menu

ღმრთისმშობლის ჭედური ხატები


საქართველოში ღმრთისმშობლის თაყვანისცემას მრავალსაუკუნოვანი ისტორია აქვს. დედაღვთისას, როგორც კაცობრიობის მეოხის მნიშვნელობას ემატებოდა საქართველოს დედაღვთისას წილხვდომილობის  იდეა.


შუა საუკუნეების ქართულ ხელოვნებაში ღმრთისმშობლის გამოსახულებები განსაკუთრებული სიმრავლითა და მრავალფეროვნებით გამოირჩევა. ქართველმა ხელოვნებამ საკუთარი წვლილი შეიტანა ღვთისმშობლის თემის მხატვრულ ინტერპრეტაციაში. დედაღვთისას სახე ქართული ხელოვნების ყველა დარგის ქმნილებებში გვხდება. ჭედურ ხატებზე ღვთისმშობლის სხვადასხვა იკონოგრაფიული ტიპი არის წარმოდგენილი (აღსაყდრებული ჩვილედი ღმრთისმშობელი, ოდიგიტრია, ორანტა და სხვ.)



 ჩუკულის ტრიპტიქის ღმრთისმშობლის ხატი, მე-10 ს



ჩიხარეშის ტრიპტიქის ღმრთისმშობის ხატი, მე-10 ს


ჯახუნდერის ტრიპტიქის ღმრთისმშობლის ხატი, მე-10 ს



ღმრთისმშობლის უძველესი ქართული ჭედური ხატები მე-10 საუკუნით თარიღდება. მათ შორის უნდა გამოვყოთ სვანეთში შექმნილი ღმრთისმშობელი-ოდიგიტრიის რამდენიმე ხატი, მოთავსებული  ვერცხლის კარედი ხატების (ჩუკულის, ჩიხარეშის, ჯახუნდერის) ცენტრალურ არეზე. აღსაყდრებული ღმრთისმშობელი გამოსახული არის მთავარანგელოზების, თავიმოციქულების პეტრესა და პავლეს თანხლებით. ამ ტიპის გამოსახულებებში ხაზგასმულია მარიამის, როგორც ზეციური დედოფლის თეოლოგიური იდეა.


 ცაგერის ღმრთისმშობლის ხატი, მე-11 ს.დასაწყისი


 მე-11 საუკუნის დასაწყისის ჭედურ ხატებს შორის გამოირჩევა ცაგერის  ვერცხლის ხატი, რომელმაც ღმრთისმშობლის შთამბეჭდავი სახე შემოგვინახა. ხატი თავისი მონუმენტურობით, ფორმების პლასტიკურობით წარუშლელ შთაბეჭდილებას ახდენს. ღმრთისმშობლის ეს სახე განსაკუთრებული ემოციურობით და ჰარმონიულობით გამოირჩევა. ხატის ჩარჩო მედალიონებით არის შემკული, ზედა ჩარჩოზე ხუთი მედალიონი ვედრების კომპოზიციას ქმნის. დანარჩენ მედალიონებში მახარებელთა და წმინდანთა ნახევარფიგურებია.


ჩუკულის ღმრთისმშობლის ხატი, მე-11 ს.დასაწყისი


ამავე ეპოქაში შექმნილ ჩუკულის ღმრთისმშობლის ხატს ბევრი საერთო აქვს ცაგერის ხატთან. მსგავსია მათი კომპოზიციური სტრუქტურა, მაგრამ სრულიად განსხვავებულია მხატვრულ-ემოციური მუხტი. ჩუკულის ხატი ცაგერის ხატისაგან მარიამის სახის სიმკაცრითა და დიდებულებით განირჩევა. საგულისხმოა, რომ ხატზე მარიამის თანმხლებ ქართულ წარწერას ახლავს ბერძნული წარწერა, რაც გვაფიქრებინებს, რომ ხატის ოსტატმა ბიზანტიური ნიმუშით იხელმძღვანელა.


ლაბეჭინის ღმრთისმშობლის ხატი, მე-11 ს.დასაწყისი



საყდრის ღმრთისმშობლის ხატი, მე-11 ს.დასაწყისი


ხატების ამავე ჯგუფს უნდა მივაკუთვნოთ ლაბეჭინისა და საყდრის ღმრთისმშობლის ვერცხლის ჭედური ხატები. ერთი კომპოზიციური წყობის ხატების მიხედვით  შეიძლება შევიქმნათ წარმოდგენა კანონიკური იკონოგრაფიის საზღვრებში ქართველ ოქრომჭედელთა ინდივიდუალური, შემოქმედებითი  მიდგომების შესახებ.


ქართულ ჭედურ ხატებზე უფრო იშვიათია ფეხზე მდგომი ჩვილედი ღმრთისმშობლის გამოსახვა. საქართველოში ამგვარი ხატის უადრესი მაგალითია მარტვილის მონასტრიდან წარმომავალი მხატვრული ოსტატობით გამორჩეული ბიზანტიური ხელობის ოდიგიტრიის მოოქრული ბრინჯაოს ხატი (მე-10 ს,). ამავე მონასტერს ეკუთვნოდა ქართველი ოსტატის მიერ შექმნილი ამ ხატის ოქროს ასლი (მე-11 ს.). ეს არის უნიკალური შემთხვევა, როდესაც ერთ მონასტერში ერთად  ინახებოდა ბიზანტიური ბრინჯაოს ორიგინალი და მისი ადგილობრივი ასლი.


ოდიგიტრიის ხატი. ბიზანტია. მოოქრული  ბრინჯაო, მე-10 ს


მარტვილის ღმრთისმშობლის ხატი. ოქრო, მე-11ს


მარტვილის ღმრთისმობლის ჭედურმა ხატმა საუკუნეების განმავლობაში შეინარჩუნა თავისი მნიშვნელობა. განსაკუთრებული თაყვანისცემის და პატივის ნიშნად მე-18 საუკუნეში იგი ჩართეს მინანქრებით დამშვენებულ ხატში, რომელიც ჩაიდგა ჭყონდიდელი მიტროპოლიტის გაბრიელის მიერ საგანგებოდ შეკვეთილი, ძვირფასი თვლებით,  მინანქრით და ოქროთი შემკული კარედი ხატის ცენტრალურ ნაწილში.



 ღმრთისმშობელი „მცირე ორანტა“. იელი.


 ღმრთისმშობელი „მცირე ორანტა“. ბეჩო.


მე-10-11 სს-ში საქართველოში გავრცელებული იყო ღმრთისმშობლის - მცირე ორანტის  („მლოცველის“) პირადი ღვთისმოსაობისთვის განკუთვნილი პატარა ვერცხლის ხატები, რომლებზეც გამოსახული იყო ღმრთისმშობლის ნახევარფიგურა მკერდის წინ ლოცვით გაშლილი ხელის მტევნებით. ეს იკონოგრაფიული ტიპი გამოხატავს  კაცობრიობისათვის მლოცველ ღმრთისმშობელს. სვანეთში სხვადასხვა დროს გავრცელებულ ღმრთისმშობლის პატარა ვერცხლის ხატებს დაცვითი და მფარველობითი  მნიშვნელობა ჰქონდა.


ღმრთისმშობლის ჭედური ხატების მრავალგვარობა ცხადყოფს, რომ ქართული ხელოვნება ყალიბდებოდა და ვითარდებოდა დიდ ქრისტიანულ ცენტრებთან   მჭიდრო კავშირში. ქართველი ოქრომქანდაკებლები ფლობდნენ ქრისტიანული იკონოგრაფიის ყველა მონაპოვარს და კანონიკური სქემების ფარგლებში ქმნიდნენ განსაკუთრებული მხატვრული ღირსებებით აღბეჭდილ ღმრთისმშობლის წმინდა ხატებს.