menu

ქართული სახელმწიფოებრიობა: 3000-წლოვანი უწყვეტი ტრადიცია


საქართველოს გაცნობისას პირველი ასოციაციები სხვადასხვაგვარია, თუმცა საერთო წარმოდგენებისა თუ შთაბეჭდილებების გამოყოფა მაინც შესაძლებელია: ღვინის სამშობლო, მდიდარი კულტურული მემკვიდრეობა, მაღალმთიანი ქვეყანა და მრავალფეროვანი ბუნებრივი გარემო, ქვეყანა ევროპისა და აზიის გასაყარზე, ძველი ქრისტიანული ქვეყანა, საკუთარი და ორიგინალური დამწერლობა, მეგობრული და სტუმართმოყვარე ხალხი, გემრიელი და მრავალფეროვანი სამზარეულო, მრავალხმიანი ფოლკლორი და ცეცხლოვანი ცეკვები... არიან ისეთებიც, საქართველოსთან დაკავშირებით პირველ ყოვლისა სტალინი რომ ახსენდებათ.


რატომღაც ასე მოხდა, რომ ამ ასოციაციებმა და განსაზღვრებამ, რომ საქართველოს „ძველი ისტორია“ გააჩნია, ერთგვარად ჩაანაცვლა ერთ-ერთი მთავარი ამბავი საქართველოსთვის: როგორი კრიტერიუმებითაც არ უნდა მივუდგეთ, საქართველო დღეს არსებული 200-მდე ქვეყნიდან ერთ-ერთი უძველესია. დიახ, საქართველოს უძველესი და უმდიდრესი სახელმწიფოებრივი ტრადიცია აქვს და ქვეყნის მახასიათებლების ჩამოთვლისას ხშირად სწორედ ეს, ერთ-ერთი უმთავრესი და შესაძლოა ყველა სხვა ღირსების განმსაზღვრელი, გამოგვრჩება ხოლმე.


ზეპირი საუბრისას, საჯარო გამოსვლის დროს, უბრალოდ სუფრის სადღეგრძელოში თუ სიმღერის ტექსტშიც კი, ქართველებს გვიყვარს აღნიშვნა, რომ, როგორც ერსა და სახელმწიფოს, „3000-წლოვანი ისტორია“ გვაქვს. თანამედროვე ფოლკლორი რომ გვერდზე გადავდოთ და უძველეს წერილობით წყაროებს მივაკითხოთ, ვნახავთ, რომ მიახლოებით და „დამრგვალებულად“ ქართული სახელმწიფოებრიობა მართლაც ამ ხნოვანებისა გამოდის.


ვიდრე ასაკს დავუბრუნდებოდეთ, უნდა განვმარტოთ ცნება „ისტორიული საქართველო“. ნებისმიერი ქვეყანა, რომელსაც არსებობის 1-2-საუკუნოვანი ისტორია მაინც აქვს, საზღვრების ცვლილებას განიცდიდა. და წარმოიდგინეთ, როგორი დინამიკა იქნებოდა ათასწლეულების მანძილზე. დროთა განმავლობაში ჩამოყალიბდა ქართულ იდენტობასთან მჭიდროდ დაკავშირებული აღქმა, დაკარგული თუ შეძენილი ტერიტორიებიდან რომელია „მისი“, „ქართული“ და რომელი არა. თუ დავაკვირდებით, „ისტორიულის“ განსაზღვრისას მნიშვნელოვანი ყოფილა არა იმდენად ტერიტორიების პოლიტიკურ საზღვრებში შემოსვლა, ან ეთნიკური სურათი ამა თუ იმ პროვინციაში. „ისტორიული საქართველო“ უპირველესად გულისხმობს რეგიონებსა და პროვინციებს, რომლებიც, ქართველთა წარმოდგენით, ქმნიდნენ და ასულდგმულებდნენ ქართულ სახელმწიფოებრიობასა და ეროვნულ კულტურას. ამ სტატიაშიც ხშირად, როცა საქართველოს ვახსენებთ, სწორედ ამ პირობით „ისტორიულ საქართველოს“ მოვიაზრებთ. 


ქვეყანა ისტორიულად სამ დიდ რეგიონად იყოფა: აღმოსავლეთ, დასავლეთ და სამხრეთ საქართველო (ეს უკანასკნელი რეალურად სამხრეთ-დასავლეთი უფროა). თითოეულ ამ ნაწილს გეოგრაფიულის გარდა ღრმა პოლიტიკური შინაარსიც გააჩნია. ეს ის სეგმენტებია, რომლებსაც დამოუკიდებელ ქართულ სახელმწიფოებად არსებობის ტრადიციები გააჩნია. დასავლეთი და აღმოსავლეთი ლიხის ქედითაა გაყოფილი. მთათა ეს სისტემა კიდევ უფრო დიდი მიჯნაა, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს. ის არა მხოლოდ ქვეყნის, არამედ შავი და კასპიის ზღვების აუზების გამყოფიცაა და ერთ-ერთი გაგებით, ევროპისა და აზიის გასაყარიც გახლავთ. ისტორიული სამხრეთი საქართველო თავად მოიცავს ორი ზღვის აუზს - არსიანის ქედით გაყოფილ ჭოროხისა და მტკვრის ხეობებს. მისი უმეტესი ნაწილი დღეს თურქეთის, შედარებით მცირე კი საქართველოს შემადგენლობაშია.


არქეოლოგიური მასალა ბრინჯაოს ხანაში მთელი სამხრეთ კავკასიის განვითარების მაღალ მაჩვენებელზე მიანიშნებს, რაც აქ ალბათ ადრესახელმწიფოებრივი წარმონაქმნების არსებობასაც გულისხმობს. თუმცა ყველა მათგანის შესახებ წერილობითი ცნობები არ გაგვაჩნია. ძვ. წ. II-I ათასწლეულის მიჯნის ეპიგრაფიკული ტექსტები მხოლოდ სამხრეთ საქართველოს გაერთიანებებს ასახელებენ. სწორედ აქამდე აღწევენ ასურეთისა და ურარტუს ძლევამოსილი სახელმწიფოები, ებრძვიან მათ, ცდილობენ დამორჩილებას, დროდადრო ახერხებენ კიდეც და ამის წყალობით შემოგვრჩა ინფორმაცია უადრესი ქართული წარმონაქმნების შესახებ. შესაბამისად, ქართული სახელმწიფოებრიობის ათვლასაც დიაოხიდან (დაიაენი) და კოლხადან ვიწყებთ, რომლებიც ლურსმულ წარწერებში ძვ. წ. II ათასწლეულის მიწურულიდან გვხვდება.


   * * *


როდესაც სახელმწიფოზე, როგორც ქართველთა იდენტობის ერთ-ერთ განმსაზღვრელზე ვსაუბრობთ, სიძველის გარდა აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ მეორე, არანაკლებ მნიშვნელოვანი მახასიათებელი - უწყვეტობა. ისტორიამ არაერთი ადრეული სახელმწიფო იცის, ერთ დროს საკმაოდ ძლიერებიც, მაგრამ მათი არსებობა (ხანდახან დომინანტი ხალხისა და ენისაც) რაღაც ეტაპზე შეწყდა, ან დიდი ხნით შეჩერდა. რიგითი ქართველი კი ამაყობს და ალბათ სამართლიანადაც, რომ მას სახელმწიფოებრიობის თითქმის უწყვეტი ისტორია აქვს. დროდადრო, როდესაც ერთი ერთეულის არსებობას რომელიმე დიდი სახელმწიფო მოუღებდა ბოლოს, დანარჩენებიდან ერთი მაინც აგრძელებდა ესტაფეტას. ამის შესაძლებლობას გეოგრაფიული მრავალფეროვნებაც იძლეოდა და ის გარემოებაც, რომ კავკასია ტრადიციულად იმპერიათა შეხვედრის ადგილი იყო. ქართული პოლიტიკური ერთეულები თვითგადარჩენის გზას ხშირად მათი დაპირისპირების ფონზე ლავირებით ახერხებდნენ.


ამ ფაქტორთა ერთობლიობამ ერთი პარადოქსი გამოიწვია: მიუხედავად მცირე მასშტაბისა, საქართველო, მისი ისტორიული საზღვრებით, სრულად ვერცერთმა დიდმა სახელმწიფომ ვერ დაიპყრო. მის რომელიმე ნაწილში ყოველთვის განაგრძობდა არსებობას ცალკე ქართული სამეფო თუ სამთავრო. როდესაც ასეთი პოლიტიკური ერთეულების დამოუკიდებლობა შეზღუდული იყო, იქ მაინც არსებობდა გარკვეული ფორმით ავტონომიური ხელისუფლება და სახელმწიფოებრივი ინსტიტუტები, რომლებიც, პირველივე შესაძლებლობისთანავე, აღიდგენდნენ ხოლმე შელახულ სუვერენიტეტს.


უწყვეტ სახელმწიფოებრიობასთან სიტყვა „თითქმის“ ვიხმარეთ და ის გამონაკლისები უნდა ვახსენოთ, რომელმაც ეს ჯაჭვი გაწყვიტა. ერთადერთი სახელმწიფო, რომელმაც ქართული სახელმწიფოებრიობის ყველა ნიშანი სრულად მოაშთო, რუსეთი გახლდათ.


 

რუსეთის ჯარის შემოსვლა ტფილისში. 1799. გრავიურა.


ცარიზმი 1801 წლიდან ნაბიჯ-ნაბიჯ იპყრობს ქართულ პოლიტიკურ ერთეულებს და მალევე ეუფლება მის უმეტეს ნაწილს. რამდენიმე სამთავრო, მართალია პროტექტორატის ქვეშ, მაგრამ ფორმალურად მაინც ინარჩუნებს დამოუკიდებელ სტატუსს. 1867 წელს სამეგრელოს (ოდიშის) სამთავროს საბოლოო გაუქმებით რუსეთმა დაასრულა სახელმწიფოებრიობის ლიკვიდაციის პროცესი საქართველოში. თუმცა სრულად მანაც ვერასოდეს შეიერთა ყველა „ქართული მიწა“. სამხრეთის ტერიტორიის გარკვეული ნაწილები ოსმალეთის იმპერიას დარჩა.


 

 ნიკო დადიანი – სამეგრელოს უკანასკნელი მთავარი (1853-1867). სამეგრელოს სამთავროს გაუქმებით რუსეთის იმპერიამ დაასრულა ქართული-სამეფო სამთავროების დაპყრობის პროცესი.


მეორე ასეთი წყვეტა საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის (1918-1921) ოკუპაციიდან 1991 წლამდე, საბჭოთა კავშირის დაშლამდე პერიოდს მოიცავს. ემიგრაციაში მოსახლეობის გახიზვნით და რეპრესიებით დასუსტებული დაპყრობილი ქვეყანა „დიად საბჭოურ ოჯახში“ თითქოს მცირე სახელმწიფოებრივ ნიშნებს ატარებდა (საქართველო „საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკად“ იწოდებოდა), თუმცა რეალურად ეს წმინდა წყლის ბუტაფორია გახლდათ.


   * * *


ჩვენთვის ცნობილი პირველი სახელმწიფოებრივი წარმონაქმნების - დიაოხისა და კოლხას დაცემის შემდეგ პერიოდში საქართველოს ტერიტორიაზე ორი, ერთმანეთისგან მეტწილად დამოუკიდებელი პოლიტიკური სივრცე ჩამოყალიბდა - დასავლეთსა და აღმოსავლეთში. ამ სამეფოებს ქართული ტრადიცია ეგრისად და ქართლად, ბერძნულ-ლათინური (და შესაბამისად, ევროპული) ტრადიცია კი კოლხეთად და იბერიად იცნობს. სამხრეთი აღმოსავლეთ საქართველოს ნაწილად, პოლიტიკურ „ქართლად“ იქცა და ასეთად დარჩა დიდხანს.


კიდევ ერთი თავისებურება, რაც მდიდარ ქართულ სახელწიფოებრიობას გააჩნია: საქართველო მხოლოდ არასრული 5 საუკუნით იყო პოლიტიკურად ერთიანი (XI-XV სს.). თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ ამ „ერთიანშიც“ ხანდახან სხვა ქართული პოლიტიკური ერთეულები ან ცალკეული ტერიტორიები არ შედიოდა, ერთიანობის ხანა კიდევ უფრო დავიწროვდება. ერთიანი სახელმწიფო XX საუკუნეში ორჯერ, 1918 და 1991 წლებში აღდგა, თუმცა არა ყველა „ისტორიული“ ტერიტორიით.



საქართველო გაერთიანებამდე პერიოდში
(X ს. II ნახ.).


ქართული სახელმწიფოებრიობის ისტორიამ არა მარტო დიდი, არამედ მძიმე, ბრძოლებით, დაშლა-დაქუცმაცებებითა და აღდგენა-გაერთიანებებით აღსავსე გზა გაიარა. და მაინც, რამდენ ადგილობრივ სახელმწიფოს უარსებია ამ ხანგრძლივ პერიოდში საქართველოს ტერიტორიაზე? ისტორია, და მათ შორის - პოლიტიკური ვითარება, ყოველთვის ცალსახა პასუხების გაცემის საშუალებას არ იძლევა, ამიტომ ზუსტი რიცხვის დასახელება ჭირს. თუმცა დაახლოებით მაინც შეგვიძლია ვთქვათ, რომ მათი რაოდენობა 30-35-ის ფარგლებში იყო.


ერთიანი სამეფოს ხანას დაშლის პერიოდი მოჰყვა და პროცესმა პიკს (თუ ანტირეკორდს) XVII-XVIII საუკუნეთა მიჯნაზე მიაღწია, როცა საქართველოს ტერიტორიაზე 10-მდე პოლიტიკური წარმონაქმნი თანაარსებობდა, მათ შორის, 3 სამეფო (ქართლის, კახეთისა და იმერეთის). ასეთ ერთეულებს ერთმა ქართველმა ისტორიკოსმა მოსწრებულად „საქართველოები“ უწოდა. ერთი მხრივ იმიტომ, რომ მათი დიდი უმრავლესობა მართლაც ქართული იყო - მმართველი ელიტის პოლიტიკურ-კულტურულ-ენობრივ-რელიგიური კუთვნილებითა და ძირითადი მოსახლეობის ეთნიკური შემადგენლობით; მეორე მხრივ და უმთავრესად კი იმით, რომ უმეტესი მათგანი, განსაკუთრებით ერთიანი სამეფოს დაშლის შემდეგ, ერთი მთლიანის ნაწილად განიხილავდა თავს, მიუხედავად პოლიტიკური წონისა თუ ამბიციისა.


საქართველო მაქსიმალური პოლიტიკური დანაწევრების პერიოდში
(XVII-XVIII სს.).


ყველაზე ხანგრძლივ ერთიანობას X-XI საუკუნეთა მიჯნიდან ეყრება საფუძველი. საუკუნეზე მეტი ხანი დასჭირდა პროცესს, რომელიც მეფე დავით აღმაშენებელმა (1089-1125) დაასრულა. პრაქტიკულად ის იყო ისტორიაში პირველი მმართველი, რომელმაც ყველა „ქართული ტერიტორია“ ერთ სამეფოში მოაქცია. მისი შვილიშვილის შვილის, საქართველოში ეგზომ პოპულარული ქალი მონარქის - თამარისა (1178/84-1213) და მისი შვილების პერიოდში კი საქართველოს საზღვრებმა მთელი ისტორიის მანძილზე თავის მაქსიმუმს მიაღწია - ის დაახლოებით 2,5-ჯერ დიდი იყო თანამედროვე საქართველოზე.



ბაგრატ III (978-1014) – ერთიანი საქართველოს პირველი მეფე.
ბედიის ტაძრის მხატვრობა.



დავით IV აღმაშენებელი (1089-1125) – მეფე, რომელმაც რეალურად დაასრულა
საქართველოს გაერთიანების პროცესი. გელათის მონასტრის მხატვრობა.



მეფე თამარი (1178/1184-1213) და მისი ძე გიორგი IV ლაშა (1213-1223) –
საქართველოს მეფეები, რომელთა პერიოდში საქართველოს სამეფომ
მაქსიმალურს საზღვრებს მიაღწია.


ამას გარდა, არაერთი მეზობელი პოლიტიკური ერთეული საქართველოს უზენაესობას ცნობდა. პოლიტიკური, სამხედრო, ეკონომიკური და კულტურული ზენიტის ამ საუკუნოვან პერიოდს (1120-იანი - 1220-იანი წწ.) საქართველოს ოქროს ხანას უწოდებენ და მემატიანის ფრაზას, რომ ამ დროს საქართველო გადაჭიმული იყო „ორ ზღვა შუა“, „ნიკოფსიიდან დარუბანდამდე“, დღესაც სიამაყით იმეორებს ისტორიის მოყვარული ქართველი. მახლობელი აღმოსავლეთის ერთ-ერთი ანგარიშგასაწევი სახელმწიფოს ძლიერებას მონღოლთა შემოსევებმა დაუსვა წერტილი. მალე ერთანობაც დაირღვა 70 წლის ინტერვალით. „ქართული მიწების“ ერთ სახელმწიფოში მოქცევის მცდელობები სხვა ეპოქებშიც იყო, თუმცა ეს სრულად ვერ ხერხდებოდა და არც სტაბილური ხასიათი ჰქონდა.


 საქართველოს სამეფო ძლიერების ზენიტში
(XIII ს. I მესამედი)


XX საუკუნის უდიდესმა კატაკლიზმებმა, და ზედ დამატებულმა ეროვნულმა მზაობამ, ორჯერ მოიტანა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შესაძლებლობა. I მსოფლიო ომისა და რუსეთის იმპერიის დაცემის შედეგად საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა შეიქმნა (1918-1921), საბჭოთა კავშირის დაშლის შედეგად კი თანამედროვე საქართველოს სახელმწიფო ჩამოყალიბდა. 



საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების სხდომა. 1919.


საქართველო ვეღარ აღდგა სრულად „ისტორიულ საზღვრებში“, ამას საბჭოთა ოკუპაციის შემდეგ ტერიტორიული დანაკარგები დაერთო, 1990-იან წლებში კი რუსეთის მიერ ორი რეგიონის დე-ფაქტო ჩამოჭრაც დაემატა, თუმცა ისტორიული პერსპექტივიდან ეს მონაკვეთები მაინც შეგვიძლია „ერთიანობის“ პერიოდებად ჩავთვალოთ.


დამოუკიდებლობის აღდგენის გამოცხადება.
საქართველოს უზენაესი საბჭოს სხდომა. 9 აპრილი, 1991.


როგორც ვხედავთ, ერთიანობის პერიოდების ჯამი სახელმწიფოებრიობის ისტორიის ხანგრძლივობასთან - „3000 წელთან“ შედარებით ცოტა მოკრძალებულად გამოიყურება, თუმცა ქართველთა კოლექტიური ცნობიერება მთელ ამ დიდ ისტორიას მაინც „ერთიანად“ და „ერთიანობად“ აღიქვამს. ეს ალბათ საერთო ეთნიკური წარმომავლობის, ერთი სამწიგნობრო-სალიტერატურო ენისა და დამწერლობის, ქართველურ ენათა ნათესაობის, საერთო ეკლესიური ორგანიზაციისა და ერთიანი სამეფოს პერიოდში განმტკიცებული საერთო იდენტობით აიხსნება.


  * * *


სხვადასხვა მიზეზთა გამო ისე მოხდა, რომ ერთი ისტორიული პროვინციის სახელი ჯერ აღმოსავლეთ პოლიტიკურ ერთეულს - ქართლის სამეფოს ეწოდა, შემდეგ კი მისი მნიშვნელობა კიდევ განივრცო და გაერთიანებული ქვეყნისა და ხალხის სახელწოდებას დაედო საფუძვლად: ქართველი (= „ქართლელი“), საქართველო („ქართველთა ქვეყანა / სამკვიდრო“). ქვეყნის დედაქალაქიც ისტორიულ ქართლში მდებარეობს. დამწერლობაც ქართლის სამეფოში შეიქმნა და სალიტერატურო ენადაც აღმოსავლური იქცა, რომელსაც „ქართულს“ ვუწოდებთ (დასავლეთ საქართველოში არსებობს კიდევ სამი, ან შესაძლოა ორი ენა: მეგრული და ლაზური - ან მეგრულ-ლაზური („კოლხური“) და სვანური). ამ ფაქტორთა გამო საქართველოში ერთგვარი „ქართლოცენტრიზმი“ ჩამოყალიბდა და ხშირად ისტორიაც ამ „აღმოსავლურქართული“ პერსპექტივით აღიქმება.


ტერმინებიც, რომლებსაც დღეს ძველი სამეფო-სამთავროებისა და ტერიტორიებისთვის ვიყენებთ („ქართული“, „საქართველო“), ცხადია, პირობითია, რადგან იმჟამად მსგავს ცნებებს სხვაგვარი მნიშვნელობა გააჩნდა. თანამედროვე გაგებით და გარკვეული დათქმებით, იმჟამინდელი პოლიტიკური ერთეულების უმრავლესობა სწორედ „ქართული“ იყო. თუმცა გამონაკლისებიც არსებობდა, მაგალითად - თბილისის საამირო, არაბთა სახალიფოს ვასალური ისლამური პოლიტიკური ერთეული (VIII-XI/XII სს.).


კიდევ ერთი აღქმაა მნიშვნელოვანი. კონტინენტებისა და იმპერიების გზაგასაყარზე, რთული რელიეფითა და ეთნიკურ-ენობრივ-რელიგიური სიჭრელით განთქმულ კავკასიის რეგიონში მდებარე ქართულ სახელმწიფოს, ერთიანსაც და ცალ-ცალკეც, მუდმივად უწევდა ბრძოლა გადარჩენისთვის, თავისუფლებისთვის, თუ სახელმწიფოს აღდგენისთვის. შესაბამისად, ჩამოყალიბდა ერთგვარი „თავდაცვითი ფსიქოლოგია“ და წარმოდგენა, რომ ჩვენ მუდმივად თავს ვიცავდით დიდი სახელმწიფოებისგან, ან ვიბრძოდით დამოუკიდებლობის აღსადგენად, იქით კი თავს არავის ვესხმოდით. მიუხედავად იმისა, რომ ეს მეტწილად ასეც იყო, განზოგადება, ცხადია, არ შეიძლება. გაძლიერებული საქართველოს სამეფო აქტიურად გადადიოდა შეტევაზე (ეპიზოდურად - სხვა ერთეულებიც), როგორც კი ამის საშუალებასა და საჭიროებას დაინახავდა. 


მსოფლიოს თანამედროვე ქვეყნებს შორის ერთ-ერთი უძველესი სახელმწიფოებრივი კულტურა და მისი თითქმის უწყვეტი ისტორია დღეს ქართველთათვის იდენტობის ნაწილად არის ქცეული. 


  * * *


ღვინო, მთები, უძველესი ეკლესიები, პოლიფონია, სტუმართმოყვარეობა... - ამ მიმზიდველი და ხშირად რომანტიკული ასოციაციების მიღმა მსოფლიოში ერთ-ერთი უძველესი სახელმწიფოებრივი ტრადიცია იმალება. ქართველებისთვის ეს გრძელი და რთული წარსული ყოველდღიური იდენტობის ნაწილია.


პოლიტიკური დაყოფის ხანგრძლივი პერიოდების დროსაც კი, ერთიანი ისტორიული მთლიანობისადმი კუთვნილების განცდა არასოდეს გამქრალა. სწორედ ამიტომ, საქართველოს „3000-წლიანი ისტორია“ ჩვეულებრივ განიხილება არა როგორც ცალკეულ სახელმწიფოთა მექანიკური ჯამი, არამედ როგორც ერთი უწყვეტი გამოცდილება - სახელმწიფოებრიობის მდგრადი ტრადიცია, რომელმაც ჩამოაყალიბა ქვეყნის კულტურა, მყარი თვითშეგნება და ადგილი მსოფლიოში.