მეფე ერეკლე კახეთის მეფის, თეიმურაზ II-ის ვაჟი იყო. მეფე თეიმურაზ II კახეთს 1709-1744 წლებში განაგებდა (ჯერ როგორც უბრალოდ გამგებელი, შემდეგ კი - მეფე, 1744 წელს ის ქართლში გამეფდა). საინტერესოა რომ თეიმურაზის მამა, ერეკლე I (1688-1709), და ძმა - კონსტანტინე II (1722-1732), მაინცდამაინც არ გამოირჩეოდნენ არც სარწმუნოების და არც მაღალი იდეალების ერთგულებით. მათი ბიოგრაფია ცხადყოფს, რომ მათთვის ძალაუფლება უფრო მნიშვნელოვანი იყო, ვიდრე ქართლ-კახეთის კეთილდღეობა და მეზობელ მმართველებთან მშვიდობიანი ურთიერთობა. როგორც ჩანს, მამისა და ძმისგან განსხვავებით, თეიმურაზს მტკიცედ ჰქონდა გადაწყვეტილი ქრისტიანობის დაცვა და რუსეთთან კავშირის დამყარება მუსლიმი მეზობლებისგან თავდაცვის მიზნით. ერეკლეს დედა, თამარი, ვახტანგ VI-ის ქალიშვილი იყო, ასე რომ 1720 წლის 7 ნოემბერს თელავში დაბადებულმა უფლისწულმა აღმოსავლეთ საქართველოს ბაგრატიონთა ორივე შტო კვლავ გააერთიანა.
.jpg)
მეფე თეიმურაზ II
ახალგაზრდა უფლისწული ქართლ-კახეთისათვის მძიმე ჟამს იზრდებოდა. მამამისი ყოველმხრივ ცდილობდა ქვეყნის დაცვას, რაც მას მეტნაკლები წარმატებით გამოსდიოდა. პირველი საბრძოლო ნათლობა ერეკლემ 1735 წელს მიიღო, როდესაც მისი მეთაურობით ქართულმა ჯარმა ქიზიყში შემოჭრილი ლეკები დაამარცხა. გადმოცემის თანახმად, სწორედ ამ ბრძოლის შემდეგ შეარქვა მას ხალხმა ,,პატარ კახი’’. ერეკლეს წინ კიდევ უფრო მეტი გამოცდა და თავგადასავალი ელოდა. 1737 წელს ის ირანში წავიდა, რათა ირანის ძლევამოსილი მმართველის, ნადირ შაჰის (1737-1747) მიერ ინდოეთში მოწყობილ სამხედრო ექსპედიციაში მიეღო მონაწილეობა. თეიმურაზმა ახალგაზრდა ვაჟთან ერთად დიპლომატიის გზით მოახერხა ნადირ შაჰის დათანხმება, რათა შაჰს მათთვის ქრისტიანული მეფედკურთხევის ნებართვა მიეცა. შაჰი დათანხმდა და ასზე მეტი წლის შემდეგ მეფე თეიმურაზი ქრისტიანული წესით ეკურთხა მცხეთაში (1745 წელს). თეიმურაზი ქართლს განაგებდა, ხოლო ახალგაზრდა ერეკლე - კახეთს.
.png)
მეფე ერეკლე II
თეიმურაზისა და ერეკლეს მმართველობას მთავარ დაბრკოლებას უქმნიდა ქართული ფეოდალური სისტემა. მთელი რიგი ფაქტორების გამო, საქართველოში ვერ განვითარდა აბსოლუტიზმი, როგორც ეს ევროპაში მოხდა. დიდი თავადები მუდმივად ეწინააღმდეგებოდნენ ძალაუფლების ცენტრალიზაციას, თუმცა ქართლ-კახეთის მეფეებმა მაინც მიიღეს სათანადო ზომები მათი პოლიტიკური გავლენის შესაზღუდად. 1743-1744 წლებში მათ გააუქმეს ქსნისა და არაგვის საერისთავოები. თეიმურაზმა და ერეკლემ არა მხოლოდ ქართველი თავადების, არამედ მეზობელი მუსლიმური სახანოების დამორჩილებაც შესძლეს, რამაც ქართლ-კახეთის, როგორც ამიერკავკასიაში წამყვანი ძალის, პოზიციები გაამყარა. ქართლ-კახეთის ძლიერება გამოჩნდა აზატ-ხან ავღანთან ბრძოლაშიც. პუშტუნების სამხედრო ბელადს, აზატ-ხანს, ირანში გაბატონებდა სურდა. ძალაუფლებისთვის ბრძოლის ერთ-ერთ ეტაპზე ის ამიერკავკასიაშიც შემოიჭრა, თუმცა 1751 წელს ქართველებთან ბრძოლაში სასტიკად დამარცხდა. 1752 წელს ერეკლემ ამიერკავკასიაში ბატონიბისათვის საქართველოს ერთ-ერთი მთავარი მოქიშპე, ჰაჯი-ჩალაბ ყურბან-ოღლუც (1703-1755) დაამარცხა.
.png)
ნადირ შაჰი
სერიოზული წარმატებების მიუხედავად, ქართლ-კახეთის სტაბილურობას კვლავ მრავალი საფრთხე ემუქრებოდა. ნადირ შაჰის სიკვდილის შემდეგ (1747) ირანის ბატონობა აღმოსავლეთ საქართველოში მხოლოდ ნომინალურ ხასიათს ატარებდა, თუმცა ძირითადი საფრთხე ახლა დაღესტნის მთავრებისგან მოდიოდა (ზოგადად, ლეკიანობა საქართველოსთვის უმწვავეს პრობლემად იქცა). 1755-1757 წლებში ერეკლეს ლეკების მასობრივ შემოსევებთან მოუწია გამკლავება. ქართველებმა რამდენიმე ბრძოლაში დაამარცხეს ლეკთა მეთაურები - ნურსალ ბეგი და კოხტა ბელადი.
.jpg)
ლეკები
მუდმივი არასტაბილურობის გამო, ქართველი მეფეები რუსეთის იმპერიასთან კავშირს ეძებდნენ. ამ მიზნით მეფე თეიმურაზი 1760 წელს რუსეთში გაემგზავრა, სადაც გარდაიცვალა კიდეც 1762 წელს. მამის გარდაცვალების შემდეგ ერეკლე გაერთიანებული ქართლ-კახეთის მეფე გახდა. მართალია, თეიმურაზის იმჟამინდელმა მისიამ რუსეთში სასურველი შედეგი ვერ გამოიღო, მაგრამ ერეკლე აგრძელებდა რუსეთთან კავშირის დამყარების მცდელობებს, თუმცა წყაროებიდან აშკარაა, რომ ერეკლესთვის რუსეთი მაინცდამაინც სასურველი მოკავშირე არ ყოფილა. როგორც რუსი პოლკოვნიკი ბურნაშოვი წერდა, ერეკლესთვის მთავარ მიზანს ქართლ-კახეთის სამეფოს ევროპულ ყაიდაზე გარდაქმნა წარმოადგენდა, ამიტომ ცხადია რომ მისთვის გაცილებით სასურველი მოკავშირეები არა ,,ერთმორწმუნე რუსეთი’’, არამედ ევროპული სახელმწიფოები იყვნენ. მხოლოდ მას შემდეგ, რაც ერეკლეს ევროპულ სახელმწიფოებთან კავშირი ჩაეშალა (რაშიც დიდი წვლილი სწორედ რუსეთს მიუძღოდა), მან გეზი კვლავ ჩრდილოეთისკენ აიღო (რაც, კიდევ ერთხელ რომ გავიმეოროთ, არა ერეკლეს რუსეთისადმი სიმპათიით, არამედ მისი გამოუვალი მდგომარებით იყო გამოწვეული).
საგარეო საფრთხეების მიუხედავად, მეფე ერეკლე აქტიურად ზრუნავდა ქვეყნის განვითარებაზე. კულტურულ მოღვაწეობაში მას ფასდაუდებელ დახმარებას უწევდა მისი ბიძაშვილი, კათალიკოსი ანტონ I (1744-1756/1763-1788). ანტონ კათალიკოსსა და მის გარშემო შემოკრებილ მოღვაწეთა სახელს უკავშირდება სხვადასხვა ხასიათის (ფილოსოფიური, თეოლოგიური, საბუნებისმეტყველო და ა.შ.) ლიტერატურის ქართულად თარგმნა. მეფე ერეკლე ზრუნავდა სამეფოს ეკონომიკაზეც. ამ მიზნით მან დაარსა შაქრის, მინის, შალისა და იარაღის ქარხნები. ის ასევე ზრუნავდა სამთამადნო წარმოების განვითარებაზე. ერეკლემ აღადგინა სტამბა და ზარაფხანა, ასევე გაატარა სასამართლო რეფორმა, რაც ქართლ-კახეთის სამეფოსათვის იმ დროს აუცილებელი იყო.
1760-იანი წლების დასაწყისისათვის, ქართლ-კახეთის სამეფომ გარკვეულ სტაბილურობას მიაღწია. ერეკლეს მიერ გატარებულმა სამხედრო-პოლიტიკურმა, ეკონომიკურმა, კულტურულმა და სოციალურმა რეფორმებმა განამტკიცა ქართლ-კახეთის სამეფოს უპირატესი მდგომარეობა ამიერკავკასიაში. მან ჩაშალა 1765 წელს ვახტანგ მეექვსის ვაჟის, პაატა ბატონიშვილის მიერ სამეფო ხელისუფლების წინააღმდეგ მოწყობილი შეთქმულება, გაანადგურა სამეფო ტახტის აშკარა მოწინააღმდეგები და განიმტკიცა ძალაუფლება. ახლა ერეკლეს უფრო ფართო გეგმები ჰქონდა. მას სურდა კავკასიაში რუსეთის ინტერესები საქართველოს სასარგებლოდ გამოეყენებინა. მაშინ როცა დასავლეთ ევროპის ქვეყნების ურთიერთობა ოსმალეთთან, ძირითადად, მშვიდობიან ხასიათს ატარებდა, რუსეთი აგრესიულად მიიწევდა წინ ბალკანეთში, შავ ზღვასა და კავკასიაში (თუმცა იმ ეტაპზე კავკასიას შედარებით ნაკლებ ყურადღებას აქცევდა). ახლოვდებოდა დიდი ომი რუსეთისა და ოსმალეთის იმპერიებს შორის და შესაძლოა ეს ომი პატარა ქვეყნებისთვის დიდი შანსად ქცეულიყო. ერეკლე სწორედ ამ შანსის გამოყენებას აპირებდა. გარდა იმისა რომ ეს შანსი რუსეთის იმპერიისა და ქართლ-კახეთის მოკავშირეობას და, შესაბამისად, ქართლ-კახეთისათვის უსაფრთხოების გარანტიებს ჰგულისმხობდა, ერეკლე ამ ომში ახალციხის საფაშოს, ანუ სამცხე-საათაბაგოს დაბრუნების საშუალებასაც ხედავდა. ომი მართლაც დაიწყო 1768 წელს. რუსეთმა ამიერკავკასიაში ჯარი გამოგზავნა გერმანელი გენერლის, გოტლიბ ტოტლებენის მეთაურობით. ერეკლე რუსთა დამხმარე ჯარის საქართველოში შემოსვლას დიდი სიხარულით შეხვდა, თუმცა რუსეთის მოიმედე ქართველებს დიდი იმედგაცრუება ელოდათ. ტოტლებენმა თავისი ქედმაღლური და სულელური ქმედებებით მხოლოდ ზიანი მოუტანა ქართულ-რუსულ ურთიერთობებს. მართალია, ერეკლემ 1770 წელს ასპინძის ბრძოლაში ოსმალები სასტიკად დაამარცხა, ამ ბრძოლით მას რეალური შედეგი არ მიუღია. მდგომარეობის გამოსწორება ვერ შესძლო ვერც ტოტლებენის შემდეგ გამოგზავნილმა გენერალმა სუხოტინმა. ასე რომ 1768-1774 წლების რუსეთ-ოსმალეთის ომი ქართლ-კახეთის სამეფოსთვის სასურველი შედეგებით არ დამთავრებულა.
1770-იან წლებში ერეკლეს კვლავ მრავალ სირთულესთან უწევდა გამკლავება. კერძოდ კი მის წინააღმდეგ რამდენჯერმე მოაწყვეს შეთქმულება. მას კვლავ მოუწია ლეკთა რამდენიმე სერიოზული თავდასხმის მოგერიება, თუმცა ახლო აღმოსავლეთის ასპარეზზე ერეკლესთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ირანის მმართველის, ქერიმ ხანის (1751-1779), გარდაცვალება აღმოჩნდა. ათწლეულების განმავლობაში ერეკლეს ქერიმ ხანთან შესანიშნავი ურთიერთობა ჩამოუყალიბდა, რითაც ქართველი მეფე ძალიან დიდ პოლიტიკურ სარგებელს იღებდა, კერძოდ კი, ირანი ქართლ-კახეთს აღარ ავიწროვებდა და ფორმალური უზენაესობის აღიარებას სჯერდებოდა. საქართველოსთვის საუბედუროდ, რამდენიმე წელში ირანში ძალაუფლება ყაჯართა დინასტიის დამფუძნებელმა, აღა მაჰმად ხანმა (1794-1797) აიღო, რომელიც შიშით უცქერდა ერეკლეს მცდელობებს ამიერკავკასიაში რუსეთი შემოეყვანა.
.jpg)
აღა მაჰმად ხან ყაჯარი
მას შემდეგ რაც მეფე ერეკლემ კვლავ სცადა დასავლეთ ევროპასთან დაკავშირება, მაგრამ ეს მცდელობა წარუმატებლად დასრულდა, მან კვლავ რუსეთს მიმართა. რუსეთის საიმპერატორო კარმა ჩათვალა რომ მდგომარეობა მომწიფებული იყო, ამიტომ გადაწყვიტა ქართლ-კახეთის სამეფოსთან ხელშეკრულება გაეფორმებინა. ეს ხელშეკრულება იყო ტრაქტატი მფარველობის შესახებ, რომელიც 1783 წლის 24 ივლისს იქნა გაფორმებული. ტრაქტატის თანახმად, მეფე ერეკლე მეორე აღიარებდა რუსეთის იმპერატორის უზენაესობას, საგარეო პოლიტიკაში მიჰყვებოდა რუსეთის იმპერატორის ნებას, თუმცა ინარჩუნებდა შიდა ავტონომიას. საქართველოში რუსთა ჯარი შემოვიდა.
თუმცა, გეორგიევსკის ტრაქტატის გაფორმებას რეალური შედეგი არ მოჰყოლია. რუსთა ჯარი არ იყო საკმარისი, რათა ერეკლე ქართლ-კახეთში შემოჭრილ სულეიმან ფაშასა (1784) და ომარ ხანს (1785) გამკლავებოდა. მეტიც, რამდენიმე წელიწადში რუსებმა საქართველიო საერთოდ დატოვეს. ერეკლე იძულებული იყო რათა ოსმალეთთან მოეგვარებინა ურთიერთობა, რათა სამეფოსთვის დამატებითი საფრთხე არ შეექმნა. სწორედ ეს იყო მთავარი მიზეზი, რის გამოც ერეკლემ 1789 წელს დასავლეთ საქართველოდან მოვლენილ დელეგაციას, რომელმაც მას იმერეთის ტახტი (პრაქტიკულად ერთიანი საქართველოს ტახტი) შესთავაზა, უარი უთრხა. 1555 წლის ამასიის ზავის თანახმად, საქართველო ოსმალეთსა და ირანს ჰქონდათ გაყოფილი (დასავლეთ საქართველო ოსმალეთს ერგო, ხოლო აღმოსავლეთი - ირანს). საქართველოს გაერთიანება კი დასუსტებული, თუმცა საქართველოსთვის მაინც საშიში, ოსმალეთის იმპერიის გადამტერებას და ქვეყნის აოხრებას გამოიწვევდა.
.jpg)
გეორგიევსკის ტრაქტატი
ფაქტი ისაა რომ რუსეთმა ერეკლე ირანს შეატოვა. ამიერკავკასიაში რუსეთის შემოსვლით შეშინებული, მოხუც ქართველ მეფეზე გაბოროტებული აღა მაჰმად ხან ყაჯარი 1795 წელს ქართველების დასჯის მიზნით ქართლ-კახეთში შემოიჭრა. რამდენიმედღიანი სისხლისმღვრელი ბრძოლის შემდეგ აღა მაჰმად ხანმა თბილისი აიღო (11 სექტემბერს) და სასტიკად ააოხრა, თუმცა მას მალევე მოუწია საქართველოს დატოვება, მეორედ შემოსევა კი ვეღარ მოახერხა, რადგან 1797 წელს ის შეთქმულებმა მოკლეს.
.jpg)
მფე ერეკლეს სასახლე თელავში
.jpg)
ქალაქი თელავი
თბილისის დაცემის შემდეგ მეფე ერეკლემ კიდევ სამი წელი იცოცხლა. მართალია, ის მთელი თავისი ხანგრძლივი სიცოცხლის მანძილზე ქართლ-კახეთის სამეფოს გაძლიერებისთვის იბრძოდა და ყველაფერი გააკეთა ამისთვის, თუმცა, საუკუნის დასასრულს ობიექტური მიზეზების გამო, ქართლ-კახეთი დასუსტებული შეხვდა (თუმცა მისი მდგომარეობა არ ყოფილა ისეთი მძიმე, როგორც ამას საბჭოთა ისტორიოგრაფია ხატავდა, რათა რუსეთის მიერ საქართველოს ანექსია გაემართლებინა). ერეკლემ სიცოცხლის ბოლო დღეები თელავში გაატარა და 1798 წლის 11 იანვარს იმავე ოთახში გარდაიცვალა, სადაც დაიბადა. მისი სიკვდილიდან სულ რაღაც სამ წელიწადში რუსეთის იმპერიამ ქართლ-კახეთის სამეფო გააუქმა.