menu

მარტვილის ენკოლპიონი


შუა საუკუნეების ქართული ხელოვნების უძველეს ნაწარმოებთა შორის განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს მცირე ზომის კარედი ხატი, რომელიც მარტვილის ენკოლპიონის სახელით არის ცნობილი  (მე-8-9 სს.). ეს ხატი საუკუნეების განმავლობაში მარტვილის მონასტერში ინახებოდა. ენკოლპიონი წარმოადგენს რთული შედგენილობის ჭედურ სამკარედს - ტრიპტიქს, რომლის დეკორი სხვადასხვა მასალითა და ტექნიკით არის შესრულებული. ტიხრული მინანქარი, მოოქრული ვერცხლი ჭედური ფიგურები, სევადის სახარების სცენები კარედის ზურგზე და ძვირფასი თვლები ქმნის განუმეორებელ მხატვრულ ეფექტს.


მარტვილის ენკოლპიონის კარედი ხატი, მე-8-9 საუკუნე


კარედის ცენტრალურ ნაწილზე მინანქრის „ვედრების“ კომპოზიცია არის განთავსებული. მაცხოვრის ცენტრალური ფიგურის წინაშე მისკენ ვედრებით წარდგებიან ღმრთისმშობელი და იოანე ნათლისმცემელი. ქრისტიანულ ხელოვნებაში გავრცელებული ეს იკონოგრაფიული თემა უფლის მეორედ მოსვლასა და ხსნის იდეას უკავშირდება.


გვერდითა ფრთებზე ჭედურობით შესრულებული ოქროთი დაფერილი ვერცხლის ჭედური ანგელოზები არიან წარმოდგენილნი, რომლებიც ენკოლპიონის გახსნისას „ვედრების“ მინანქრის სამფიგურიან კომპოზიციაში ერთვებიან და განავრცობენ ამ თემის მასშტაბებს.


მარტვილის ენკოლპიონის ანგელოზი, ტრიპტიქის მარჯვენა ფრთა



მარტვილის ენკოლპიონის ანგელოზი, ტრიპტიქის მარცხენა ფრთა


მარტვილის ენკოლპიონის „ვედრება“, რომელიც  ამ კომპოზიციის ერთ-ერთი უძველესი მაგალითია, იმავდროულად, ტიხრული მინანქრის იშვიათი ადრეული ნიმუშია. რაზეც მიუთითებს მინანქრის როგორც მხატვრული, ასევე ტექნიკური თავისებურებები. განსაკუთრებით აღსანიშნავია მინანქრის კომპოზიციის ფერადოვნება, რომელსაც ქმნის ზურმუხტისფერი მწვანე, მეწამული-შავი, მუქი ლურჯი ფერების თავშეკავებული ხმოვანება. საერთო გამაში სპეციფიკური ეფექტი შეაქვს შარავანდების ყვითელ აქცენტებს. ფიგურები და დახვეწილი ორნამენტი უწვრილესი ტიხრების ნახატით არის შექმნილი. მინანქრის  ხატის ფერადოვნებას აძლიერებს ენკოლპიონის შემამკობელ პატიოსან თვალთა - ზუმუხტის, ლალისა და მარგალიტების ელვარება.


მარტვილის ენკოლპიონი, "ვედრების" კომპოზიცია


დახურული ენკოლპიუმის წინა მხარე ძვირფასი თვლებით ოთხ ნაწილად არის დაყოფილი. ცენტრში ძვირფასი თვლებით  შექმნილ ჯვარს ეხმაურება ზურგის მხარეზე სევადიანი კომპოზიციების მოჩარჩოების ნაწილებით შექმნილი სევადის ჯვარი. ამგვარად, მარტვილის ენკოლპიონში დიდი ოსტატობითა და ტაქტით მიღწეულია მხატვრული და იდეური პრინციპების სრული თანხმიანობა.


მარტვილის ენკოლპიონის ზურგზე  სევადით სახარების ოთხი სცენა არის წარმოდგენილი. სახარების ისტორიული სიუჟეტებიდან შერჩეულია შობა, მირქმა, ჯოჯოხეთის წარტყვევნა და წმინდა დედანი უფლის საფლავთან. სცენების შერჩევა მკაფიოდ გამოკვეთილი თეოლოგიური საზრისით არის ნაკარნახევი. შობა და მირქმა უფლის განკაცებას, ხოლო ჯოჯოხეთს წარტყვევნა და წმინდა დედები უფლის საფლავთან მაცხოვრის აღდგომასა და მის ღვთაებრივ ჰიპოსტასზე მიუთითებს. კარედის ვედრების ცენტრალური ხატება და სევადის კომპოზიციები ერთ მთლიან იდეურ კონცეფციას ექვემდებარება.  


 მენელსაცხებლე დედანი უფლის საფლავთან, მარტვილის ენკოლპიონის უკანა მხარე


მარტვილის ენკოლპიონის სევადიანი კომპოზიციების მთელი რიგი იკონოგრაფიული ნიშნები აღმოსავლურქრისტიანულ ხელოვნებისთვის არის დამახასითებელი. სახარების სცენების შემცირებულ რაოდენობა, ლაკონიური კომპოზიციები უკავშირდება ადრეული ხანის საკუთრივ წმინდა მიწიდან წარმომდგარ ქრისტიანულ საეკლესიო ნივთებს - ამპულებს, ბრინჯაოს საცეცხლურებს და მე-6-7 სს.-ის ლიტურგიკული ხელოვნების სხვა ქმნილებებს.


მინანქრის „ხატსა“ და სევადით შესრულებულ გამოსახულებებს საერთო სტილური ნიშნები ახასიათებს. როგორც ვედრების, ასევე სევადის კომპოზიციებში მთავარი მხატვრული ხერხია ხაზის დახვეწილი ნახატი. „ვედრებაში“ ეს მიღწეულია ფიგურების ოქროს ტიხრებით ოსტატური დამუშავებით, ფონის დახვეწილი ორნამენტული მცენარეული  მოტივით შევსებით. სევადის სცენებში სევადის შავი ნახატით  სახარების სცენების მეტყველი, ცოცხალი, ემოციური  სურათები არის შექმნილი.


განსხვავებულია ენკოლპიონის კარებზე ანგელოზების სკულპტურულად შესრულებული ფიგურები. მათ ოსტატურად გადმოცემულ მოძრაობაში, სამოსლის დრაპირების დამუშავებაში იგრძნობა ადრეულ საუკუნეებში ჯერ კიდევ ცოცხალი ელინისტურ-რომაული ხელოვნების პლასტიკურ ტრადიციების ნიშნები.


მარტვილის ენკოლპიონი, სრული ხედი


მინანქრის კომპოზიციასა და სევადის სცენებს ბერძნული წარწერები ახლავს. სევადის  წარწერებში შეცდომები შეინიშნება, რაც მოწმობს იმას, რომ კარედი  ადგილობრივი ოსტატების ნახელავია. მათ ხელთ ჰქონდათ ნიმუშები, რომელთა მიხედვით ქმნიდნენ საკუთარ ეპოქის საერთო ტენდენციების თანხმიან საეკლესიო ხელოვნების ნაწარმოებებს.


„ვედრების“ ხატის - მსაჯულის წინაშე კაცობრიობისთვის შუამდგომლობის სიმბოლოს - ენკოლპიონში ჩართვა შემკვეთისთვის ზეციური მეოხების სურვილით უნდა იყოს ნაკარნახევი. ერთი იდეით შეკრული მინანქრისა და სევადის  წმინდა გამოსახულებებით შემკული კარედის დეკორი ზუსტად შეესაბამებოდა მისი მფლობელის უფლისადმი ვედრებით მიმართვისა და ხსნის იმედის კონტექსტს.


მარტვილის ენკოლპიონის სახით ჩვენ გვაქვს ადრეული შუა საუკუნეების ქართული ქრისტიანული ხელოვნების გამორჩეული ქმნილება. მისი მაღალი მხატვრული დონე და კარედის კომპოზიციური სტრუქტურის თეოლოგიური სიღრმე მას აყენებს თანადროული ქრისტიანული ხელოვნების გამორჩეულ ნაწარმოებთა  შორის.