დროს. ეს ნამუშევრები შესრულებულია ევროპული, პარადული, პორტრეტული მხატვრობის არსებითი მახასიათებლების გათვალისწინებით, თუმცა ისინი სხვადასხვა ნიჭისა და განსწავლულობის მხატვრების ხელითაა შექმნილი. სავარაუდოდ, პორტრეტები შეასრულეს სამეფო ოჯახის ამალაში მყოფმა ქართველმა ან ნაწილობრივ, რუსმა და ევროპელმა მხატვრებმა. თუმცა, საყურადღებოა, რომ არც ერთი პორტრეტი არაა ხელმოწერილი, რაც ასევე გვაფიქრებინებს, რომ მათი შემქმნელები ქართველები იყვნენ, რადგანაც ევროპელი და რუსი მხატვრები XVIII საუკუნის მეორე ნახევარში საკუთარ ხელმოწერას აუცილებლად დატოვებდნენ.
.png)
უცნობი მხატვარი, თეიმურაზ II; ტილო, ზეთი; 70X58; XVIII ს-ის II ნახ.; სემ – ხელოვნების მუზეუმი.
სამეფო გვარის წარმომადგენლები გამოსახულები არიან მკერდამდე ან წელამდე ნეიტრალურ ფონზე და მთლიანად ავსებენ თითქმის ნატურალური ზომის სასურათე სიბრტყეს. მათი პოზები კომპოზიციურად გაწონასწორებული და მყარია. ყველა პორტრეტში გამოვლენილია ინდივიდუალური სახის ნაკვთები, ხასიათი, განწყობა. ფერწერულად ხაზგასმულია სამოსის სიმდიდრე, გულდასმითაა შესრულებული სამეფო წარჩინების ნიშნები, აქსესუარები, მოსართავები. განათებით აქცენტირებულია სახეები, სამეფო რეგალიები, წარჩინების ნიშნები. ეს პორტრეტები თანადროული, რუსული, პარადული პორტრეტებისაგან სისადავითა და ნაკლები პომპეზურობით განსხვავდება. აღსანიშნავია, რომ ქართული პარადული პორტრეტი უფრო მეტ სიახლოვეს ავლენს პოლონურ მხატვრობასთან - სარმატულ პორტრეტთან.
XIX საუკუნის პირველივე წლებში უნდა იყოს შექმნილი პორტრეტების ჯგუფი, რომელიც უკვე საკმაოდ განსხვავდება XVIII საუკუნის მეორე ნახევრის პარადული პორტრეტებისგან. ამ სურათებში უფრო თვალნათლივ იკითხება ადგილობრივი ტრადიციული ხელოვნებისათვის არსებითი თავისებურებანი და მხატვრული გემოვნება, რაც გვაფიქრებინებს, რომ მათი შემქმნელი ქართველი მხატვარი უნდა იყოს. ეს სურათები შესრულებულია ე. წ. გარდამავალ პერიოდში, როდესაც განელებული იყო ინტერესი ევროპული პარადული პორტრეტისადმი და უკვე ისახებოდა ახალი, თვითმყოფადი მხატვრობის შექმნის მცდელობა. აქ უკვე თვალნათლივ იგრძნობა ძველი, შუა საუკუნეების ქართული ხელოვნების გამოცდილება. მიუხედავად საერთო სქემისა და იკონოგრაფიული ტიპის წესის დაცვისა, ცალკეული მხატვრები მაინც არ ივიწყებენ განსხვავებულ მხატვრულ ტრადიციებსაც – დასავლეთ და აღმოსავლეთ ევროპულსა თუ ირანულს.
უცნობი მხატვარი, იმერეთის მეფე სოლომონ I; ტილო, ზეთი; 70X53; XVIII ს-ის II ნახ.; სემ – ხელოვნების მუზეუმი.
იმის გამო, რომ უფრო ადრინდელი პორტრეტების მსგავსად, „ტფილისური პორტრეტული სკოლის“ არც ერთი ნიმუში არაა ხელმოწერილი, რთულია სკოლის გაჩენის ზუსტი თარიღის დადგენა. XIX საუკუნის 20-30-იან წლებში ეს მეტად თავისებური, თვითმყოფადი და ერთიანი სტილის მქონე „ტფილისური პორტრეტული სკოლა“ უკვე დაფუძნებულია და ის დაახლოებით ორმოცდაათი წლის განმავლობაში არ კარგავს თავის განსაკუთრებულ მნიშვნელობას. საქართველოში შემორჩენილია ამ სკოლის 200-მდე ნამუშევარი. საფიქრებელია, რომ ეს ნაწარმოებები მხოლოდ მცირედი ნაწილია იმ მრავალრიცხოვანი პორტრეტებისა, რომლებიც უნდა შექმნილიყო XIX საუკუნის პირველი ნახევრის განმავლობაში.
სტილისტური ნიშან-თვისებების ერთიანობით გამორჩეული სკოლის ფარგლებში შეიმჩნევა განსხვავებული ხელწერისა და ბუნების ტემპერამენტის მხატვართა არსებობა, რაც პორტრეტების ცალკეულ ჯგუფებში გაერთიანების საშუალებას იძლევა. „ტფილისური პორტრეტული სკოლის“ ნიმუშებს თითქმის აღარაფერი აქვთ საერთო ქართული პარადული სკოლის ნაწარმოებებთან, თუმცა ისინი, ე. წ. „გარდამავალი ხანის“ ნიმუშებთან შედარებით, ფაქტობრივად, მხოლოდ ზომაში შემცირდა, უფრო კამერული და ინტიმური გახდა. ისინი არ გამოირჩევა კომპოზიციური მრავალფეროვნებით. ადამიანის გამოსახულება მოთავსებულია ტილოს თითქმის გეომეტრიულ ცენტრში და სასურათე სიბრტყის დიდ ნაწილს იკავებს. სურათში ანტურაჟი ან მინიმუმამდეა დაყვანილი, ან საერთოდ არ არსებობს, რათა მაყურებლის ყურადღება არ იქნეს გადატანილი ცენტრიდან, სახიდან და სხეულიდან. უმეტესობა მათგანში ფონი სადაა, ერთგვაროვანი და რომელიმე ერთი ფერის. სამ მეოთხედში გადმოცემული ფიგურები უმეტესად წელამდე ან მუხლამდეა გამოსახული. მათი პოზები გაწონასწორებული და სტატიკურია. იშვიათია ორ ან რამდენიმეფიგურიანი, ჯგუფური კომპოზიციები, პირიქით, საკმაოდ ხშირია წყვილადი პორტრეტები, რომლებზეც გამოსახული პირები სამი მეოთხედითაა ერთმანეთისაკენ შებრუნებული.
პორტრეტების უმეტესობა ზემოქმედებას ახდენს ფიგურის მეტყველი სილუეტით. როგორც წესი, კონტური არ იკითხება, მაგრამ ხაზი საკმაოდ ზუსტია, დენადი, მოქნილი და ფიგურის სილუეტს უმეტეს ნიმუშებში ფონიდან რბილად გამოჰყოფს. ამგვარი ლოკალური ლაქებით გადაწყვეტილ სხეულზე განსაკუთრებით რელიეფურადაა ამოძერწილი პლასტიკურად დამუშავებული სახე და ხელები. თითქმის მინიატურული ფერწერული ტექნიკით გადმოიცემა ქსოვილის მატერიალურობა, დახვეწილი ნაქარგობის რელიეფი, მარგალიტის თბილი ლიცლიცი და საერთოდ მთელი ჩაცმულობის ესთეტიკა. ყოველ პორტრეტში მხატვრის ყურადღება ძირითადად სახეზე ჩერდება. მეტყველი, ინდივიდუალური, ხშირ შემთხვევებში მძაფრად დახასიათებული, ზოგიერთ, განსაკუთრებით მამაკაცთა პორტრეტებში გროტესკულ ხასიათსაც ატარებს. ამავე დროს, პორტრეტების დიდი ნაწილი ეპოქისათვის, იმდროინდელი ქართული სინამდვილისათვის დამახასიათებელი რომანტიკული განწყობილებითა და ძველი, ფეოდალური ცხოვრებიდან გამოყოლილი არისტოკრატული ღირსებითა და სიდარბაისლით გამოირჩევა.
გამოსახულ პირთა უმრავლესობა ქართველი თავად-აზნაურობაა. ოდნავ სევდიანი, დაფიქრებული, მშვიდი სახეები გამოკვეთილი ეთნიკური ნიშნებით ხასიათდება. ერთგვარი თავისებური წარდგენა, უტყვი, თითქოს „დამუნჯებული“ დგომა, რამდენადმე გაყინული, შეჩერებული, დაფიქსირებული პოზები, ზოგიერთ ნიმუშში საკუთარ თავში ჩახურული, ჩაკეტილი ემოცია, უმეტესად სევდა - უპირველეს ყოვლისა, უდავოდ ადგილობრივ, ტრადიციულ ხატწერას მოგვაგონებს.

უცნობი მხატვარი, თავადი ნინო ქსნის ერისთავი; ტილო, ზეთი; 135X90; 1829; სემ – ხელოვნების მუზეუმი.
სკოლაში დასტურდება სხვადასხვა პროფესიული დონის, განსწავლულობის, ტექნიკური ცოდნისა და ნიჭის მხატვართა ნამუშევრები. თუმცა აქაც ჩანს გარკვეული ერთიანობა. აღინიშნა, რომ პორტრეტები ძირითადად ხელმოუწერელია, ავტორები – უცნობი, რაც სავარაუდოდ ძველი ქართული საეკლესიო ხელოვნებიდან მომდინარე ტრადიციის სიცოცხლისუნარიანობაზე მეტყველებს. საგულისხმოა ისიც, რომ ადგილობრივ ხელოვანთათვის ნიშანდობლივ ამ ტრადიციას ემორჩილებოდა „ტფილისური სკოლის“ წარმომადგენელი ყველა არაქართველი მხატვარიც. საბედნიეროდ, ძირითადად საარქივო წყაროებისა და იმდროინდელ პრესაში არსებული მასალის წყალობით, ცნობილია იმ არაერთი მხატვრის გვარი, რომელიც XIX საუკუნის პირველ ნახევარში საქართველოში მოღვაწეობდა და საფიქრებელია, იყო კიდევაც ამ პორტრეტთა შემქმნელი: გიორგი და დავით ბეჟიაშვილები, სულხან გერმანოზის ძე ბარათაშვილი, ბასთამოვი, ციციშვილი, აკოფ ოვნათანიანი, ანდრონიკაშვილი, მიკირტუმ ნაკაზბაშევი, მიხეილ ტროშჩინსკი, გერმანე რეიში, მაღალაძე, ლუდვიგ ლონგო, ისაია ჯანჯუღაშვილი, ანტონ კოწოწაშვილი, გეგელიძეები, გრიგოლ მაისურაძე და უეჭველად კიდევ სხვა უცნობი მხატვრები.
უცნობი მხატვარი, მიხეილ ივანეს ძე კოლოუბნელი, ტილო, ზეთი; 88X65; XIX ს-ის დასაწყ.; სემ – ხელოვნების მუზეუმი
საგულისხმოა, რომ „ტფილისური პორტრეტული სკოლის“ ფარგლებში ყმაც, გლეხიც, ხელოსანიცა და თავადიშვილიც ქმნის, რაც მთავარია, სულით ერთნაირად ამაღლებულ ნიმუშებს, თუმცა ფორმალურად, რამდენადმე განსხვავებულად, მაგრამ თავისებური დახვეწილობით. ალბათ იმ მიზეზით, რომ იმ პერიოდის საქართველოში ჯერ კიდევ ცოცხალი და საკმაოდ მკვიდრი იყო ფეოდალური საზოგადოებისათვის არსებითი იერარქიულობა. როგორც ჩანს, ქრისტიან ხატმწერთათვის დამახასიათებელი საკუთარი ქმნილებებისადმი დამოკიდებულებისა და მიდგომის შუასაუკუნეობრივი სული, ჯერ კიდევ არ იყო გამქრალი ყოფილ მართმადიდებლურ სამეფოში.
ქართული, დაზგური მხატვრობის შედარებით გვიან გაჩენამ, ტრადიციულ სასულიერო მხატვრობისათვის თავის ვერ დაღწევამ, ხატთან უწყვეტმა კავშირმა, აღმოსავლურმა და დასავლურმა მხატვრულმა გამოცდილებამ და ეპოქისეულმა სულმა, განწყობამ, სიახლემ „ტფილისური პორტრეტული სკოლის“ ორიგინალური სახე განაპირობა. ამ პორტრეტთა სტილისტური ანალიზის საფუძველზე დასტურდება ქართული ხასიათის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თვისება (რომელიც არსებით იყო მთელი ქართული ხელოვნების ისტორიის განმავლობაში, XX საუკუნის ჩათვლით), ტიპურობა, ზოგადობა და საყოველთაობა.
უცნობი მხატვარი, თავად ნიკოლოზ ედიშერის ძე მუხრან-ბატონის ოჯახი; ტილო, ზეთი; 94,5X136; 1862; სემ – ხელოვნების მუზეუმი
ძნელად გასაგები არ უნდა იყოს, თუ რა აკავშირებთ პორტრეტებზე გამოსახულ ადამიანებს. ყოველი მათგანი, როგორც ითქვა, ძირითადად ერთი სოციალური წრის - ქართული თავადაზნაურობის წარმომადგენელია. მათ საერთო მსოფლმხედველობრივი მრწამსი აერთიანებთ, ისინი თანამოაზრეები არიან. ყოველ მათგანს, პირველ ყოვლისა, „სამკვიდროს დაკარგვა“ ადარდებს, მაგრამ ისინი საკუთარი ღირსებით აღსავსენი, თავიანთი აზრის სიმართლეში და წარსული ცხოვრების სისწორეში დარწმუნებულნი გვეჩვენებიან. ყოველივე ეს გასაგებია, რადგან ამ პერიოდის საქართველოში ჯერ კიდევ ცოცხალი იყო ფეოდალურ-არისტოკრატული სული. ამიტომ კაეშანი, რომელიც ამ ადამიანებს მოსძალებიათ, არის არა რაციონალურ-სკეპტიკური და ინდივიდუალისტური, არამედ საყოველთაოა, სარწმუნოებრივ და წოდებრივ მოვალეობათა პასუხისმგებლობით გაჯერებული. ეს ის ადამიანები არიან, რომელთაც ყველაზე მეტად უნდა შეხებოდა ეროვნული დამოუკიდებლობის დაკარგვით გამოწვეული ტკივილი, რადგან პირველ ყოვლისა ისინი იყვნენ პასუხისმგებლები თავიანთი ქვეყნის მომავალზე.