menu

გიგო გაბაშვილი


გიორგი - გიგო გაბაშვილი (1862-1936) ქართული აკადემიური სკოლისა და დაზგური მხატვრობის ერთ-ერთი ფუძემდებელია. გაბაშვილმა შეითვისა რუსული რეალიზმი, მისთვის ახლო იყო რუსი პერედვიჟნიკების იდეალები, რაც კარგად ჩანს მის რეალისტურ მხატვრობაში. ასევე, ის არის პირველი მხატვარი ქართული ხელოვნების ისტორიაში, ვინც სიმბოლისტური ნამუშევრები შექმნა. 


გიგო გაბაშვილი დაიბადა თბილისში, 1862 წელს. 5 წლის ასაკში გიგო დაობლდა და დედამ, თამარ ნარეკლიძემ, მამის გარდაცვალების შემდეგ, ის რეალურ სასწავლებელში შეიყვანა. ხოლო, 10 წლის ასაკში ბიჭი დედამ თბილისელი გერმანელების - ფონ დე ნენიეს, ოჯახს მიაბარა, სადაც მან გერმანული და ფრანგული ისწავლა. როდესაც დედა მეორედ გათხოვდა (სამხედრო პოლკოვნიკზე), გიგო სახლში დაბრუნდა. მამინაცვალს მასთან ძალიან კარგი ურთიერთობა ჰქონდა და საკუთარი შვილივით ზრდიდა.


გიგო გაბაშვილი


რეალური სასწავლებლის დამთავრების შემდეგ, გაბაშვილი კეპპენეს კერძო სამხატვრო სკოლაში შევიდა. 1883 წელს კი ის პეტერბურგში სამხატვრო აკადემიაში თავისუფალ მსმენელად ჩაირიცხა, ბოგდან ვილლევალდეს ბატალურ კლასში.


პეტერბურგში გაბაშვილი მეგობრობდა ოსკარ შმერლინგთან, რომანოზ გველესიანთან და შიო ბერიძეთან. იქვე გაიცნო და დაუმეგობრდა ილია ჭავჭავაძეს. ილია აღფრთოვანებული იყო ახალგაზრდა მხატვრის ნიჭით და მან შეიტყო რა მისი ფოტოგრაფიით დაინტერესების შესახებ, მალევე დაეხმარა მას პირველი ფოტოკამერის შეძენაში. სწორედ აქედან, 1880-იანი წლების ბოლოდან, დაიწყო გიგო გაბაშვილის ფოტოშემოქმედება.


გიგო გაბაშვილი, ქალი ფრთებით, ფოტო, 1910, ხელოვნების მუზეუმი


1888 წელს გაბაშვილმა აკადემია დაამთავრა, საქართველოში დაბრუნდა და შემდეგ კავკასიაში იმოგზაურა. მოგზაურობისას მან გადაიღო ფოტოები, გააკეთა ჩანახატები, სურათები და დაიწყო ეთნოგრაფიული ნივთების შეგროვება.


1891 წელს თბილისში მოეწყო გიგოს ნამუშევრების (სხვადასხვა ჟანრის 70 სურათი) გამოფენა. ეს იყო საქარველოში ქართული მხატვრობის პირველი გამოფენა და ასევე, ინდვიდუალური მხატვრის პირველი პერსონალური გამოფენა. როგორც ჩანს, სწორედ ეს გამოფენა ნახა ჩიკაგოელმა მილიონერმა კოლექციონერმა  ჩარლზ კრენიმ, როცა მან მხატვარს დაუკვეთა შუააზიური ცხოვრების ამსახველი სურათები. გიგო ბუხარაში გაემგზავრა და სამი წლის განმავლობაში მუშაობდა შეკვეთაზე. სწორედ იმ 28 სურათში აღებული თანხით და თავისი კარგი მეგობრის, მეწარმისა და ქველმოქმედის დავით სარაჯიშვილის ფინანსური დახმარებით, გაემგზავრა ის მიუნხენში სწავლის გასაგრძელებლად. 


გიგო გაბაშვილი, ბაზარი სამარყანდში, ტილო,ზეთი, 1899

1894 წელს გაბაშვილი ჩაირიცხა მიუნხენის აკადემიაში პროფესორ ალექსანდრ (შანდორ) ვონ ვაგნერის კომპოზიციის კლასში. აკადემიაში გიგო მეგობრობდა პროფესორებთან: რუბო, ეიზენგუტი, ული. რუბომ ნიჭიერი ახალგაზრდა თავის ასისტენტად მიიწვია რუსეთ-თურქეთის ომის ამსახველი სურათის შესაქმნელად და ისინი ერთად გაემგზავრენ ყარსში


1897 წელს გიგომ ვერცხლის მედალზე დაამთავრა მიუნხენის აკადემია. ამავე წელს მხატვარმა იმოგზაურა ხევსურეთში, სადაც შეასრულა მრავალი ჩანახატი, ეტიუდი და სურათი, ასევე გადაიღო ფოტოები, შეაგროვა ადგილობრივი იარაღი და ყოფითი ნივთები. 1910-1911 წლებში ექვთიმე თაყაიშვილთან და დავით სარაჯიშვილთან ერთად მან დააარსა ეთნოგრაფიული მუზეუმი, სადაც მისი ეთნოგრაფიული ნივთების კოლექციაც შევიდა.


1897 წელს ტფილისში გაბაშვილმა დააარსა კერძო სამხატვრო სტუდია, ხოლო 1900 წლიდან ის ასწავლიდა ნატიფი ხელოვნების წამახალისებელი კავკასიის საზოგადოების ხატვის სკოლაში. 1901 წლიდან მხატვარი ამ სკოლის დირექტორი იყო. 


გიგო გაბაშვილი სტუდიაში


1901 წელს გაბაშვილი ტფილისის სამხედრო-ისტორიის მუზეუმში აწყობს თავის პერსონალურ გამოფენას, რასაც დიდი გამოხმაურება და წარმატება მოჰყვა.


1902 წელს მან იმოგზაურა თურქეთში, საბერძნეთში, იტალიაში, ესპანეთში, საფრანგეთში, შვეიცარიაში, ავსტრიაში, გერმანაში, ჰოლანდიასა და ინგლისში. ამ მოგზაურობსას ვენაში, ერთ-ერთ გამოფენაზე გაიცნო თავისი მომავალი მეუღლე ოლიმპია - ოლგა  მიულბაუმი. 1904 წელს ოლგა თბილისში ჩამოვიდა მასთან და ასე დაიწყო მათი ერთობლივი ცხოვრება. მანამდე, მიუნხენში გიგოს გერმანელ ქალბატონთან - მატილდა ფრანცთან ჰქონია სასიყვარულო ურთიერთობა, შემდეგ ისევ მოუნახულებია 1902 წელს ევროპაში მოგაურობისას და მათ 1903 წელს ქალიშვილი ჯეორჯინა პაულინა შეეძინათ. 1906 წელს მატილდამ შვილთან ერთად ჩამოაკითხა გიგოს და ის 1921 წლამდე საქარველოში ცხოვრობდა (როგორც მისი მეუღლე), სანამ საქართველოს გასაბჭოების შემდეგ მას საფრთხე არ შეექმნა, როგორც გერმანელს და ქალი ბავშვთან ერთად გერმანიაში დაბრუნდა. გიგო გაბაშვილს ამ ურთიერთობიდან ჰყავს შვილთაშვილი - მიქაელა (მიკი) აპელი, რომელიც მიუნხენში ცხოვრობს.


1902 წლიდან გიგო გაბაშვილი ნინა ქობულაშვილის ნებითა და სურვილით მისი კუთვნილი შენობის, დღევანდელი სამხატვრო აკადემიის, მარცხენა ფლიგელში ცხოვრობდა. მას სახელოსნოც იქვე ჰქონდა.


1922 წელს გაბაშვილი დაინიშნა სამხატვრო აკადემიის ფერადებით ხატვის პროფესორად, 1929 წელს ის გახდა სახალხო მხატვარი


გიგო გაბაშვილი, მთიელი, მუყაო, აკვარელი, 29x13,7სმ, 1889, ათინათის კერძო კოლექცია


გიგო გაბაშვილმა დიდი წვლილი შეიტანა მხატვართა თაობების აღზრდაში, ვინც შემდგომ ქართული ხელოვნების ისტორია შექმნეს. გაბაშვილს ახლო მეგობრობა ჰქონდა თავის სტუდენტებთან, მათ შორის, მიხეილ ბილანიშვილთან, მოქანდაკე ნიკოლოზ კანდელაკთან. მხატვარს მიმოწერა ჰქონდა სხვადასხვა ქვეყანაში გაფანტულ ყველა თავის ყოფილ მოსწავლესთან. ერთ-ერთი მათგანი, აპოლონ ქუთათელაძეც ხშირად წერდა მას წერილებს რუსეთიდან. “... თქვენი სახელოსნოს კუთხეში რომ დევს, თუ დგას მძინარე ქართველი, თუ ხევსური, ის ალექსანდროვსკის მუზეუმში რუსი და უცხოელი მხატვრების პორტრეტებს შორის რეკორდი იქნებოდა. ... ვამაყობ იმით, რომ თქვენი სახით გვყავს ადამანი, რომლის ნამუშევრებიც არაერთხელ დაჯაბნიან უცხო ქვეყნების მრავალ ტიტანსა და რუს მხატვრებს, ერთი ან ორი მათგანის გამოკლებით....”, ვკითხულობთ მხატვრისადმი მიწერილ მის ერთ წერილში (ლენინგრადი, 16.10.1928 წელი).


გიგო გაბაშვილი, ხევსურები, ტილო,ზეთი, 58x71,5სმ, 1920, კერძო კოლექცია
გიგო გაბაშვილი, ჭიდაობა, ტილო,ზეთი, 1900-იანები


გიგოს სტუდენტები მას ხშირად ნატურებადაც უდგებოდნენ, მათ შორის იყვნენ: მუხრანელი, ჯაფარიძე, მაყაშვილი, ბეჟანიშვილი. ერთხელ გიგოს ქუჩაში ივანე ვეფხვაძის პლაკატი უნახავს. იმდენად მოწონებია ის, რომ მოუძიებია ახალგაზრდა მხატვარი, რომელსაც არანაირი პროფესიული განათლება არ ჰქონდა და მიხმარებია მას, რომ აკადემიის სტუდენტი გამხდარიყო. შემდეგ ხშირად ამაყობდა თურმე ვეფხვაძის შემოქმედებითი მიღწვებით. 


1936 წელს მთავრობამ მხატვარს აჭარის ციტრუსის პლანტაციების დიდი პანოს შესრულება დაავალა. ამისთვის მხატვარი ციხისძირში ჩავიდა, მასან ახლდა მისი მოწაფე მერი მიქელაძე. როცა მან დილით გაუარა თავის მასწავლებელს, რათა ერთად წასულიყვნენ ეტიუდებზე სამუშაოდ, მას გაბაშვილი საწოლზე  დახვდა, მხოლოდ ცალი ჩუსტი ეცვა და ხალათის მარცხენა მკლავში მოესწრო ხელის გაყრა. მხატვარი უცაბედად გარდაცვლილიყო (1936 წლის 28 ოქტომბერი).


გიგო გაბაშვილის  ნამუშევრები, ანდერძის მიხედვით, საქართველოს ხელოვნების მუზეუმს მხატვრის ქვრივმა გადასცა. ანდერძში ეწერა: უსაზღვრო ერთგულებითა და სიყვარულით ვუძღვნი ჩემს მრავალწლიან ნაშრომს საჩუქრად ჩემს ხალხს... თბილისი, 1 სექტემბერი, 1936 წელი”. 


გაბაშვილის მხატვრობა მაღალი პროფესიონალიზმითა და მრავალჟანრობრიობით ხასიათდება. თავის აკადემიურ ნამუშევრებში ის ქმნის პორტრეტებს, პეიზაჟებს და ისტორიულ-ეთნოგრაფიულ სცენებს, სადაც რეალისტი მხატვარი ბუნებასა და არქიტექტურულ ნაგებობებს ისეთი სიზუსტით ასახავს, რომ თითოეული დეტალი, სახასიათო სცენა, თითქოს, ცოცხლდება ტილოზე. მის პორტრეტებში ადამიანის ხასიათი და შინაგანი სამყარო სიღრმისეულად არის გახსნილი, ნაჩვენებია მათი სულიერი და სოციალური მდგომარეობა. მისი პეიზაჟები გამოირჩევა მდიდარი ფერწერულობით, ფერთა ჰარმონიული შეხამებით, ტონალური ბალანსითა და ბუნებრივი სინათლის ნატიფი გადმოცემით. ეთნოგრაფიულ სცენებში გაბაშვილი რეალისტურად ასახავს ყოველდღიურ ყოფას, შრომას, ბაზრებს, ტრადიციებსა და დღესასწაულებს და ქმნის ნამუშევრებს, რომლებსაც არა მხოლოდ ესთეტიკური, არამედ კულტურულ-ეთნოგრაფიული ღირებულებაც აქვს. 


გიგო გაბაშვილი, მოხუცი კაცის პორტრეტი, ტილო,ზეთი, 80x70სმ, ათინათის კერძო კოლექცია
გიგო გაბაშვილი, მხედარი, ქაღალდი, აკვარელი, 32x19სმ, 1896, კერძო კოლექცია
გიგო გაბაშვილი, მებრძოლები ბრძოლის ველზე, ტილო,ზეთი, 29x37სმ, ბაიას გალერეა

გაზეთში “გოლოს კავკაზავკითხულობთ:მხატვრული გზა, რომელზაც დგას . გაბაევი: ის არ არის გატაცებული მოდური უაზრო მიმდინარეობებით მხატვრული შემოქმედების სფეროში, არ არის მოწამლულიდეკადენტობისგამხრწნილი სუნთქვით, არ ეძებს რაღაც გაუგებარ პირობითობებს, არამედ განუმეორებელი რეალურობით ქმნის ღვთიურ ბუნებას, პოულობს რა მასში აზრსაც, სიმართლესაც და სილამაზესაც...” (“მხატვარ გაბაევის სურათების გამოფენა”, 11 მაისი 1910 წელი). 


გიგო გაბაშვილი, მცხეთის პეიზაჟი, ტილო,ზეთი, მუყაოზე, 40x53,5სმ, ათინათის კერძო კოლექცია
გიგო გაბაშვილი, ალავერდი, ტილო,ზეთი, მუყაოზე, 33x44სმ, ათინათის კერძო კოლექცია

მხატვარი მამია დუდუჩავა გიგო გაბაშვილზე წერდა, რომ ის 1895 წლის 14 ივლისს დავით გურამიშვლსადმი მიწერილ წერილში “უარყოფითად აფასებს ამ ეპოქის მთელ გერმანულ ხელოვნებას. “გერმანელებს - წერს იგი, - ისეთი სტაგნაცია აქვთ ხელოვნებაში, რომ ვერც კი წარმოვიდგენდი”. სხვა წერილში კი მხატვარი ილაშქრებს იქ გაბატონებული “ჩლუნგი მოდერნის” წინააღმდეგ.” (მ. დუდუჩავა, გიგო გაბაშვილი, თბილისი 1953). 


გიგო გაბაშვილი, შავი კაცის პორტრეტი, ტილო,ზეთი, 65x60სმ, 1889, ათინათის კერძო კოლექცია
გიგო გაბაშვილი, ქალი ქრიზანთემებით, პასტელი, მუყაო, 65,5x96სმ, ხელოვნების მუზეუმი
გიგო გაბაშვილი, ნატურმორტი, ტილო,ზეთი, 51x71სმ, 1876, ხელოვნების მუზეუმი


საბჭოთა მმართველობას სჭირდებოდა გაბაშვილისგან რეალისტი მხატვრის სახის დამკვიდრება, რადგან ეს კარგად ესადაგებოდა სოციალისტური რეალიზმის მხატვრულ, თუ იდეოლოგიურ ქარგას, მაგრამ ცოტა ხნის წინ  გაცხადდა მისი ხელოვნების მრავალფეროვნება არა მხოლოდ ჟანრობრივი, არამედ მხატვრული ენის თვალსაზრისითაც. საქართველოს ხელოვნების მუზეუმის ფონდებში დაცული გიგო გაბაშვილის უცნობი ნამუშევრებისა და საარქივო მასალის გამომზეურებისას გამოჩნდა მისი ხელოვნების სტილური მრავალგვარობა. ათეულობით ნამუშევარში მხატვარი მეტყველებს  სიმბოლიზმის ენაზე.  მას ასევე აქვს სურათები, სადაც ფოვისტური თუ ექსპრესიონისტული ელემენტებიც გამოსჭვივის. ყოველივე  ეს კი  ცხადყოფს მხატვრის ინტერესს თანამედროვე  მხატვრულ  მიმდინარეობათა მიმართ.


გიგო გაბაშვილი, ქალი ხოხბით, ტილო,ზეთი, 47x32სმ, ხელოვნების მუზეუმი

გიგო გაბაშვილის ახლო მეგობრის, ალექსანდრე სარაჯიშვილის  შვილიშვილმა, გოგი სარაჯიშვილმა, რომელმაც ბაბუისგან გადმოცემით იცოდა მხატვრის ფოტოშემოქმედების შესახებ, 2012 წელს ქართული ხელოვნების მუზეუმის საცავებში აღმოაჩინა გაბაშვილის ფოტოების 684 მინის ნეგატივი. მან მალევე მოაწყო ამ ფოტოების ერთი ნაწილის გამოფენა, სადაც წარმოდგენილი იყო გიგოს სიმბოლისტური ნამუშევრებიც. ასე გახდა ფართო მაყურებლისთვის ცნობილი მხატვრის მოღვაწეობის ეს უცნობი მხარე. ცოტა მოგვიანებით კი მუზეუმის თანამშრომლებმა გიგოს სიმბოლისტური ფერწერული და გრაფიკული სურათებიც გამოამზეურეს. 


გიგო გაბაშვილი, დემონები, ცვილის ფანქარი, ქაღალდი, 22x33სმ, ხელოვნების მუზეუმი


როგორც ჩანს, გიგო გაბაშვილი მიუნხენში სწავლის დროს უკვე იცნობდა იმდროინდელ მხატვრობას, მის ძირითად ტენდენციებს და, შესაძლოა, თავადაც მუშაობდა ამ მიმართულებით, რადგან მისი სიმბოლისტური ნამუშევრები დიდ კავშირს ავლენს არნოლდ ბიოკლინის, ფრანც ვონ შტუკის, მიხაი ზიჩისა და სხვა ევროპელი მხატვრების შემოქმედებასთან. გაბაშვილის ეს ნამუშევრები აქარწყლებს  მითს, თითქოს ის მხოლოდ რეალისტი მხატვარი იყო.

საგულისხმოა ის ფაქტიც, რომ, როგორც ჩანს, მისი შემოქმედების ეს ნაწილი არც თუ ისე დიდი პოპულარობით სარგებლობდა მეოცე საუკუნის დასაწყისის საქართველოში. 


გიგო გაბაშვილი, მითოლოგიური სცენა, შერეული ტექნიკა, ქაღალდი, 15,5x17სმ, 1900-იანები, ათინათის კერძო კოლექცია

ექსტრაორდინალურია ის ფაქტი, რომ ქართული რეალისტური სკოლის ფუძემდებელი გიგო გაბაშვილი სიმბოლიზმითაა გატაცებული.  სიმბოლისტური მხატვრობა კი იყო რეაქცია რეალიზმისა და ნატურალიზმის წინააღმდეგ ხელოვნებაში და ის მოდერნიზმის წინამორბედ მიმდინარეობად მოიაზრება, რადგან სიმბოლიზმმა  “გამოიყენა ახალი ფორმები, რათა გადმოეცა ფსიქოლოგიური სიმართლე და იდეები, რომლებიც ფიზიკური სამყაროს მიღმა სპირიტუალურ რეალობაში იდო“ (https://www.theartstory.org).


გიგო გაბაშვილი თავის სიმბოლისტურ ნამუშევრებში არ ცდილობს სინამდვილის იმიტაციას, არამედ თავისუფალი ინტერპრეტაციით გადმოსცემს საკუთარ სულიერ განწყობას. ის იყენებს ემოციების გამომსახველ სიმბოლოებს და ამ სიმბოლოებისა და ნიშნების მეშვეობით სურს,  გვაჩვენოს ინდივიდუალური რეალობის შინაარსი.  ეს მხატვრული სამყარო გიგო გაბაშვილის ფანტაზიის, ხილვების ნაყოფია, სადაც მისი ცოდნა, წარმოსახვა, რელიგიური და მითიური წარმოდგენები თანაარსებობს. კომპოზიციები ზოგჯერ ეზოთერული, ეგზოტიკური, ხანაც იდუმალი, წარმოსახვითი, სიზმრისეული და ფანტასტიკურია.  შემოქმედი იყენებს რა რეალურ საგნებსა და გარემოცვას, ცვლის მათ მნიშვნელობებს და თავისი ფანტაზიის მიხედვით ქმნის ახალ, ფანტასტიკურ სამყაროს, სადაც წარმოსახვა და რეალობა ერთმანეთს ერწყმის. 


გიგო გაბაშვილი, ფრთოსანი არსებები, ტილო,ზეთი, 71x58სმ, ხელოვნების მუზეუმი

როგორც უკვე ითქვა, მის ხელოვნებაში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ფოტოგრაფიას. ფოტოების ნაწილი გაბაშვილის ფერწერული თუ გრაფიკული სურათების მოსამზადებელი კომპოზიციებია, ხოლო ზოგჯერ  ესაა დამოუკიდებელი ფოტონამუშევრები. განცვიფრებას იწვევს მათი კომპოზიციური აგება, განათების სპეციფიკა და ფოტოების გამომსახველობა. აქ ხელოვანი წარმოგვიდგება  შემოქმედებითად თავისუფალ და გაბედულ ექსპერიმენტატორად. ის იყენებს დადგმულ სცენებს, შუქ-ჩრდილები მასთან გამოსახვის მთავარი იარაღია, სპეციფიკური განათება, ჩაბნელებული ფონები, დაცემული ჩრდილები კი ხასიათის მოდელირებისთვის საუკეთესო ხერხია. მხატვრულად გააზრებული, ზუსტად აგებული კომპოზიციები, ზოგჯერ ერთმანეთზე დადებული კადრები განწყობის, მისტიურობის, ან სულაც ეროტული გარემოს შესაქმნელად გამოიყენება.


გიგო გაბაშვილი მსოფლიოში აღიარებული ხელოვანია. მისი სურათები ინახება საქართველოს, რუსეთის, ევროპისა და ამერიკის მუზეუმებსა და კერძო კოლექციებში. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ საერთაშორისო ბაზარზე ქართველი მხატვრებიდან მისი ნამუშევრები ერთ-ერთი ყველაზე ძვირად ღირებულია. 2006 წელს კრისტის აუქციონზე მისი “სამარყანდის ბაზარი” 1,136,000$-ად და “დივან-ბეგის აუზი ბუხარაში” 508,800$-ად გაიყიდა. 2008 წელს სოთბის აუქციონზე გატანილი გაბაშვილის “ნატურმორტი ხილით” 97,000$-ად და “ბაზარში” 67,000$-ად გაიყიდა.


გიგო გაბაშვილი არის არა მხოლოდ ქართული რეალიზმის ერთ-ერთი ფუძემდებელი, არამედ მისი სიმბოლისტური შემოქმედება მოდერნიზმის წინამორბედად გვევლინება და შესაბამისად, ახალი ქართული ხელოვნების ისტორიის საწყისიც სულ ცოტა 10-15-ოდე წლით წინ, XX საუკუნის დასაწყისში, გადაიწევს.  


ბიბლიოგრაფია

მაია ციციშვილი. სიმბოლიზმი გიგო გაბაშვილის შემოქმედებაში, თბილისი 2017.

მაია ციციშვილი, “გიგო გაბაშვილის უცნობი მხატვრობა”, Ars Georgica, https://www.georgianart.ge/index.php/ka/2010-12-03-16-25-41/97-2011-12-13-15-26-28.html

ეკა მახარაშვილი. “გიგო გაბაშვილი”, გაზეთი “24 საათი”, 16 იანვარი, 2010 წ.

ნინო ხუნდაძე. ““ფერადებით წერის პროფესორი” გიგო გაბაშვილი”, https://gfsis.org.ge/files/my-world/29/Gigo_Gabashvili.pdf


ირინე შავლაძე. “გიგო გაბაშვილის უცნობი ფოტოხელოვნება”, Hammock Magazine, 2020, https://hammockmagazine.ge/articles/925/n-a.