menu

ქართული მრავალხმიანობა : ისტორია, მნიშვნელობა და შედეგები


მანამ, სანამ ქართული კულტურის ერთ-ერთ ყველაზე დიდ აღიარებაზე მოგითხრობთ, ორიოდ სიტყვით გავიხსენოთ, როგორ გაჩნდა მსოფლიოში კულტურული მემკვიდრეობის ახალი ხედვა და როგორ ჩამოყალიბდა იგი თანამედროვე კონტექსტში.


მე-20 საუკუნის ბოლოს, გლობალიზაციის ტალღამ მთელ მსოფლიოს გადაუარა. სოციალურმა ცვლილებებმა, ტექნიკურმა პროგრესმა, ურბანიზაციამ, ეთნიკურ ნიადაგზე გახშირებულმა კონფლიქტებმა და მიგრაციამ გაქრობის საფრთხის წინაშე დააყენა უნიკალური ენები, ხალხური წეს-ჩვეულებები, ცეკვა, სიმღერა და ტრადიციები — ყველაფერი ის, რაც ცოცხალ გარემოში არსებობს, ადამიანურ ყოფას ავთენტურ სახეს აძლევს და კოლექტიური იდენტობის საფუძველს ქმნის.


1982 წელს, UNESCO-ს ინიციატივით მეხიკოში გამართულ მსოფლიო კონფერენციაზე კულტურული პოლიტიკის შესახებ, პირველად გამოიკვეთა ახალი მიდგომა: კულტურული მემკვიდრეობა მოიცავს არა მხოლოდ მატერიალურ ძეგლებს, არამედ იმ ცოცხალ ტრადიციებსა და გამოხატვის ფორმებსაც, რომლებიც თაობიდან თაობას გადაეცემა და რომელთა საფუძველზეც ყალიბდება თემისა და ერის იდენტობა. სწორედ ამ კონფერენციაზე დამკვიდრდა ტერმინი „არამატერიალური კულტურა“ და საერთაშორისო სამეცნიერო დისკურსის განუყოფელ ნაწილად იქცა.


იუნესკოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის საერთაშორისო ემბლემა

კონფერენციის კვალდაკვალ, UNESCO-მ განსაკუთრებული აქცენტები სულიერი კულტურის დაცვის მექანიზმების შემუშავებაზე გადაიტანა და საერთაშორისო საზოგადოებას რამდენიმე მნიშვნელოვანი პროექტი შესთავაზა: 1989 წელს  შეიმუშავა რეკომენდაციები ტრადიციული კულტურისა და ფოლკლორის დაცვის შესახებ;  1993 წელს გამოსცა „გაქრობის საშიშროების ქვეშ მყოფი ენების წითელი წიგნი“ და ატლასი;


საფრთხის წინაშე მყოფი მსოფლიო ენების ატლასი

1996 წელს წარმოადგინა მოხსენება „ჩვენი შემოქმედებითი მრავალფეროვნება“, სადაც მკაფიოდ აღინიშნა, რომ სათანადო ყურადღების მიღმა დარჩენილ სულიერი კულტურის მყიფე, ფაქიზ სფეროს მზრუნველობა და საერთაშორისო აღიარება ესაჭიროება.


ამ პროცესის ლოგიკური გაგრძელება გახდა 2001 წლის 18 მაისს გამოცხადებული „კაცობრიობის ზეპირი და ხელთუქმნელი მემკვიდრეობის“ პირველი ნუსხა, რომელშიც 19 შედევრი შევიდა. მათ შორის იყო ქართული მრავალხმიანობა - როგორც მსოფლიო უნიკალური ფენომენი.


ანსამბლი რუსთავი

ქართული პროექტი UNESCO-ში ანსამბლ „რუსთავის“ შესრულებული


ხალხური სიმღერების ჩანაწერებით იყო წარდგენილი   

1996 წელს წარმოადგინა მოხსენება „ჩვენი შემოქმედებითი მრავალფეროვნება“, სადაც მკაფიოდ აღინიშნა, რომ სათანადო ყურადღების მიღმა დარჩენილ სულიერი კულტურის მყიფე, ფაქიზ სფეროს მზრუნველობა და საერთაშორისო აღიარება ესაჭიროება.


ამ პროცესის ლოგიკური გაგრძელება გახდა 2001 წლის 18 მაისს გამოცხადებული „კაცობრიობის ზეპირი და ხელთუქმნელი მემკვიდრეობის“ პირველი ნუსხა, რომელშიც 19 შედევრი შევიდა. მათ შორის იყო ქართული მრავალხმიანობა - როგორც მსოფლიო უნიკალური ფენომენი.

შემდგომ წლებში სია გაფართოვდა და 2003, 2005 წლებში გამოცხადებულ მეორე და მესამე პროექტში სულ 90 შედევრი დაფიქსირდა. ბოლოს კი, 2008 წელს, „არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის დაცვის კონვენციის“ ძალაში შესვლის შემდეგ, ქართული მრავალხმიანობა UNESCO-ს მსოფლიო არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის წარმომადგენლობით ნუსხაში იქნა შეტანილი.  


ქართული მრავალხმიანობის აღიარების სულის ჩამდგმელი გამოჩენილი ფოლკლორისტი, ანსამბლ „რუსთავის“ დამფუძნებელი, ხალხური შემოქმედების ამაგდარი, მუსიკოსი - ანზორ ერქომაიშვილი იყო. 


ანზორ ერქომაიშვილი
ანზორ ერქომაიშვილი და ჰამლეტ გონაშვილი

2001 წელს UNESCO-მ ბატონი ანზორი სპეციალური მიწვევით ფოლკლორის საერთაშორისო კომისიაში მიიწვია. ხალხური ცეკვა, სიმღერა, რიტუალი, ტრადიცია თეატრალიზებული სანახაობა ...  სხვადასხვა ქვეყნიდან მიწვეულ 19 ექსპერტს ასობით ნიმუშს შორის ზეპირი და ხელთუქმნელი 19 შედევრი უნდა შეერჩია. 


ბატონი ანზორ ერქომაიშვილი ერთ-ერთ ინტერვიუში იხსენებს:

„ …შვიდი წელი გახლდით UNESCO-ს ფოლკლორის კომისიის წევრი და ჩემს ხელში გაიარა მთელი მსოფლიოს ფოლკლორმა, … უნდა წინდაწინ ვთქვა, რომ ქართული პროექტის მსგავსი არ ყოფილა. მე გახლდით იმ პროექტის ავტორი... ქართული პოლიფონია აღმოჩნდა მსოფლიოს ყველა ქვეყნის პოლიფონიური სიმღერების მაღლა მდგარი.”


ბატონ ანზორთან ერთად აღიარების თანამონაწილე და გულშემატკივარი საქართველოს მუდმივი წარმომამდგენელი UNESCO-ში, ექსპერტი ქალბატონი ნათელა ლაღიძე იყო. სამწუხაროა, რომ აღიარების ფოტომასალა და კადრები არსად მოიძებნა.


ამ ღირსშესანიშნავ ამბავს აღფრთოვანებით შეეგება მუსიკის მოყვარულთა საზოგადოება. უმალვე, ქართული კულტურისთვის უამრავი სასიკეთო ინიციატივა და პროექტი გაჩნდა:


ანსამბლი შავნაბადა, დემოკრატიის მსოფლიო ფორუმი,2019

2003 წელს, იუნესკოს მხარდაჭერით, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში ჩამოყალიბდა „ტრადიციული მრავალხმიანობის კვლევის საერთაშორისო ცენტრი“. 2003-2007 წლებში ამ ცენტრმა და „ქართული ხალხური სიმღერის საერთაშორისო ცენტრმა“, იუნესკოსა და იაპონური ფონდი Fund in Trust-ის დაფინანსებით, განახორციელა პროგრამა „ქართული პოლიფონიის დაცვა და განვითარება“; პროგრამის ფარგლებში ქართველ მეცნიერთა ნაშრომები ხელმისაწვდომი გახდა უცხოელი სპეციალისტებისთვის.


აღსანიშნავია, რომ ერთ-ერთ პირველ კრებულში გამოქვეყნდა მე-19 სკ-ის პოეტის, პუბლიცისტის, ისტორიკოსის ალექსანდრე ჯამბაკურ-ორბელიანის (1802-1869) წერილი „ივერიელთა გალობა, სიმღერა და ღიღინი“, ილია ჭავჭავაძის(1837-1907) „ქართული ხალხური სიმღერა“. ასევე დიმიტრი არაყიშვილის (1973-1953), ივანე ჯავახიშვილის (1876-1940) და სხვათა წერილები და ნაშრომები. 


ალექსანდრე ჯამბაკურ-ორბელიანი, საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა


ხალხური სიმღერების ადგილობრივი ოსტატების ხელმძღვანელობით რეგიონებში გაიხსნა სალოტბარო სკოლები;  ასობით მოზარდი ინტერესით ჩაერთო ხალხური სიმღერის შესწავლაში. 2001 წლის აღიარების შემდეგ მნიშვნელოვნად გაიზარდა უცხოელ მეცნიერთა დაინტერესებაც. მრავალხმიანობას ქართველებთან ერთად იკვლევენ, სწავლობენ და ასრულებენ უცხოელი ეთნომუსიკოსები, მუსიკოსები, მოყვარულები. 


ქართული ხალხური სიმღერის შემსრულებლები


2002 წლიდან, ტრადიციული მრავალხმიანობის ცენტრი, ქალბატონ რუსუდან წურწუმიას ხელმძღვანელობით, რეგურალურად მასპინძლობს საერთაშორისო სიმპოზიუმს. მას, როგორც წესი, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ეთნომუსიკოლოგები, ეთნოლოგები, მუსიკათმცოდნეები, ხალხური სიმღერის შემსრულებლები სტუმრობენ.


სიმპოზიუმის პოსტერი


ჯერ კიდევ უცნობი ნიმუშების მოსაძიებლად ეთნომუსიკოლოგები, ფოლკლორისტები მართავენ ექსპედიციებს, იკვლევენ უცხო ქვეყნებში საუკუნეების წინ გადასახლებული ქართველების ფოლკლორს, ამა თუ იმ სიმღერის სოციო-კულტურულ ასპექტებს; 


ექპედიცია, ინეგოლის რეგიონში (თურქეთი) მცხოვრებ ქართელებთან, ტრადიციული პოლიფონიის კვლევის ცენტრი, 2015

ცალკე მიმართულებად გამოიკვეთა ტრადიციული საგალობლების შესწავლა-კვლევა. 2015 წლიდან საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრმა დაიწყო ქართული ტრადიციული გალობის ანთოლოგიის ტომეულის გამოცემა. მასში თავმოყრილია XIX-XX საუკუნეების მიჯნაზე გამოცემული თუ ხელნაწერ კრებულებში დაფიქსირებული საგალობლები. ამჟამად საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომია 29 ტომი და გამოცემა კვლავ გრძელდება.  


ქართული გალობის ანთოლოგია
იალონის ანსამბლი

2021 წელს "ქართულ ტრადიციულ საეკლესიო მუსიკას - ქართულ გალობას“ არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა.


და ბოლოს, ქართული მრავალხმიანობის საერთაშორისო აღიარებამ თვალნათლივ აჩვენა, რომ კულტურული მრავალფეროვნება, სულიერი ტრადიციები და სამეცნიერო გამოცდილება არა მხოლოდ ეროვნული, არამედ გლობალური მნიშვნელობის მოვლენაა, რომელიც საერთაშორისო თანამშრომლობისა და დიპლომატიის წარმატების ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო მაგალითია.