თამარა თუმანოვას სიცოცხლის ბოლომდე ჰქონდა სურვილი საქართველოში ჩამოსულიყო, დედის სამშობლოში, რომლის გვარსაც სიცოცხლის ბოლომდე ატარებდა. უჩვეულო ვითარებაში დაიბადა: ევგენია თუმანიშვილი შორეულ ციმბირში, ვლადივოსტოკში მეუღლესთან, კავკასიის სამხედრო ოლქის ექიმთან კონსტანტინე ზახაროვასთან შესახვედრად მიდიოდა. თამარა მატარებლის ვაგონში 1919 წლის 2 მარტს გაჩნდა.

კონსტანტინე ზახაროვს ევგენია თუმანიშვილი ძმამ, ზაქარია თუმანიშვილმა გააცნო და მათი ქორწინების ინიციატორიც იყო. მამის სიცოცხლე ვირუსმა იმსხვერპლა. რუსეთის არმიის პოლკოვნიკი ვლადიმერ ხაზიდოვიჩ-ბორეცკი კი, რომელიც ყველა პუბლიკაციაში თუმანოვას მამად არის მოხსენიებული, ევგენია თუმანიშვილის მეუღლე იყო მეორე ქორწინებიდან. ხაზიდოვიჩ-ბორეცკის თამარა თუმანიშვილის აღზრდაზე დიდი ღვაწლი ჰქონდა. მაგრამ ცხოვრებაში მთავარი ადამიანი დედა იყო.
ევგენია თუმანიშვილი მოცეკვავე არ ყოფილა, მაგრამ ბალეტი ძალიან უყვარდა. სანკტ-პეტერბურგის „მარიინსკი“ თეატრში სპექტაკლებს ხშირად ესწრებოდა და ოლგა პრეობრაჟენსკაიას აღმერთებდა. თამარას ბალეტზე მიყვანის იდეაც მაშინ გაუჩნდა. „ჩემი შვილი პარიზში უნდა გაიზარდოს“ - თქვა ერთხელ ევგენიამ, როცა პატარა თამარის მუსიკალურ მონაცემებს აკვირდებოდა და ამ ჩანაფიქრის მისაღწევად ყველაფერი გააკეთა. პარიზში ცხოვრების იდეა განსაკუთრებულად მომხიბვლელი მას შემდეგ გახდა, რაც შეიტყო, რომ პრეობრაჟენსკაიას იქ საბალეტო სტუდია ჰქონდა გახსნილი.

თამარა პატარა, ხუთი წლისა მიიყვანეს სტუდიაში. მისი ნიჭი თვალშისაცემი იყო და არც ანა პავლოვას დარჩენია შეუმჩნეველი, რომელიც ერთხელაც მეგობრის - ოლღა პრეობრაჟენსკაიას სტუდიას ესტუმრა. პავლოვას გალა-საღამოსთვის, რომელსაც პარიზის ტროკადეროზე უნდა გამართულიყო, პატარა ბალერინების არჩევა სურდა. სულ ბოლოში მდგარი პატარა თუმანოვა მაშინვე შეამჩნია დიდმა ბალერინამ და თავისთან მიიწვია. შემდგომში მისი შემოქმედებითი ცხოვრება მჭიდროდ დაუკავშირდება პავლოვას და მის პარტნიორს ვიქტორ დანდრეს.
თუმანოვას, როგორც დიდი მომავლის მოცეკვავის სანახავად, პრეობრაჟენსკაიას სტუდიაში კიდევ ერთი განსაკუთრებული სტუმარი მივიდა სპეციალურად. ეს მისი პირველი შეხვედრა იყო ჯორჯ ბალანჩინთან, რომელიც ამ დროს ევროპაში ცდილობდა დამკვიდრებას და საკუთარ კომპანიას ქმნიდა. შეხვედრიდან მალე თუმანოვა ბალანჩინის „Baby Ballerina” გახდა. მისტერ ბიმ მას დიდი მომავალი უწინასწარმეტყველა: „დუბროვსკაია ვარსკვლავია, თუმცა მეორე ვარსკვლავი თქვენი ქალიშვილი იქნება“ - უთქვამს ბალანჩინს ევგენია თუმანიშვილისთვის. მსოფლიო აღიარებაც სულ მალე მოვიდა. თუმანოვას „ბალეტის შავი მარგალიტი“ უწოდეს, რადგან, ბალეტის ისტორიაში ყველაზე ლამაზი არსება იყო - აბრეშუმისებრი შავი თმით, მუქი, ნუშისებრი თვალებითა და ფერმკრთალი კანით. ასე დაიპყრო მან ევროპის ცნობილი თეატრების სცენები.
ბალანჩინი მისთვის განსაკუთრებული ადამიანი იყო და იგი ამერიკაში რომ გაემგზავრა, თუმანოვა ჯერ კიდევ ევროპაში აგრძელებდა წარმატებულ გამოსვლებს, თუმცა მოგვიანებით მანაც ამერიკაში გადასვლა გადაწყვიტა.
პრიმა-ბალერინას კარიერა ბროდვეის მიუზიკლში - „ვარსკვლავი ჩვენს თვალწინ“ გაგრძელდა. 1944 წელს კეისი რობინსონმა თუმანოვა ფილმში - „დიდების დღეები“ გადაიღო, სადაც პარტნიორობას გრეგორი პეკს უწევდა. რობინსონთან ურთიერთობა გადასაღებ მოედანს გასცდა. ჯვარი კალიფორნიაში, ღმრთისმშობლის რუსულ-ბერძნულ მართლმადიდებლურ ეკლესიაში დაიწერეს. მოგვიანებით თუმანოვა იხსენებდა თუ როგორ დაინახა ეკლესიაში ბალანჩინი. „როგორ შემეძლო საკუთარი ქალიშვილის ქორწინება გამომეტოვებინა?“ - გაოცებულ დედა-შვილს ბალანჩინმა ბედნიერება მიულოცა.


ბალანჩინი მის მიმართ გულგრილი არასდროს ყოფილა. 1946 წელს ჯორჯი პარიზის ოპერაში მიიწვიეს და პარიზში გადასვლა თუმანოვასაც შესთავაზა. ბალანჩინი ბიზეს სიმფონია დო მაჟორის მუსიკაზე ბალეტის დადგმას იწყებდა. მას „ბროლის სასახლე“ (Le Palais de Cristal) დაერქვა და დღემდე ამ დასახელებითაა Opera De Paris საბალეტო რეპერტუარში. ასე გახდა თუმანოვა ამ გენიალური ბალეტის მეორე ნაწილის - ადაჯოს შემსრულებელი. პრემიერამ ტრიუმფით ჩაიარა.

დღემდე ამ ადაჯოს ბალეტიდან Symphony in C (ეს ბალეტის ამერიკული დასახელებაა) თუმანოვას ადაჯოს სახელით იცნობენ. 1988 წელს, როცა ნინო ანანიაშვილი ბალანჩინის თეატრში „ნიუ-იორკ სიტი ბალეში“ მიიწვიეს, სწორედ ამ ადაჯოს შესრულება შესთავაზეს. ეს მისთვის ძალიან სიმბოლური მომენტი იყო. პრიმა-ბალერინამ ერთი წლის წინ ამერიკაში გაიცნო თამარა თუმანოვა. მსოფლიო ბალეტის „შავი მარგალიტი“, „ბოლშოი“ თეატრის ამერიკაში გასტროლის დროს, სპეციალურად მივიდა ნინო ანანიაშვილის სანახავად.


„შოკში ჩავვარდი - იგონებს ანანიაშვილი - არც კი ვიცოდი რა უნდა მეთქვა მისთვის. მოვიდა, მომილოცა წარმატებული გამოსვლები და პატარა კოლოფი გამომიწოდა - ეს გულსაბნევი ანა პავლოვას ეკუთვნოდა - მითხრა მან - მე მაჩუქა, ახლა კი მინდა, რომ ის შენ ატარო, ჩემგან სახსოვრად გქონდეს“. ერთიანად გავშრი, მთელი სხეული გამეყინა. ამ შეხვედრის შემდეგ ყოველთვის ვურეკავდი. მინდოდა მისთვის კონცერტიც მიმეძღვნა, მაგრამ უკვე ავად იყო, მძიმე პროცედურების გამო სახლიდან გასვლას ვერ ახერხებდა“.


1989 წელს თბილისში, თუმანოვას ბიძის ზაქარია თუმანიშვილის შვილთაშვილის მხატვარ გია ფხაკაძის ოჯახში, ამერიკიდან თამარა თუმანოვამ დარეკა და ნათესავებს დედის გარდაცვალების შესახებ აუწყა. ამერიკაში დაკრძალულ ევგენია თუმანიშვილის საფლავს აქვს წარწერა - „პრინცესა ევგენია თუმანიშვილი“. ერეკლე მეფის მდივან-ბეგის შთამომავალი, ხელთუბნელი თავადი თუმანიშვილების გვარის წარმომადგენლის ჩამოსვენება საქართველოში შვილმა ვერ შეძლო.
რამდენიმე წლის შემდეგ, 1996 წლის 29 მაისს სანტა-მონიკოში გარდაიცვალა თამარა თუმანოვა, რომელიც ლოს-ანჟელესში „Hollywood Forever Cemetery”-ზე დედის გვერდითაა დაკრძალული.